“ლევან ჯანგველაძის მკვლელობა დაგეგმილი არ მქონდა, ეს იყო სპონტანური; როგორ შეიძლება, ჯანმრთელმა ადამიანმა მკვლელობა დაგეგმოს შუა ჭავჭავაძეზე?” – გელა უძილაური

“ლევან ჯანგველაძის მკვლელობა დაგეგმილი არ მქონდა, ეს იყო სპონტანური. როგორ შეიძლება, ჯანმრთელმა ადამიანმა მკვლელობა დაგეგმოს შუა ჭავჭავაძეზე?”, – ამის შესახებ ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში ბრალდებულმა გელა უძილაურმა სასამართლო პროცესზე, ჩვენების მიცემისას განაცხადა.

როგორც უძილაურმა თქვა, 2022 წელს ლევან ჯანგველაძესთან კიევში ფიზიკური დაპირისპირება მოუვიდა.

“2022 წელს ვიყავი უკრაინაში. 2 თვე მომიწია ცხოვრება. საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა არ მიმიღია, ფიზიკური მომზადების ინსტრუქტორად ვმუშაობდი. იქ გავიცანი სერგეი ბინდარენკო, ჩემი ძმაკაცია. სერგეის ჰქონდა თავისი ბიტკოინების ქარხანა. ქარხანა მას წაართვეს მოსკოვში ცნობილმა კრიმინალებმა, ერთ-ერთი ლევან ჯანგველაძე იყო ჩართული…ლევანთან „სკაიპით“ დავკონტაქტდი [სერგეის მეშვეობით]…

ემოციის გარეშე ვერ ვისაუბრებ. მე და სერგეი მივედით ლევანთან შეხვედრის ადგილას. მოვიდნენ, 8-10 კაცი იქნებოდა. ძალიან საზიზღრად მოგვექცნენ, გადაგვიარეს. ჩაგვყარეს „ბაგაჟნიკებში“ და წაგვიყვანეს სადღაც. უზომოდ შეურაცხყოფილები და გასაზიზღრებულები დაგვტოვეს. იქედან წამოვედი საქართველოში…. მაინტერესებდა ლევანის პიროვნება, ვინ იყო, რა იყო. ადამიანი რომ ძაღლს ჯოხს დაარტყამს, ძაღლსაც აქვს აგრესია და მე ადამიანი ვარ და ჩემი ღირსება მაქვს და ვიღაც რომ ბევრი ფული აქვს და ა.შ. ასე არ არის, რა. შეურაცხყოფილი ვიყავი. ვიცოდი, რომ ლევანი იშვიათად ჩამოდიოდა საქართველოში, მაგრამ ინფორმაციის დონეზე მისით სულ ვინტერესდებოდი, მინდოდა დალაპარაკება. მინდოდა მეთქვა, როგორც შენ მოგვექეცი, მაგის საჭიროება არ იყო-მეთქი… პირდაპირ გეტყვით, რომ ლევანთან პირდაპირი კონფლიქტი არ მაწყობდა.

13 მარტს სერგეი მოვიკითხე, რომელმაც მითხრა, ლევანის ახლო მეგობარი დაიღუპა საქართველოშიო. ვუთხარი მისამართი და გარდაცვლილის სახელი და გვარი გამიგე-მეთქი. მითხრა, გურამ გოგია, რომელიც ჭავჭავაძის დასაწყისში ცხოვრობსო.

ვიყავი ჭავჭავაძეზე და ვნახე მისამართი, სამძიმარი სადაც იყო. მერე წავედი სახლში. შაბათს იყო დასაფლავება… პარასკევს საღამოს სახლიდან რომ გამოვედი, თხელი კლასიკური ჩასაცმელი მეცვა. ხელში მეჭირა „ცელოფანი“. იარაღი, რომელიც მქონდა, გარდაცვლილი მეგობრის, ვალერი თანიშვილის ნაჩუქარი იყო….

მოკლედ, ჩემი დღის რეჟიმი იყო ასეთი, ლევანის ან ვნახავდი ან არ ვნახავდი. პარასკევს მინდოდა ლევანის ნახვა, ცოტა რთული მოსაყოლია…

[ჭავჭავაძის გამზირზე] ლევანმა რომ გამიარა, ძალიან დამაკვირდა, ადამიანი რომ სადღაც გინახავს და ვერ იცნობ, ამდაგვარი სახე ჰქონდა. ვაპირებდი, რომ გამოვლაპარაკებოდი და მეთქვა, მაშინ შენ რაც გაგვიკეთე, ამის საჭიროებას არ წარმოადგენდა-მეთქი. აღელვებული ვიყავი ბატონო მოსამართლე. არ მინდოდა პირდაპირ კონფლიქტში შევსულიყავი ლევანთან. ვიფიქრე, პანაშვიდზე ხომ ავა და რომ ჩამოვა… მოკლედ, ლევანი ჩამოვიდა, მარტო იყო, ასე დავინახე. რომ ჩამოვიდა, სკამზე ვიჯექი და ფეხზე დავდექი. ცივილურად მინდოდა დავლაპარაკებოდი. თან თითქოს ჩაილაპარაკა, აი, სადღაც რომ ადამიანი გყავს ნანახი, ეგრე. ვიფიქრე დაველაპარაკები-მეთქი. რომ გამოიარა – შემომხედა, მაგრამ არ გაჩერდა. ჩქარა მიდიოდა, მეც ჩქარა მივდიოდი… ერთი შემოტრიალება შემოტრიალდა, რომ შემომხედა – დავინახე, დაძახებას ვაპირებდი და როგორც კი „რესკად“ შემოტრიალდა, შემომხედა და მეც შევხედე.

ერთი წამი ვიფიქრე, იარაღს აიღებს-მეთქი ზუსტად იმ თვალებით მიყურებდა, „სკაიპში“ რომ მითხრა: „შენ მოგაქცევენ ყურადღებასო“. შემოტრიალდა და თავი ვერ გავაკონტროლე. მინდოდა დამეჭრა. ნერვები აღარ მყოფნიდა, არ ვიცი. რომ ამოვიღე და გავისროლე, პირველ გასროლაზე ვამბობ, ლევანს არ მოხვედრია… წაიქცა და ვუთხარი, არ ამოიღო იარაღი და არ გაინძრე-მეთქი… სანამ ამოიღებდა იარაღს, ვესროლე და წაიქცა… რამდენიმე გასროლა ჰაერში გავისროლე, არადა [ერთ პირს ფეხში მოხვედრია]…

მერე წავედი ყინწვისის მონასტერში. მართლა ასეთი განცდა მქონდა, რომ ლევანი დაჭრილი მეგონა და გავიფიქრე, ნეტა გადარჩეს-მეთქი. ტანსაცმელი გამოვიცვალე. მერე მეორედ მინდოდა მონასტერში წასვლა და შემდეგ პოლიციას ჩავბარებოდი. სანამ მეორედ მონასტერში წავიდოდი, შევედი სასტუმროში, მაინტერესებდა ლევანის მდგომარეობა. ეს ხდება კვირას და მე ორშაბათს ვაპირებდი პოლიციაში ჩაბარებას. სასტუმროში რომ მივედი, არეული ვიყავი“, – განაცხადა უძილაურმა.

უძილაური დღეს პროცესზე მოწმის სახით იკითხება.

ამ წუთებში, ის ბრალდების მხარის კითხვებს პასუხობს.

ცნობისთვის, ლევან ჯანგველაძის ანგარებით, შეკვეთით მკვლელობის ბრალდებით გელა უძილაურია დაკავებული – შემთხვევა 2025 წლის 14 მარტს 23:30 საათზე თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები