საქართველოს დელეგაცია ჟენევაში გაეროს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების კომიტეტის სესიაში მონაწილეობს

საქართველოს დელეგაცია, ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის ირაკლი სასანიას ხელმძღვანელობით, ჟენევაში იმყოფება, სადაც „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ პაქტის შესრულების ანგარიშის განხილვაში მონაწილეობს.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიება გაეროს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების კომიტეტის (CESCR) 79-ე სესიის ფარგლებში იმართება. განხილვის პროცესში ქართული მხარე კომიტეტის წევრებს აწვდის ინფორმაციას ქვეყანაში განხორციელებული რეფორმების, მიღწეული პროგრესისა და არსებული გამოწვევების შესახებ.

სესიის ფარგლებში ირაკლი სასანია სიტყვით გამოვიდა. მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით გატარებულ მნიშვნელოვან რეფორმებზე, მათ შორის სოციალური დაცვისა და შრომითი უფლებების გაძლიერებაზე, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის გაფართოებაზე და მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერაზე. მან აღნიშნა, რომ ქვეყანაში შემოღებულია პენსიებისა და სოციალური დახმარებების ინდექსაციის მექანიზმები, გაძლიერდა შრომის ინსპექციის სისტემა და მნიშვნელოვნად შემცირდა სამუშაო ადგილზე ფატალური შემთხვევები. ასევე ხაზი გაესვა ჯანდაცვის სფეროში განხორციელებულ რეფორმებს, მათ შორის მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების დანერგვას, პირველადი ჯანდაცვის გაძლიერებასა და ქრონიკული დაავადებების მართვის გაუმჯობესებას. ირაკლი სასანიას განცხადებით, საქართველო მზად არის, კიდევ უფრო გააგრძელოს აქტიური თანამშრომლობა გაეროს ადამიანის უფლებათა ორგანიზაციებთან.

ჟენევაში, მინისტრის მოადგილესთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან: განათლების მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი; კულტურის მინისტრის მოადგილე გიორგი მირცხულავა; საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის უფროსი ნიკო თათულაშვილი; პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი; ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის მდივანი ეკა სეფაშვილი; საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ქეთევან ცინცაძე, ასევე სხვადასხვა საჯარო უწყების წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები