„გიგანტური წიგნების“ მეორე ტომის წარდგენა გაიმართა

ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში „გიგანტური წიგნების“ მეორე ტომის წარდგენა გაიმართა.
ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმის ინფორმაციით, ღონისძიება გახსნა ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა კონსტანტინე გამსახურდიამ. პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა იდეის ავტორმა და ხელმძღვანელმა, ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომელმა ნოდარ დუგლაძემ. საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი გაბუნიამ. პროექტის მნიშვნელობა შეაფასეს ელგუჯა ხინთიბიძემ, თამაზ ჯოლოგუამ, ამირან გომართელმა, ლევან თაქთაქიშვილმა.

“გიგანტური წიგნების” გამოცემას „ქართუ ფონდი“ აფინანსებს.
პროექტ „გიგანტური წიგნების“ ფარგლებში გაზეთ „ივერიის“ 1887 წლის ნომრების სრული კომპლექტი გამოიცა. ეს „ივერიის“ ამ პროექტის ფარგლებში გამოცემული ნომრების მეორე კრებულია. „ივერიის“ 1886 წლის წლიური კომპლექტის წარდგენა ეროვნულ ბიბლიოთეკაში რამდენიმე ხნის წინ გაიმართა.
პროექტი „გიგანტური წიგნები“ საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლის ნოდარ დუგლაძის ინიციატივით 2025 წელს დაიწყო. პროექტი XIX-XX საუკუნეების ქართული პერიოდიკის (ჟურნალები, გაზეთები) ხელახლა გამოცემას გულისხმობს.
გათვალისწინებულია როგორც ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ისე სხვა დაწესებულებებში (ბიბლიოთეკები, არქივები, კერძო კოლექციები) დაცული ეგზემპლარების გაციფრება და ორიგინალის ფორმითა და ზომით დაბეჭდვა.
გაციფრულებული ხარვეზიანი ფურცლები მუშავდება, ნაკლული წლიური კომპლექტები კი სხვადასხვა ფონდებში მოძიებული ეგზემპლარებით ივსება. შედეგად, გაცვეთილი და დაზიანებული პერიოდული გამოცემების ნაცვლად, სამკითხველო დარბაზებში განახლებული და სრულყოფილი ცალების გაცემა ხდება შესაძლებელი.
პროექტი მიზნად ისახავს ერთი მხრივ ბიბლიოთეკის საცავებში დაცული დედნების გადარჩენას, მეორე მხრივ კი უნიკალური მასალების ხელმისაწვდომობის გაზრდასა და გაადვილებას.
კონსტანტინე გამსახურდია:
„1887 წლის „ივერიის“ ნომრების გიგანტურ ფორმატში გამოცემა არის სიმბოლური და შინაარსობრივი აქტი – ეს არის ჩვენი ეროვნული მეხსიერების მატერიალური გამყარება, ჩვენი კულტურული ხერხემლის კიდევ ერთხელ გამართვა. ილია ჭავჭავაძის „ივერია“ არ ყოფილა მხოლოდ გაზეთი. ეს იყო იდეათა სივრცე, ეროვნული თვითშეგნების სკოლა, საზოგადოებრივი აზრის ფორმირების ტრიბუნა. „ივერიაში“ იწერებოდა არა მხოლოდ სტატიები – იქ იქმნებოდა ქვეყნის მომავალი. სწორედ ამ ფურცლებზე ყალიბდებოდა ის აზროვნება, რომელმაც განსაზღვრა ქართული სახელმწიფოებრიობის, განათლების, ეკონომიკური ხედვისა და ეროვნული იდენტობის გზა. მორიგი,
1887 წლის ნომრების გიგანტურ წიგნად გამოცემა განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია. ეს ფორმატი თითქოს გვაიძულებს, შევჩერდეთ, დავაკვირდეთ, დავაფასოთ თითოეული სიტყვა, თითოეული აზრი. ის გვახსენებს, რომ დიდი იდეები დიდი პასუხისმგებლობაა – და დიდი მასშტაბიც სჭირდება. ეროვნული ბიბლიოთეკის მისიაა, დაიცვას, შეინახოს და მომავალ თაობებს გადასცეს ის საგანძური, რომელსაც ქართული კულტურა ჰქვია. თუმცა ასეთი მასშტაბური პროექტები შეუძლებელია მხოლოდ ინსტიტუციური ძალისხმევით. ისინი მოითხოვს პარტნიორობას, ხედვას და პასუხისმგებლობის გაზიარებას. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ფონდი „ქართუს“ უმნიშვნელოვანესი წვლილი ამ პროექტის განხორციელებაში. ეს მხარდაჭერა ამ შემთხვევაში არ არის მხოლოდ ფინანსური აქტის განხორციელება – ეს არის ღირებულებითი არჩევანი. ეს არის გადაწყვეტილება, რომ ინვესტიცია ჩაიდოს არა მხოლოდ აწმყოში, არამედ წარსულის დაცვასა და მომავლის გაძლიერებაში”.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები