“არასდროს შევხვედრივართ” – დალაი ლამა ეპშტეინთან კავშირს უარყოფს
ტიბეტელი ბუდისტი ლიდერის, დალაი ლამას ოფისის განცხადებით, ის “არასდროს შეხვედრია” სექსუალურ დანაშაულში მსჯავრდადებულ, ჯეფრი ეპშტეინს,- ამის შესახებ The independent წერს.
ეს განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა გამოაქვეყნა დოკუმენტების ახალი ნაწილი, რომელშიც გარდაცვლილი ფინანსისტისა და სექსუალურ დანაშაულში მსჯავრდებული ჯეფრი ეპშტეინის საქმეში დალაი ლამა 150-ზე მეტჯერ არის მოხსენიებული.
კონკრეტულად, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებსაიტზე ეპშტეინის ფაილების ზედაპირული ძიება დალაი ლამას 157-ჯერ ახსენებს.
„ეპშტეინის ფაილებთან დაკავშირებით სხვადასხვა მედიაში ბოლო დროს გაშუქებული ზოგიერთი რეპორტაჟი და სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტი დალაი ლამას ეპშტეინთან აკავშირებს. ჩვენ შეგვიძლია ცალსახად დავადასტუროთ, რომ მის უწმინდესობას არასდროს შეხვედრია ჯეფრი ეპშტეინი და არც მისი უწმინდესობის სახელით, ვინმეს მიერ მასთან რაიმე შეხვედრის ან ურთიერთობის ნებართვა გაუცია“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
90 წლის დალაი ლამა, სახელად ტენზინ გიატსო, ამ თვის დასაწყისში გრემის მფლობელად გამოცხადდა მისი აუდიოწიგნისთვის „მედიტაციები: მისი უწმინდესობის დალაი ლამას რეფლექსიები“.
ინფორმაციისთვის, ჩინეთმა ტიბეტზე კონტროლი 1951 წელს დაამყარა და ამ ნაბიჯს „მშვიდობიანი განთავისუფლება“ უწოდა. 1959 წელს ჩინეთის მმართველობის წინააღმდეგ წარუმატებელი აჯანყების შემდეგ, დალაი ლამა ჩრდილოეთ ინდოეთში, დჰარამსალაში გაიქცა, სადაც მოგვიანებით ტიბეტის პარლამენტი და ემიგრაციაში მყოფი მთავრობა შექმნა.
პეკინი არ აღიარებს ამ ადმინისტრაციას და ამტკიცებს, რომ ტიბეტი ჩინეთის ნაწილია. თუმცა, დალაი ლამა ამტკიცებს, რომ ტიბეტი დამოუკიდებელი სახელმწიფო იყო იმ დროს, როდესაც ჩინეთის სახალხო-განმათავისუფლებელი არმია რეგიონში შევიდა.