სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე ხილ-პროდუქტების და წვენების მწარმოებლებს მოუსმინეს
სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისია ადგილობრივი კომპანიების წარმომადგენლებსა და მწარმოებლებთან შეხვედრებს აგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, კომისიის დღევანდელ სხდომაზე კომისიის წევრებმა შეზღუდული პასუხისმგებლობის საწარმოების: „პლანტას“, „ტირიფონის ბაღების“, „ქალაქურის“, „ანიგოზის“ „აჩინებულის“, „მილმართისა“ და „ქართული აგროპროდუქტის“ წარმომადგენლებს მოუსმინეს.
„სხდომის დასაწყისში კომისიის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა კომისიის შექმნის მიზნებსა და ამოცანებზე და იმ მოსალოდნელ შედეგებზე ისაუბრა, რომელსაც კომისიის საქმიანობა უკავშირდება.
„ჯერ პრობლემების იდენტიფიცირების ეტაპზე ვართ. შემდეგი ეტაპი ანალიტიკა იქნება და ბოლოს – შესაბამისი ინსტრუმენტების ამოქმედება, რომელიც საშუალებას მოგვცემს, სექტორი უფრო კონკურენტუნარიანი და ეფექტიანი გავხადოთ. მნიშვნელოვანია სექტორის სტრუქტურული პრობლემების გამოვლენა და სისტემური მიდგომა ამ პრობლემების გადასაჭრელად, რაც საბოლოო ჯამში დადებითად აისახება როგორც მომხმარებელზე, ასევე სექტორში მონაწილე ყველა მხარეზე და საბოლოო ჯამში საშუალებას მოგვცემს სექტორში მნიშვნელოვანი ფასის კორექციას მივაღწიოთ კლების მიმართულებით“, – განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.
კომისიის სხდომაზე მწარმოებლებმა ყურადღება იმ პრობლემებზე გაამახვილეს, რომლებიც პროდუქციის ქსელური მარკეტების დახლებზე განთავსებას და საოპერაციო ხარჯებს უკავშირდება. თხილის და ნიგოზის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენელთა თქმით, მათთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას საერთაშორისო კომპანიების მიერ პროდუქციაზე არაკონკურენტული ფასების დაწესება, იმპორტირებული ნედლეულის საქართველოში შემოტანა და არათანაბარი კონკურენტული გარემო წარმოადგენს.
პრობლემურ საკითხებზე საუბრისას ხილის და ბოსტნეულის გადამამუშავებელი კომპანიების წარმომადგენლებმა ადგილობრივი წარმოების ქსელურ მარკეტებში განთავსების და შემდეგ გაყიდული პროდუქციისთვის თანხის მიღების საკითხებზე ისაუბრეს. შპს „აჩინებულის“ დირექტორის, გოჩა ღვინეფაძის თქმით, პროდუქციის 85-90% ქსელურ მარკეტებში იყიდება, თუმცა კომპანიისთვის წარმოებული პროდუქციის ფასნამატი მძიმე წნეხს წარმოადგენს.
„კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქტის X ფასს, მაღაზია 30-40%-ს ამატებს. ფასნამატის გარდა ჩვენ დაახლოებით 45%-ის გადახდა გვიწევს, საიდანაც 20%-ს, ეგრეთ წოდებული, „ქეშბეკი“ შეადგენს. ასევე ვიხდით მარკეტინგის გადასახადს – 15%-ს, ლოიალობის გადასახადს – 1%-ს, ციფრული მომსახურების – 1%-ს და ლოჯისტიკის ხარჯს – 7.5%-ს. ამას ემატება ქსელში შესვლის, დახლზე განთავსების და დამატებითი ღირებულების გადასახადი. საბოლოო ჯამში, პროდუქციის ფასი 185%-ით იზრდება“, – აღნიშნა გოჩა ღვინეფაძემ.
მსგავს პრობლემებზე ისაუბრეს „მილმართისა“ და „ქართული აგროპროდუქტის“ წარმომადგენლებმაც. „მილმართის“ დირექტორის, გიორგი მაისურაძის თქმით, ქსელურ მარკეტებთან ურთიერთობები წლიდან წლამდე უარესდება და კომპანიამ უკვე 4 თვეა, მათთან პროდუქციის შეტანა შეაჩერა. როგორც მან აღნიშნა, ადგილობრივ მოსახლეობაში ქართული კომპანიების მიერ წარმოებული პროდუქციის ცნობადობა ნაკლებია, რადგან მათ პროდუქციის დახლებზე ადვილად განთავსების საშუალება არ ეძლევათ. შპს „ქართული აგროპროდუქტის“ დირექტორის, იოსებ მანჯავიძის განცხადებით, ქსელური მარკეტების სამმა კომპანიამ მწარმოებელ კომპანიასთან ურთიერთობები გაწყვიტა და პროდუქცია უკან დაუბრუნა.
„ხილისა და ბოსტნეულის გადამამუშავებელი საწარმო, რომელიც ნატურალურ ხილფაფებსა და წვენებს აწარმოებს, თავის დროზე, სახელმწიფოს დახმარებით და მხარდაჭერით გავხსენით. ადგილობრივ მარკეტინგულ ქსელებთან არსებული პრობლემების გამო იძულებულები ვართ, ჩვენი პროდუქცია ექსპორტზე გავიტანოთ და ამ პროცესში სახელმწიფო გვიდგას გვერდით“, – განაცხადა იოსებ მანჯავიძემ.
კომისიის წევრებმა ადგილობრივ მწარმოებლებს გულახდილი საუბრისთვის მადლობა გადაუხადეს. „ღია დისკუსიის ფარგლებში, ადგილობრივი კომპანიების წარმომადგენლების მოსაზრებების მოსმენა საინტერესო და ყურადსაღებია. სხდომაზე არაერთი პრობლემა მოვისმინეთ: სამუშაო კაპიტალის ნაკლებობა და კაპიტალის მაღალი ღირებულება; მარკეტინგის და გაყიდვების ხარჯების მაღალი მოცულობა, ასიმეტრიული კონტრაქტული ურთიერთობები მხარეებს შორის, რაც ზედა რგოლს გადამეტებულ მოლაპარაკების ძალაუფლებას ანიჭებს; გადახდების დაგვიანება და ნაშთების არაეფექტური მართვა. პროცესში მთავარია, ფასწარმოქმნის ჯაჭვის სრული ციკლი შევისწავლოთ; პრობლემების სწორი იდენტიფიცირება შევძლოთ; ანალიტიკური მიდგომით და ანალიზით ავამოქმედოთ ეფექტური მექანიზმები, რომელიც მნიშვნელოვან შედეგზე გაგვიყვანს“, – განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.