მოვლენების განვითარების სამი სცენარი ბელორუსიაში – რას გადაწყვეტს რუსეთი
„ბელორუსში საპრეზიდენტო არჩევნები შედგა და მისი შედეგები გადახედვას არ ექვემდებარება“, – ასეთია რუსეთის ოფიციალური პოზიცია და, როგორც მოსკოვი აცხადებს, საჭიროების შემთხვევაში, არჩეულ პრეზიდენტ ლუკაშენკოს არც ძალისმიერ დახმარებაზე ეტყვის უარს.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, ბელარუსში მიმდინარე მოვლენებთან დემოკრატიას, თავისუფლებას, ლუკაშენკოს პერსონასა და ადამიანის უფლებებს ნაკლები კავშირში აქვს და მთავარი ამ შემთხვევაში დასავლეთის გეოპოლიტიკური ინტერესებია.
რუსი ექსპერტებისა და ანალიტიკოსების შეფასებით, შექმნილ სიტუაციაში მოვლენები შესაძლოა, სამი სცენარით განვითარდეს. პირველი სცენარის თანახმად, რუსეთი გააგრძელებს ლუკაშენკოს მხარდაჭერას, თუმცა – გარკვეული დროით, ანუ იქამდე, სანამ მის „ღირსეულ“ მემკვიდრეს არ მოძებნის. როგორც დუმაში საგარეო და თავდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელმა, სერგეი ლუკიანოვმა РБК-ს განუცხადა, რუსეთი კვლავაც გააგრძელებს ლუკაშენკოს მხარდაჭერას, ვიდრე სიტუაცია კონტროლს არ დაექვემდებარება.
„ახლა რუსეთის ამოცანაა, უზრუნველყოს ბელორუსის შემდგომი განვითარება ევოლუციური თვალსაზრისით და შეინარჩუნოს თავისი გავლენა“, – აცხადებს ლუკიანოვი.
მოვლენების განვითარების მეორე სცენარი ლუკაშენკოს დაუყონებლივ წასვლასა და ოპოზიციასთან მოლაპარაკებების დაწყებას გულისხმობს. რუსი ექსპერტების შეფასებით, თუ რუსეთის მხრიდან ოპოზიციასთან რაიმე სახის კონტაქტი გამოიკვეთა, ეს ნიშნავს, რომ ლუკაშენკოს ლეგიტიმურობა ეჭვის ქვეშ დადგა. საგარეო საკითხებში რუსეთის საბჭოს გენერალური დირექტორის, ანდრეი კორტუნოვის განცხადებით, ბოლო წლებში რუსეთმა ბელორუსში, დაახლოებით, 100 მილიარდი დოლარი დააბანდა და მას სჭირდება გარანტია, რომ მისი ინტერესები იქ დაცული იქნება. ანალიტიკოსების მოსაზრებით, თუ რუსეთი ასეთ გარანტიას მიიღებს, მოვლენების მეორე სცენარით განვითარების ალბათობა საკმაოდ დიდია.
არის კიდევ მესამე სცენარიც – პროტესტის ეკალაცია და რუსეთის პირდაპირი თუ ირიბი ძალისმიერი ჩარევა.
სპეციალისტების მოსაზრებით, ამ ეტაპზე მოვლენების ამ მიმართულებით განვითარების ალბათობა დაბალია. მათი აზრით, ახლა წინა ორი სცენარის აქტიური დამუშავება მიმდინარეობს. კორტუნოვის განმარტებით, უხეში ძალის გამოყენება რუსეთის მხრიდან ბელორუსული ნაციონალიზმის გაღვივების მიზეზი შეიძლება, გახდეს, რაც რუსეთის ინტერესებში არ შედის. კორტუნოვის განცხადებით, ძალისმიერი ჩარევა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ საქმე მასშტაბურ სამოქალაქო დაპირისპირებამდე მივა და შეიქმნება ე.წ. failed state, ანუ ჩამოყალიბდება დანგრეული სახელმწიფო.
შეგახსენობთ, რომ 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნებში, ოფიციალური მონაცემებით, ლუკაშენკომ ამომრჩეველთა ხმების 80 პროცენტი მიიღო. მოსახლეობის დიდი ნაწილი და ოპოზიცია ლუკაშენკოს არჩევნების შედეგების გაყალბებას ედავება და მის გადადგომას ითხოვს.