საჩხერეში, თოდაძის ციხის ფერდზე მიმდინარე არქეოლოგიური სამუშაოების 2025 წლის სეზონი დასრულდა. საველე სამუშაოები 1 ოქტომბრიდან 12 ოქტომბრის ჩათვლით მიმდინარეობდა.
თოდაძის ციხის ფერდის არქეოლოგიური შესწავლის დაწყება ცნობილი ისტორიკოსისა და არქეოლოგის, პროფესორ ზურაბ ბრაგვაძის სახელს უკავშირდება. მისი ხელმძღვანელობითაც ამ ტერიტორიაზე პირველი არქეოლოგიური გათხრები 2022 წელს ჩატარდა რა დროსაც ციხის სამხრეთ ფერდზე გამოვლინდა ადრეული ბრინჯაოს ხანის – მტკვარ-არაქსული კულტურული ფენა, წინარე-ანტიკური პერიოდის კედლის ნაშთი, ელინისტური და გვიანანტიკური სამაროვანი და ადრე შუა საუკუნეების ნამოსახლარი.
2025 წელს ჩატარებულმა ექსპედიციამ მრავალფენიან არქეოლოგიურ ძეგლზე ბევრი სიახლე გამოვლინდა. განსაკუთრებით აღსანიშნია გვიან ბრინჯაოს პერიოდის სამეურნეო ორმოების შესწავლა, წინარე-ანტიკური ხანის კედლების სტრუქტურის დაფიქსირება პირვანდელ მდგომარეობაში. ასევე აღსანიშნია მტკვარ-არაქსული პერიოდის კერამიკული მასალის აღმოჩენა თოდაძის ციხის ფერდის ჩრდილო-დასავლეთ არეალში და ელინისტური ხანის სამაჯურის გამოვლენა 2022 წელს აღმოჩენილ სამარხის სიახლოვეს გაკეთებულ თხრილში.
ექსპედიციის ხელმძღვანელი, არქეოლოგიის დოქტორი დავით დარეჯანაშვილი ძეგლის შესწავლის გაგრძელებას მნიშვნელოვან საქმედ მიიჩნევს და ამბობს რომ თოდაძის ციხის ფერდზე მტკვარ-არაქსული კულტურისა და გვიან-ბრინჯაოს ხანის ფენების შესწავლამ შესაძლოა სრულიად ახლებურად დაგვანახოს ისტორიული არგვეთის ტერიტორიაზე არსებული ამ პერიოდის ძეგლებისა და ეპოქების რაობა. ასევე ძალზედ მნიშვნელოვანია ელინისტური ხანის სამაროვნის გაგრძელების აღმოჩენა, რაც საშუალებას მოგვცემს ამ პერიოდის სამაროვნის დეტალური დათარიღება მოვახდინოთ და უკეთესად შევიტყოთ ძვ.წ III-II საუკუნეების მოსახლეობის ცხოვრების შესახებ.
ექსპედიციის დასრულების შემდეგ ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიხსნა საინფორმაციო დაფა, რომელზეც ხაზგასმულია ძეგლის მნიშვნელობა და მისი შესწავლის საქმეში ზურაბ ბრაგვაძის დამსახურება. საინფორმაციო დაფის გახსნას არქეოლოგიური ექსპედიციის წევრები, საჩხერის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის თანამშრომლები და ზურაბ ბრაგვაძის ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.
2025 წელს, თოდაძის ციხის ფერდზე არქეოლოგიური გათხრები დავით დარეჯანაშვილის ხელმძღვანელობით კომპანია „ლეიერკოს“ ეგიდითა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.