ზახაროვა: სამხრეთ ოსეთი შედგა, როგორც სუვერენული სახელმწიფო, გაფართოვდება იმ ქვეყნების წრე, რომლებიც ამას აღიარებენ

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო თვითგამოცხადებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის “რესპუბლიკის დღეს” გამოეხმაურა, რომელსაც ე.წ. რესპუბლიკაში 20 სექტემბერს აღნიშნავენ.

როგორც უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, “რესპუბლიკა შედგა, როგორც სუვერენული სახელმწიფო”.

“მან მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების ფორმირების საქმეში, ეკონომიკისა და სოციალურ სფეროში. ამაზე მიუთითებს ის, რომ სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებმა ხმის მიცემის დემოკრატიული პროცედურების ჩარჩოში სხვადასხვა დონის არჩევნებზე მიიღეს მონაწილეობა, ბოლო 6 წლის განმავლობაში მშპ-ის ორმაგი ზრდა შეინიშნება”, – თქვა მან.

მისი თქმით, რუსეთის აქტიური მხარდაჭერით, აღდგენილია და აშენებულია უამრავი ინფრასტრუქტურული ობიექტი, “მათ შორის, ისეთები, რომლებიც საქართველოს მხრიდან განხორციელებული აგრესიის დროს იყო დანგრეული”.

ზახაროვას თქმითვე, რუსეთი აქტიურად უწყობს ხელს სამხრეთ ოსეთს საგარეო პოლიტიკური პოზიციების გამყარებაში, ასევე, მისი საერთაშორისო კავშირების გაფართოებაში.

“დარწმუნებულები ვართ, რომ რუსეთის, აფხაზეთის, ნიკარაგუას, ვენესუელას, ნაურუს, ტუვალუსა და სირიის გარდა, გაფართოვდება იმ ქვეყნების წრე, რომლებიც რესპუბლიკის დამოუკიდებლობას აღიარებენ”, – განაცხადა დიპლომატმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები