ზურაბ ქადაგიძე პრემიერ-მინისტრის ინიციატივაზე საიმიგრაციო პოლიტიკასთან დაკავშირებით: პრემიერის ინიციატივაა, რომ ჩვენ მივიღოთ პრევენციული ზომები, რაც დაიცავს ჩვენს ეთნიკურ და რელიგიურ თვითმყოფადობას

პარტია “ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძის განცხადებით, ევროპაში არსებული საემიგრაციო და უსაფრთხოების მდგომარეობა ლიბერალური პოლიტიკის შედეგია და საქართველო ამ გზას არ უნდა დაადგეს.

“პრემიერის ინიციატივაა, რომ ჩვენ წინასწარ დავიწყოთ მზადება და შევქმნათ ის „ჯავშანი”, რომელიც დაიცავს ჩვენს ეთნიკურ და რელიგიურ თვითმყოფადობას, რადგან მსოფლიო გეოპოლიტიკა ბრიუსელის პოლიტიკის გამო კატასტროფის წინაშე იდგა და ეს ნაწილობრივ საქართველოსაც შეეხო”- აღნიშნა პარლამენტის წევრმა და განმარტა, რომ აუცილებელია წინასწარი პრევენციული ნაბიჯების გადადგმა ეთნიკური და რელიგიური თვითმყოფადობის დასაცავად.

„აუცილებლად უნდა გამოვიდეთ რეალობიდან — იმ მდგომარეობიდან, რაც დღეს არის პარიზში, ლონდონში, ბერლინში. ეს არ არის ბუნებრივი მდგომარეობა. ეს მოიტანა ბრიუსელის ვოუქიზმმა, საემიგრაციო პოლიტიკამ, ხალხის უსაფრთხოებაზე ნაკლებმა ზრუნვამ, „დიფ სთეითის” აყოლამ. შესაბამისად მივიღეთ ის, რომ ბრიტანეთში უკვე ღიად საუბრობენ საემიგრაციო პოლიტიკის მძიმე შედეგებზე. ამ ფონზე პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველო არ მიიღებს იმ შედეგს, რაც ევროპამ მიიღო.

პრემიერის ინიციატივაა, რომ ჩვენ წინასწარ დავიწყოთ მზადება და შევქმნათ ის „ჯავშანი”, რომელიც დაიცავს ჩვენს ეთნიკურ და რელიგიურ თვითმყოფადობას, რადგან მსოფლიო გეოპოლიტიკა ბრიუსელის პოლიტიკის გამო კატასტროფის წინაშე იდგა და ეს ნაწილობრივ საქართველოსაც შეეხო. პრემიერმაც ახსენა შესაბამისი სტატისტიკა — ეს ყველაფერი ლიბერალურმა მიდგომამ მოიტანა.

შეიძლება დაიწყოს ამ პროცესების შეზღუდვა, თუმცა უნდა აღინიშნოს ერთი ფაქტი — ჩვენ შეიძლება შევქმნათ ფარი, მაგრამ დაგვჭირდება „ხმალიც”, რათა შევინარჩუნოთ სტატუს-კვო და შემდეგ გავძლიერდეთ. ერთია არალეგალური ემიგრანტების შეზღუდვის პოლიტიკა, ხოლო მეორეა — ქართული ეთნოსის გაძლიერებისა და მშენებლობის პოლიტიკა.

„ხალხის ძალა” განსაკუთრებით ლობირებს ამ საკითხს, განსაკუთრებით კი დიმიტრი ხუნდაძე. მან არაერთი წინადადებით მიმართა ხელისუფლებას და თუ დემოგრაფიულ პოლიტიკაში რაიმე ხელშესახები შედეგი არსებობს, ეს ბატონი დიმიტრის დამსახურებაა. თუმცა ესეც არ არის საკმარისი.

შეიძლება ითქვას, რომ პრობლემურ წერტილთან მივედით. ამის გადასაწყვეტად სამი რადიკალური ნაბიჯია გადასადგმელი: პირველი — ოჯახის გაძლიერება, სადაც სამი და მეტი შვილის ყოლის შემთხვევაში ოჯახები უნდა გაძლიერდნენ; მეორე — მიწის საკითხი, რათა ყველანაირი ხვრელი და ინსტრუმენტი გამოირიცხოს და მიწები უცხოელებზე არ გასხვისდეს; მესამე — რეპატრიაციის საინტერესო პროგრამის შექმნა, რომელიც ჩვენს ემიგრანტებს მისცემს საშუალებას დაბრუნდნენ.

ვიქნებით თუ არა ევრობიუროკრატების თავდასხმის ობიექტი? დიახ, ნამდვილად, რადგან ეს არის ლიბერალური დღის წესრიგის წინააღმდეგ გალაშქრება. თუმცა უნდა გავითვალისწინოთ: როდესაც სუვერენიტეტზე ვსაუბრობთ, ამ შემთხვევაში უცხოელი კანონდამრღვევი პირების უფლებებზე კი არ უნდა ვიფიქროთ, არამედ ქართველ დედაზე, რომელსაც სურს, რომ მისი შვილი საკუთარ სახლში, შრომით დაფასებული ჰყავდეს. ასე შევძლებთ ეთნოსისა და იდენტობის დაცვას,”- განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები