ოკუპირებულ აფხაზეთში მძიმე ეპიდვითარებაა, კიდევ 40 ახალი შემთხვევაა – საავადმყოფოები მზადყოფნის საგანგებო რეჟიმზე გადაიყვანეს

ოკუპირებულ აფხაზეთში, გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, გასართობი მასობრივი ღონისძიებები შეიძლება, ისევ აიკრძალოს, მათ შორის, ქორწილების გამართვა.

ამის შესახებ ე.წ. ოპერატიული შტაბის სხდომაზე ითქვა, რომელსაც დე ფაქტო პრეზიდენტი, ასლან ბჟანია ესწრება.

შეხვედრაზე სოხუმის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ბესლან ეშბა გამოვიდა წინადადებით, რომ აკრძალვა 5 ოქტომბრიდან ამოქმედდეს, თუმცა, ბჟანიამ თქვა, რომ ეს 1-ლი ოქტომბრიდან უნდა მოხდეს.

მანამდე, შესაბამისი წინადადებით ე.წ. მთავარი სანიტარი, ლუდმილა სკორიკი გამოვიდა, რომელმაც ასევე თქვა, რომ უნდა შეიზღუდოს ორ დღემდე სამგლოვიარო ცერემონიების გამართვა. სკორიკმა კომპანიების ხელმძღვანლებს რეკომენდაცია მისცა, რომ ყველა თანამშრომელი, რომელთა ასაკი 75 წელს აღემატება, დროებით შვებულებაში გაუშვან. ე.წ.მთავარი სანიტრის თქმით, გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 40 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

შექმნილი მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე, 14 სექტემბრიდან ე.წ. რესპუბლიკაში ყველა სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულება საგანგებო მზადყოფნის რეჟიმზე გადავიდა, დამატებით მომზადდა კოვიდინფიცირებულთათვის საწოლები.

როგორც ე.წ.ჯანდაცვის მინისტრმა, თამაზ წახნაკიამ განაცხადა, აფხაზეთს სოჭის კოვიდცენტრის იმედიც უნდა ჰქონდეს, სადაც 300-საწოლიანი სპეციალური განყოფილება შეიქმნა, რომელშიც აფხაზ მოქალქეებსა და ტურისტებს მიიღებენ. მისი თქმით, ამჟამად სოჭში სამკურნალოდ მხოლოდ 5 პაციენტია გაგზავნილი.

ე.წ. მინისტრის ინფორმაციითვე, გუდაუთის საავადმყოფოში 125 ექიმია მობილიზებული. “ამას გარდა, რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროსთან შეთანხმების საფუძველზე, აფხაზეთში 8-კაციანი, რუსი ექიმების ბრიგადა მუშაობს, მათგან 2 რეანიმატოლოგია”.

ე.წ. ოპერატიული შტაბის სხდომის დასრულების შემდეგ, ასლან ბჟანია გუდაუთის საავადმყოფოს მონახულებას გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები