მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენი ქვეყანა ეკონომიკურად მუდმივად ვითარდება, ეს ჩანს მაჩვენებლებშიც – ჩვენ ვართ სტაბილური ქვეყანა, რომელსაც ყველა მეზობელთან სტრატეგიული ურთიერთობა აკავშირებს

ცვლილებების დროში ვცხოვრობთ, რაც ჩვენს რეგიონს კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის. საქართველო არის ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი გზა, რაც მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე განაცხადა.

მინისტრმა ასევე ისაუბრა რეგიონში არსებულ ვითარებაზე, უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.

„ის, რაზეც ჩვენ დღეს ვსაუბრობთ, მჭიდრო კავშირშია ევროპის უსაფრთხოებასთან. ცვლილებების დროში ვცხოვრობთ, რაც ჩვენს რეგიონს კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის. დაკავშირებადობის საკითხს თუ შევხედავთ, დავინახავთ იმას, რაც ჩვენ გარშემო ხდება და მივხვდებით, რომ ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხია. ამ პროცესში ჩვენ მეზობლებთან – აზერბაიჯანთან და თურქეთთან ერთად ვმუშაობთ. რეგიონისთვის ახალ შესაძლებლობებს ხსნის და ახალ აქტუალობას სძენს სომხეთ-აზერბაიჯანის დარეგულირებული ურთიერთობაც. საქართველო კი არის ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი გზა, რაც მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის. განსაკუთრებით უკრაინაში რუსეთის მიერ ომის დაწყების შემდეგ შეცვლილი ვითარების პირობებში საქართველოზე გამავალი გზა არის ევროპის უსაფრთხოების შემადგენელი ნაწილი.

ჩვენი ქვეყანა ეკონომიკურად მუდმივად ვითარდება, ეს ჩანს მაჩვენებლებშიც. ჩვენ ვართ სტაბილური ქვეყანა, რომელსაც ყველა მეზობელთან სტრატეგიული ურთიერთობა აკავშირებს. რა თქმა უნდა, რუსეთის გარდა, რადგან ჩვენი ტერიტორიების 20% კვლავ რუსეთს აქვს ოკუპირებული, რაც რეგიონში უსაფრთხოების სერიოზულ გამოწვევებს ქმნის. ამის ფონზე კი ძალიან ამაყები ვართ, რომ ინვესტიციებისთვის ხელსაყრელი ეკონომიკური გარემო შევქმენით. 16 შეთანხმება გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ. მათ შორის ევროკავშირთან, ჩინეთთან და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან, არაბთა გაერთიანებულ საამიეროებთან. გვაქვს რამდენიმე მიმდინარე მოლაპარაკებაც სხვა სახელმწიფოებთან. უნდა ითქვას ისიც, რომ საქართველო ღიაა ახალი პროექტებისთვის, მით უმეტეს, ევროკავშირიც უყურებს სხვადასხვა მიმართულებით შავ ზღვას. ჩვენი პერსპექტივიდან ძალიან მნიშვნელოვანია ურთიერთობა რუმინეთთან, ბულგარეთთან და განვიხილავთ შავი ზღვის კაბელის შექმნას, რაც დააკავშირებს ჩვენს რეგიონს ევროპასთან, ისევე როგორც ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობა აზერბაიჯანთან. კიდევ ერთხელ გავიმეორებ – ჩვენ ვართ გზა, რომელიც რეგიონებს აკავშირებს“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები