„თბილისი ენერჯი“ – დიდუბის საცხობში აფეთქება, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია
კომერციული და ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხებში “თბილისი ენერჯის” დირექტორის, ედიშერ ხორავას თქმით, დიდუბის საცხობში აფეთქება, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია.
მან ასევე საზოგადოებას სიფრთხილისკენ მოუწოდა.
„გამოძახების შემოსვლისთანავე ჩვენი სწრაფი რეაგირების ჯგუფები გამოცხადდნენ ადგილზე. პირველი დათვალიერებით ირკვევა, რომ, სავარაუდოდ, უყურადღებოდ იყო დატოვებული გაზის ონკანი, დანადგარის ონკანი. სავარაუდოდ, ამან გამოიწვია ბუნებრივი გაზის დაგროვება, ხოლო შემდგომ აფეთქება. ასევე, ერთი შეხედვით ჩანს, რომ აღნიშნულ ფართში ქსელი მოწყობილია მთელი რიგი დარღვევებით, თვითნებურად.
მინდა, ჩვენს მომხმარებლებს ვუთხრა, რომ არავითარ შემთხვევაში არ დატოვონ გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში და უყურადღებოდ გაზის მოწყობილობები. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდია, ძალიან გახშირდა ასეთი შემთხვევები. ბოლო პერიოდში, ერთი თვის განმავლობაში, დაახლოებით, ერთი ათეული შემთხვევა გვაქვს. მსგავსი უყურადღებობის გამო, კორპუსები გადაურჩნენ აფეთქებას. ამიტომ, ყველას მოვუწოდებთ, ყურადღებით იყვნენ, არ დატოვონ დანადგარები მოშვებულ მდგომარეობაში, რათა საფრთხე არ შეუქმნან თავინთ თავს, ასევე მეზობლებს“, – განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა.
ცნობისათვის, აფეთქებას ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.