“ეუთო-ს თავმჯდომარის ვიზიტი საქართველოში არის ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერის დასტური, ეუთო-ს დღის წესრიგისთვის საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხის მნიშვნელობის ხაზგასმა”, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ეუთო-ს თავმჯდომარე ელინა ვალტონენთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც მინისტრმა განმარტა, არსებულ გეოპოლიტიკურ კონტექსტში საქართველოსთვის ეუთო-ს ფარგლებში თანამშრომლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
„დღეს საქართველოში ვმასპინძლობთ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარეს, ქალბატონ ელინა ვალტუნენს, რომელიც პირველად სტუმრობს ჩვენს ქვეყანას. ეუთო-ს თავმჯდომარის ტრადიციული ვიზიტი საქართველოში არის ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერის დასტური და ეუთო-ს დღის წესრიგისთვის საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხის მნიშვნელობის ხაზგასმა. არსებულ მეტად რთულ გეოპოლიტიკურ კონტექსტში საქართველოსთვის ეუთო-ს ფარგლებში თანამშრომლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. მსურს, მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ ეუთო-ს, ფინეთის თავმჯდომარეობის ფარგლებში თქვენ ეწვიეთ საქართველოს. ხვალ მოინახულებთ საოკუპაციო ხაზს, პირადად ნახავთ, რამდენად ხილულია და რამდენად ახლოს არის ის საფრთხეები, რაზეც ჩვენ დღეს ვისაუბრეთ შეხვედრის ფარგლებში და რაზეც საქართველოს ხელისუფლება მუდმივად საუბრობს საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. საქართველოს რეგიონების ოკუპაციას არ აქვს არც გამართლება და არც საფუძველი, ოკუპაციას აქვს მძიმე შედეგები ჩვენი ქვეყნისა და მთლიანად რეგიონის უსაფრთხოებისთვის. ოკუპაციას აქვს მძიმე შედეგები ხალხისთვის, რომელიც მოკლებულია საკუთარი უფლებების რეალიზების შესაძლებლობას. სწორედ ამიტომ ჩვენი ყველას ვალდებულებაა, საერთაშორისო წესრიგი დავიცვათ, ვიყოთ საერთაშორისო სამართლის პრინციპების ერთგული და ყველაფერი გავაკეთოთ, რათა ვეძიოთ მშვიდობა და გზა მშვიდობისკენ სწორედ სამართლის პრინციპების დაცვით გავიაროთ“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.