მაკა ბოჭორიშვილი: მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესების შეფასება ხდებოდეს ობიექტურად და ყურადღების მიღმა არ დაგვრჩეს სწორედ ის შეტევები, რაც ხორციელდება დემოკრატიულ ინსტიტუტებზე

მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესების შეფასება ხდებოდეს ობიექტურად და ყურადღების მიღმა არ დაგვრჩეს სწორედ ის შეტევები, რაც ხორციელდება დემოკრატიულ ინსტიტუტებზე, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარესთან, ფინეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ელინა ვალტონენთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, დემოკრატიული სახელმწიფოსთვის არ არის ნორმალური დემოკრატიულ ინსტიტუტებზე შეტევაზე თვალის დახუჭვა და გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ადამიანებს, მოქალაქეებს, ამომრჩეველს, რომელიც აკეთებს არჩევანს.

მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ ყველა ვალდებულია, დაიცვას მოქალაქეთა არჩევანი და პატივი სცეს იმ დემოკრატიულ ინსტიტუტებს, რომელიც მათი არჩევანის შედეგად აირჩევა.

„როდესაც პროცესების შეფასება ხდება ქვეყანაში, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესების შეფასება ხდებოდეს ობიექტურად და მაშინ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ დემოკრატიული ინსტიტუტების სიძლიერის აუცილებლობაზე, ყურადღების მიღმა არ დაგვრჩეს სწორედ ის შეტევები, რაც ხორციელდება დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირებაზე, როგორიც არის პარლამენტი მათ შორის, როგორიც არის პრეზიდენტის ინსტიტუტი და ყველა ის ინსტიტუტი, რომლის შექმნაში მონაწილეობს სწორედ სამოქალაქო საზოგადოება, როდესაც ისინი საკუთარი გადაწყვეტილებით მიდიან არჩევნებზე და ირჩევენ იმ ხელისუფლებას და აბსოლუტურად დავეთანხმები ჩემს კოლეგას, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში ნამდვილად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ადამიანებს, მოქალაქეებს, ამომრჩეველს, რომელიც აკეთებს არჩევანს და ნამდვილად ყველა ვალდებულია, რომ დავიცვათ მათი არჩევანი და პატივი ვცეთ იმ დემოკრატიულ ინსტიტუტებს, რომელიც სწორედ მათი არჩევანის შედეგად აირჩევა. და ამ პატივისცემის კონტექსტში, ასევე მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოზიცია ჰქონდეს იმასთან დაკავშირებით, რომ დემოკრატიული სახელმწიფოსთვის არ არის ნორმალური დემოკრატიულ ინსტიტუტებზე შეტევაზე თვალის დახუჭვა და კანონის უზენაესობა დემოკრატიულ სახელმწიფოში არის ყველასთვის თანაბარი და ყველასთვის ერთნაირი არ აქვს მნიშვნელობა თუ ვინ არის ამ შემთხვევაში სუბიექტი“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები