კახა კახიშვილი განათლების მინისტრთან ერთად საჯარო სკოლების დირექტორებსა და ბაგა-ბაღების ხელმძღვანელებს შეხვდა

ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კახა კახიშვილი განათლების მინისტრთან, მიხეილ ჩხენკელთან და ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელთან, კახა გვანცელაძესთან ერთად საჯარო სკოლების დირექტორებსა და ბაგა-ბაღების ხელმძღვანელებს შეხვდა. შეხვედრის ინიციატორები თავად ბაღებისა და სკოლების ხელმძღვანელები იყვნენ და როგორც კახიშვილი აღნიშნავს, დღევანდელი შეხვედრით მათ ეს სურვილი შეუსრულეს.
შეხვედრაზე განათლების სფეროში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს. მათ შორის, განათლების მინისტრმა იმ სიახლეების შესახებ ისაუბრა, რომლებიც სამომავლოდ დაინერგება.
„მინისტრმა გააჟღერა, რომ ხარისხიანი განათლება და ახალგაზრდების განვითარებაზე ზრუნვა მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია, ამისთვის კი საჭიროა თანამედროვე მიდგომებისა და სიახლეების დანერგვა. სამინისტრო აქტიურად ზრუნავს ინფრასტრუქტურის კიდევ უფრო გათანამედროვებასა და სასწავლო დაწესებულებებში სხვადასხვა ტექნოლოგიის დანერგვაზე.
ვისაუბრეთ პედაგოგიური ინსტიტუტის მნიშვნელობის შესახებ და შეხვედრაზე დავდეთ პირობა, რომ აუცილებელია აღნიშნული მიმართულებით გარკვეული რეფორმების გატარება და უმაღლეს სასწავლებლებში პედაგოგიური ფაკულტეტის გაძლიერება. შეხვედრაზე მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში COVID-19-ის კრიზისის პერიოდში დისტანციური სწავლების გაძლიერების მიმართულებით განხორციელებული პროექტები საერთაშორისო პარტნიორებმა წარმატებულ მაგალითად შეაფასეს”, – განაცხადა კახიშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოს მთავრობის მიერ განათლების მიღების უწყვეტი პროცესის უზრუნველსაყოფად გადადგმული ნაბიჯები ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის საერთაშორისო ორგანიზაციამ 2020 წლის ანგარიშში ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშად დაასახელა, რისთვისაც კახიშვილმა და შეხვედრის მონაწილეებმა სასწავლო დაწესებულებების ხელმძღვანელებსა და პედაგოგებს მადლობა გადაუხადეს.
„ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის საერთაშორისო ორგანიზაციამ (OECD) 2020 წლის ანგარიშში საქართველოს მთავრობის მიერ განათლების მიღების უწყვეტი პროცესის უზრუნველსაყოფად გადადგმული ნაბიჯები ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშად დაასახელა, ხოლო Microsoft-ის მიერ ორგანიზებული ვირტუალური განათლების ტრანსფორმაციის პირველ სამიტზე კორპორაცია Microsoft-ის განათლების მიმართულების ვიცე-პრეზიდენტმა ენტონი სალსიტომ COVID19-ის კრიზისის პირობებში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დისტანციური სწავლების ხელშეწყობის მიზნით გატარებულ ღონისძიებებს მაღალი შეფასება მისცა. ამ ყველაფრისთვის, კიდევ ერთხელ გადავუხადეთ მადლობა სასწავლო დაწესებულების ხელმძღვანელებსა და პედაგოგებს”, – აღნიშნა კახა კახიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები