„50 წლის რომ გავხდი, ხილვა მქონდა, მთელი ღამე ვერ დავიძინე“ – ლია კომლაძის ქართული თოჯინები და კიდევ, 5 წლის ასაკში, ხატვის ნიჭის წყალობით, როგორ უშველა ბაბუას სანადირო თოფის დაბრუნებაში

ხატვის ნიჭი ბავშვობიდან ჰქონდა. შემდეგ უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი დაამთავრა. 50 წლის ასაკში ხილვა ჰქონდა…
ღამე არ სძინებია. დილით კი თოჯინა დაიბადა. შექმნილი აქვს: აჭარული, ოსური, ხევსურული, მთიულური და  საქართელოს თითქმის ყველა კუთხის წარმომადგენლის თოჯინები, წყვილებში. – ლია კომლაძის პერსონა.
– ხატვის ნიჭი გქონდათ ბავშვობიდან… რა იყო ბავშვობიდან საინტერესო?
– როდესაც 5 წლის ვიყავი, ჩემი ხატვის ნიჭმა ბაბუაჩემს უშველა სანადირო თოფის დაბრუნებაში. მეზობლის კაცმა ბაბუაჩემის თოფი მისი არყოფნისას კედლიდან ჩამოხსნა და მიისაკუთრა. როდესაც საქმეში პოლიცია ჩაერთო, დამნაშავეს გილზებიდან საფანტი გამოაყრევინეს, ბაბუაჩემს ეს გილზები ჩემი ნახატით ჰქონდა დატენილი, რაც მტკიცებულებად გამოიყენეს, ვინაიდან იდენტური ნახატის გამეორება მარტივად შევძელი, ბაბუამ თოფი დაიბრუნა.
ყველა საგანი ერთნაირად მიყვარდა, ფიზიკის ფაკულტეტი პრესტიჟული იყო.
– თოჯინების დამზადება უჩვეულო ხილვამ გადაგაწყვეტინათ… მაშინ შეიქმნა პირველი თოჯინაც… მას მერე ალბათ ბევრი თოჯინა დაიბადა?
–  50 წლის რომ გავხდი, ხილვა მქონდა, რომ ჩემთვის ბოძებული ნიჭი რამეში უნდა გამომეყენებინა. მთელი ღამე ვერ დავიძინე… დილით ჩემი გოგონების სათამაშოებში, ბარბის თოჯინა შევნიშნე და მაშინ გავაკეთე პირველი ქართველი ქალი – ჩიხტიკოპით, ნაწნავებით, ქართული კაბით. მას შემდეგ თოჯინებს სისტემატურად ვქმნი.
–   ქართულ თოჯინებს  საქართველოს კუთხეების მიხედვით ამზადებთ…
–  შექმნილი მაქვს: აჭარული, ოსური, ხევსურული, მთიულური და  საქართველოს თითქმის ყველა კუთხის წარმომადგენელი, წყვილებში.–  საინტერესო ისტორია.
–  რუსთავის ბიბლიოთეკამ შემომთავაზა, მათ სივრცეში თოჯინების გამოფენა. დიდი სურვილი მქონდა, თამარ მეფის თოჯინა შემექმნა, თუმცა რატომღაც მიჭირდა ამ საქმისთვის თავის მობმა. გამოფენამდე ორი დღით ადრე გამახსენდა, რომ რუსთავის ბიბლიოთეკა შოთა რუსთაველის სახელობისაა. ეს იყო ბიძგი, რომელიც დამეხმარა თამარის თოჯინის შექმნაში.
– შთაგონება თუ გჭირდებათ მუშაობისას?
– თოჯინას შთაგონებით ვქმნი. ეს არ არის ჩემთვის რუტინული საქმე. თოჯინებს მაშინ ვამზადებ, როდესაც ამის დიდი სურვილი მაქვს.– რა მასალას იყენებთ და რამდენი ხანი სჭირდება ერთი თოჯინის დამზადებას?
– თოჯინებს ვუხატავ სახეს, კავკასიური შესახედაობა რომ მივცე. ვიყენებ სხვადასხვა სახის ქსოვილს, ბისერებს და ნატურალურ ტყავს.
–   ვნახე თქვენი ქართული თოვლის პაპები…
–   ახალი წლის სეზონზე თოვლის ქართველ თოვლის ბაბუაზე იყო მოთხოვნა, მეც ვცადე და გამოვიდა.– ჰობი…
– თოჯინების დამზადება ჩემი ჰობი და საყვარელი საქმეა.
– უფრო მეტად რომელ თოჯინებზეა მოთხოვნა და – პირველი შემფასებლები?
–  ახალი დიზაინის თოჯინას პირველ რიგში ჩემი ოჯახის წევრებს ვაჩვენებ და მხოლოდ ამის შემდეგ-  ფართო საზოგადოებას. უფრო მეტად წყვილებზე და პატარა ზომის თოჯინებზეა მოთხოვნა.
– ამჟამად რაზე მუშაობთ?
– ვაპირებ, დავამზადო ანო და ვანო – ორი პატარა თოჯინა ქართულ სამოსში. „საქართველო ანოსია, საქართველო ვანოსია”…
– სამომავლო გეგმები.
– მქონდეს ჩემი სახელოსნო და ცოდნა სხვებსაც გავუზიარო.

 

                                                 თამარ შაიშმელაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები