,,მიღწევებით ვბრუნდებით. სხვა კატეგორიაში გადაინაცვლა საქართველოს წარმომადგენლობამ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში”, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა განაცხადა.
„მნიშვნელოვანი იყო საქართველოს ინტერესების დაცვა როგორც მრავალმხრივ პლატფორმებზე, ასევე ორმხრივად, ჩვენს პარტნიორებთან. იყო ინფორმაციის მიწოდება იმ საკითხებზე, რაც არის პირველ რიგში ფაქტებზე დამყარებული.
მიღწევებით ვბრუნდებით. სხვა კატეგორიაში გადაინაცვლა საქართველოს წარმომადგენლობამ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში, რაც გულისხმობს ყოვლისმომცველი უსაფრთხოების პარტნიორობას. ეს კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას უხსნის საქართველოს დელეგაციას საკუთარი ინტერესები და თავისი მოქალაქეების კონსტიტუციურად გამყარებული ევროატლანტიკური მისწრაფება დაიცვას“, – აღნიშნა ლაშხმა.
ცნობისთვის, 11-13 ოქტომბერს, სლოვენიის დედაქალაქ ლიუბლიანაში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის რიგით 71-ე წლიური სესია ჩატარდა, რომელშიც ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედმა დელეგაციამ ნიკოლოზ სამხარაძის (დელეგაციის ხელმძღვანელი), მარიამ ლაშხისა და ლევან მახაშვილის შემადგენლობით მიიღო მონაწილეობა.