თბილისში “კლასიკური გიტარის შემსრულებელთა საერთაშორისო კონკურსი“ ჩატარდება. ამის შესახებ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე კონკურსის დამფუძნებელმა, გიტარისტმა და ხმის რეჟისორმა, დავით ხოსიტაშვილმა, ამავე კონკურსის დამფუძნებელმა და ჟიურის წევრმა, გიტარისტმა, ვაჩე ლალიაშვილმა და ფრანკფურტის მუსიკის უნივერსიტეტის დოცენტმა, დავით კვარაცხელიამ განაცხადეს.
ორგანიზატორების თქმით,თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში კონკურსის პირველი და მეორე ტური 17-18 ოქტომბერს გაიმართება, 19 ოქტომბერს კი გალაკონცერტი ჩატარდება. მათივე ინფორმაციით, კონკურსი წელს მეცხრედ ტარდება და მასში მონაწილეობას უცხოელი შემსრულებლებიც მიიღებენ. კონკურსი საქართველოს კულტურის სამინისტროს, სახელმწიფო კამერული ორკესტრის „Georgian Sinfonietta-ს” და მუსიკალური კომპანია „აკუსტიკის“ მხარდაჭერით ტარდება.
“ჩემი სტუდენტობიდან მოყოლებული ძალიან მინდოდა, რომ კლასიკური გიტარის კონკურსი, ან ფესტივალი ჩვენთანაც გამართულიყო, რაც, სამწუხაროდ, თითქმის არ იყო. სხვა ქვეყანაში გამგზავრებას კი ხარჯები უნდოდა. სტუდენტებისთვის კი ეს ძნელი იყო. ერთ-ერთ ფესტივალზე მე და დათო ხოსიტაშვილს იდეა მოგვივიდა, რომ ჩვენ მოგვესინჯა, კლასიკური გიტარის შემსრულებელთა კონკურსი, ან ფესტივალი გაგვეკეთებინა. საბოლოოდ, კონკურსზე ჩამოვყალიბდით, ამ ყველაფერს ძალიან დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. ჩვენი მიზანი იყო, რომ ამ ინსტრუმენტისთვის პოპულარიზაცია გაგვეწია, რადგან საქართველოში როგორც კლასიკური შესრულება (არა საესტრადო), თითქოს , დაჩაგრულივით იყო. მგონი, რაღაც დოზით გამოგვივიდა. პოპულარიზაცია საკმაოდ გავუკეთეთ. გვერდში არაერთი ორგანიზაცია დაგვიდგა, მათ შორის, კულტურის სამინისტრო. ყველას არ ჩამოვთვლი, რომ ვინმე არ გამომრჩეს. წელს კონკურსი მეცხრედ ტარდება და 17-18 ოქტომბერს იქნება, 19 ოქტომბერს კი გალაკონცერტი გაიმართება. სტუმრები სხვადასხვა ქვეყნიდან გვყავს, ასევე არიან ქართველებიც”, – განაცხადა ვაჩე ლალიაშვილმა.
დავით ხოსიტაშვილის თქმით, ბოლო წლებია კონკურსისთვის უცხოელი გიტარისტები აქტიურად ჩამოდიან, რასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან კლასიკური გიტარის პოპულარიზაცია მხოლოდ ლოკალურად ვერ მოხდება.
“კონკურსი კონსერვატორიაში ტარდება. პირველი ტური 17-ში იქნება, სადაც კონკურსანტების შეფასება მოხდება, 19-ში გალაკონცერტი ჩატარდება, სადაც უკვე გაირკვევა – ვინ იქნება გამარჯვებული. ამ ყველაფერს პატარა კონცერტის ფორმატი ექნება. რა თქმა უნდა, კონკურსს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. თავიდან რომ დავიწყეთ, ლოკალური მასშტაბის იყო, მხოლოდ ქართველი კონკურსანტები მონაწილეობდნენ, მაგრამ ახლა მასშტაბები გაგვეზარდა, საკმაოდ ბევრი უცხოელი მუსიკოსი ჩამოდის. ჩვენი კონკურსი უკვე მეცხრედ ტარდება და ბოლო წლებია, უცხოელი გიტარისტები აქტიურად ჩამოდიან. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან კლასიკური გიტარის პოპულარიზაცია მხოლოდ ლოკალურად ვერ მოხდება, ეს საერთაშორისო მასშტაბით უნდა იყოს.
