მანდარინის მოსავლის აღება დაიწყო
მანდარინის მოსავლის აღება-დაბინავების პროცესი უკვე დაიწყო, მისი საპროგნოზო მაჩვენებელი 40 ათასამდე ტონას შეადგენს.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, წელს უხვი მოსავალი არ არის, თუმცა, მისი ხარისხი გაზრდილია.
პროცესის ორგანიზებულად განხორციელების მიზნით, ამუშავებულია შესაბამისი შტაბი.
არასტანდარტული მანდარინის ჩაბარება, გადამუშავება, ნაკადების კონტროლი და აღრიცხვა ელექტრონული პროგრამის მეშვეობით ხდება, რომელსაც 30-მდე საწარმო ჩაიბარებს.
უკვე განხორციელდა 653 ტონა მანდარინის ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 295 ათასი აშშ დოლარი შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული მანდარინის ექსპორტის მოცულობა 138%-ით აღემატება 2019 წლის ანალოგიურ პერიოდს, ხოლო ექსპორტის ღირებულება 149 ათასი აშშ დოლარით გაიზარდა.
მიმდინარე წელს წარმოებული მანდარინის ექსპორტი, ძირითადად, განხორციელდა სომხეთსა (411 ტონა) და რუსეთის ფედერაციაში (185 ტონა), უკრაინაში, მოლდოვასა და ყაზახეთში.