მოზარდ მაყურებელთა თეატრი მწუხარებას გამოთქვამს თეატრის მთავარი რეჟისორის – ოთარ ბაღათურიას გარდაცვალების გამო
მოზარდ მაყურებელთა თეატრმა უმძიმესი დანაკლისი განიცადა – 84 წლის ასაკში ხანმოკლე, მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა თეატრის მთავარი რეჟისორი, საქართველოს დამსახურებული არტისტი, სახელმწიფო და ა.ახმეტელის სახელობის პრემიების ლაურეატი, ოთარ ბაღათურია.
მოზარდ მაყურებელთა თეატრის ინფორმაციით, მისი ცხოვრება და საქმიანობა 60 წელზე მეტია მჭიდროდაა დაკავშირებული თეატრთან.
„იგი იყო ამ დასის ერთ-ერთი გამორჩეული არტისტი. მის მიერ შესრულებული როლები სპექტაკლებში „პრინცესა ტურანდოტი”, „მოკვეთილი”, „კიკვიძე”, „მე ვხედავ მზეს”, „რღვევა”, „ქამუშაძის გაჭირვება”, „შეაჩერეთ მალახოვი”, „ბედნიერი ბილეთი”, „კუკარაჩა”, „ჩვენებურები” და მრავალი სხვა თეატრის ოქროს ფონდის კუთვნილებაა.
ოთარ ბაღათურიას დადგმები „დარისპანის გასაჭირი”, „ავი ლომი”, „სათაგური”, „ღამის ამბავი”, „ბანკეტი”, „წითელქუდა”, „იავნანამ რა ჰქმნა” და სხვა მნიშვნელოვანი მხატვრული ღირებულებით გამოირჩეოდა თეატრის რეპერტუარში.
ჩვენს თეატრში დაიბადა დრამატურგი ოთარ ბაღათურიაც. მისი პიესების „ამიკო”, „მეფე ლირი თავშესაფარში”, „დედამიწა კი მიჰქრის” ავტორისეული დადგმით პირველი ჩვენება სწორედ ჩვენთან შედგა და შემდგომ არაერთ თეატრში განხორციელდა.
დიდია მისი ღვაწლი ქართული დუბლირებული ფილმებისა თუ მხატვრული ფილმების გახმოვანების საქმეში.
ოთარ ბაღათურია აქტიურ პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, სტუდენტთა არაერთი თაობის აღმზრდელი, მუდამ ამაყობდა საკუთარი სტუდენტების წარმატებით.
წავიდა ჩვენგან არაჩვეულებრივი ხელოვანი, რომლის ვარსკვლავიც 2013 წელს გაიხსნა მოზარდ მაყურებელთა თეატრის წინ და რომლის სახელს ვერასდროს დაივიწყებს ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრი“, – წერია სამძიმარში.