პირველი ოქტომბრიდან ქუთაისიდან რიგის მიმართულებით ფრენები შესრულდება
“ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ 1-ელი ოქტომბრიდან გავხსნათ პირდაპირი რეისი რიგის მიმართულებით ქუთაისიდან”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ ეს, პირველ ყოვლისა, კეთდება საქართველოს მოქალაქეების ინტერესების და, უპირობოდ, მათი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვლის გათვალისწინებით.
„დღეს უნდა განვიხილოთ და, ფაქტობრივად, წინასწარი განხილვებით შემდგარია შეთანხმება, რომ ჩვენ კიდევ ერთი მიმართულებით პირდაპირი ფრენები უნდა გავხსნათ. დღეის მდგომარეობით, პირდაპირი ფრენები ევროპის მიმართულებით თბილისიდან გახსნილია საერთაშორისო ავიაკომპანიებისთვის, როგორიც არის: Lufthansa, air france, Airbaltic, ასევე, ჩვენი ეროვნული გადამზიდავისთვის. ჩვენ დღეს უკვე გადავწყვიტეთ, რომ 1-ელი ოქტომბრიდან გავხსნათ პირდაპირი რეისი ქუთაისიდან რიგის მიმართულებით. ეს იქნება Wizz Air-ი. ეს არ იქნება თამამი გადაწყვეტილება, ეს იქნება მხოლოდ და მხოლო კვირაში ერთი რეისი, მაგრამ არის პირდაპირი ტენდენცია იმისთვის, რომ გონივრულად, მაგრამ ფრთხილად, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეკონომიკა ამოძრავდეს კიდევ უფრო სწრაფად. ეს, რა თქმა უნდა, პირველ ყოვლისა, კეთდება ჩვენი მოქალაქეების ინტერესების და, უპირობოდ, მათი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვლის გათვალისწინებით.
ჩვენ ასევე ფრთხილად, მაგრამ თანმიმდევრულად გავაგრძელებთ საქართველოს საჰაერო სივრცის გახსნას, პირველ ყოვლისა, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე და, ასევე, რა თქმა უნდა, ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე”, – აღნიშნა პრემიერმინისტრმა.