მინდა აღვნიშნო, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს ძალიან დიდი დამსახურება მიუძღვის, ჩვენი ინფორმაციის გავრცელებაში ძალიან დაგვეხმარა. უცხოელმა მუსიკოსებმა ჩვენს შესახებ ინფორმაცია სწორედ მათი საშუალებით მიიღეს. ასევე, აღვნიშნავ კულტურის სამინისტროს, რომელიც ჩვენს კონკურსს, თითქმის დაარსების დღიდან გვერდით ედგა და დღესაც, კონკურსი მათი მხარდაჭერით ტარდება. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია სხვა მეგობრების, პარტნიორების დახმარება, მაგალითად მუსიკალური კომპანიის “აკუსტიკა”, რომელიც კონკურსში ყოველგვარი თხოვნებისა და ზედმეტი რაღაცების გარეშე ძალიან აქტიურად ჩაება, რადგან მათ მუსიკა ძალიან უყვართ. ასევე, რა თქმა უნდა, ” საქართველოს სიმფონიეტა”, რომელიც საუკეთესო კამერული ორკესტრია, ბაროკოს მუსიკას ასრულებს და ამიერკავკასიაში, მგონი, ერთადერთია. ისინი გვერდით ძალიან აქტიურად გვიდგანან. მათი სამხატვრო ხელმძღვანელი გიორგი ქერელაშვილი ჩვენი ჟიურის წევრიცაა. მათ პრიზიც აქვთ დაწესებული: ჩვენი გამარჯვებული შემდეგ წელს ნაწარმოებს მათ ორკესტრთან ერთად შეასრულებს. ეს ძალიან დიდი რაღაცაა, რადგან ძალიან დიდი ფუფუნებაა, როდესაც გიტარისტი კონცერტს ორკესტრთან ერთად ასრულებს.
უცხოეთში ჩვენი ცნობადობა გაიზარდა, თუ ადრე უცხოეთიდან ორი-სამი ადამიანი ჩამოდიოდა, დღეს გაცილებით მეტი ჩამოდის. მინდა, გითხრათ, რომ წელს კონკურსში უფრო მეტი უცხოელი მუსიკოსი მონაწილეობს, ვიდრე ქართველი. ეს, შეიძლება, რაღაც დოზით მიხარია კიდევაც, მაგრამ ვისურვებდი, რომ ქართველ მუსიკოსებს უფრო ეაქტიურათ და უფრო მეტი განაცხადი შემოსულიყო. იმედი მაქვს, რომ დაინახავენ როგორ ტარდება, რა ტარდება, ამ ყველაფერს ვიწერთ, ვიღებთ საზოგადოებისთვის და დავდებთ. კონკურსში მონაწილეობის მსურველებისთვის ეს ძალიან დიდი პლატფორმა იქნება იმისათვის, რომ თავი წარმოაჩინონ. ეს არ არის მხოლოდ ის, რომ “აი, მე ვჯობივარ, თუ ის ჯობია”, ეს უზარმაზარი გამოცდილებაა, რომელსაც მიიღებენ. წელს 12 კონკურსანტია დარეგისტირებული.
ამასთან, კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხს მინდა შევეხო: ესაა ჩვენს კონკურსში უცხოელი, პროფესიონალი მუსიკოსების ჩართულობა. რა თქმა უნდა, ძალიან გვინდა, რომ ჩვენს გიტარისტებთან ერთად ისეთი პროფესიონალები გამოდიოდნენ, რომლებიც ძალიან მაღალი დონის არიან, რადგან ეს წარმოაჩენს, თუ რამდენად საჭიროა კიდევ განვითარება და მუშაობა. ეს ჩვენი მუსიკოსებისთვის ერთგვარი სტიმული იქნება, მაგრამ ამისათვის ძალიან მნიშვნელოვანი ფინანსური მხარდაჭერაა საჭირო. ჩვენ ძალიან გვჭირდება ისეთი კომპანიებისა თუ საზოგადოების მხარდაჭერა, რომლებიც დაგვეხმარებიან; პრიზები, რაც დაწესებული გვაქვს ხოლმე, ადეკვატური რომ იყოს, დაიფაროს არა მარტო მათი ტრანსპორტირების ხარჯები, არამედ მათი აქ ცხოვრების ხარჯები. ეს, რა თქმა უნდა, მცირე არ არის. მაგალითად, ცოტა ხნის წინ ვსაუბრობდით, რომ გიტარის ტრანსპორტირებას ცალკე ბილეთი სჭირდება. ეს ძალიან რთულია, ამიტომ ჩვენ ყველა იმ კომპანიას, ორგანიზაციას, სტრუქტურას, თუ ნებისმიერ ინდივიდუალურ პიროვნებას მივესალმებით, რომელიც გვერდით დაგვიდგება და ამის ორგანიზებაში დაგვეხმარება. ეს შეიძლება, იყოს ნებისმიერი ბარტერის სახით, თუ პირდაპირი დაფინანსებით, უბრალოდ გვერდზე დგომით და მხარდაჭერით” – განაცხადა დავით ხოსიტაშვილმა.
დავით კვარაცხელიას თქმით, კონკურსის ფარგლებში მონაწილეებისა და მსურველებისათვის მასტერკლასები ჩატარდება.
“კონკურსს, რა თქმა უნდა, ნებისმიერი ასაკის შემსრულებლისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადგილზე ასეთი დონის კონკურსი არსებობდეს, სადაც მონაწილეებს შეეძლებათ, თავიანთი თავი გამოამჟღავნონ, ახალი რეპერტუარი გაიცნონ, მონაწილეობა, თუნდაც, მასტერკლასებში მიიღონ ანუ შემოქმედებითად გაიზარდონ. 18 ოქტომბერს, 14:00 საათიდან კონკურსის ფარგლებში მონაწილეებისათვის, მსურველებისათვის მასტერკლასებს ჩავატარებ”, – განაცხადა კვარაცხელიამ.