28 აგვისტო მანანა ანთაძის დაბადების დღეა

28 აგვისტო გამოჩენილი მთარგმნელისა და თეატრალური მოღვაწის, მანანა ანთაძის დაბადების დღეა.
იგი თავისი დაუღალავი და ნაყოფიერი პროფესიული შრომით აგერ უკვე ოთხ ათეულ წელიწადზე მეტია დიდ სამსახურს უწევს ჩვენს თეატრსა და მწერლობას. შექსპირის პიესების მისეულმა თარგმანმა თანამედროვე სპეციალისტთა და მკითხველთა აღიარება უმალ მოიპოვა და რამდენიმე თეატრმა ყურადღება ამ თარგმანზე შეაჩერა. ინგლისურიდან სხვა ათობით ავტორისა და წიგნის მთარგმნელის ღვაწლი სამი წლის წინათ, სწორედ რომ ღირსეულად დაგვირგვინდა ივანე მაჩაბლის სახელობის პრემიით.
მანანა ანთაძე მიხელ თუმანიშვილის ფონდის დამაარსებელია. აღნიშნული ფონდი ყოველწლიურად ატარებს თანამედროვე და თარგმნილი პიესების კონკურსს, რომელიც სასიკეთოდ აისახება ბოლო წლების ქართულ თეატრალურ პროცესზე.
პირადად ვარ მოწმე, მჭიდრო კონტაქტების წყალობით, როგორ ფასდაუდებელ სამსახურს უწევს მანანა ანთაძე ქართული კულტურის გაცნობის საქმეს ისეთი დიდი თეატრალური ტრადიციების ქვეყანაში, როგორიც დიდი ბრიტანეთია. თუკი ამ ათიოდე წლის წინათ ლონდონის „როიალ კოურთის” თეატრში ქართული პიესით დაინტერესდნენ და დადგეს კიდეც ლაშა ბუღაძის პიესა, ამ პროექტის სრულყოფაში მანანა ანთაძის გარჯა მართლაც ფასდაუდებელია.
მანანა ანთაძემ შექსპირის ექვსი პიესა უკვე გამოსცა ქართულად, ვიცნობ რა ამ ბრწყინვალედ შესრულებულ თარგმანებს, მხოლოდ ერთს ვისურვებდი, რომ მომავალ ათწლეულში შექსპირის 37-ვე პიესა წამეკითხოს მისი თარგმანით. ეს მართლაც უნიკალური ფაქტი იქნება! მწამს, რომ იგი ამას შეძლებს უზომო ნიჭიერებისა და შრომისმოყვარობის წყალობით.
ძვირფასო ქალბატონო მანანა, გულითადად გილოცავთ შემოქმედებითი მიღწევებით დახუნძლულ იუბილეს და უფლის შეწევნას გისურვებთ დასახული მიზნების გამარჯვებით აღსრულებაში!

გიორგი ლალიაშვილი ლონდონიდან

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები