გია ვოლსკი: ვერ წარმომიდგენია, რომ მსოფლიოში არსებობდეს ჟურნალისტი, რომელმაც მკვლელობის გარემოება იცის და არ ამბობს იმის გამო, რომ მას ამის უფლება აქვს
პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ POSTV-ის ეთერში თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მედიისა და ოპოზიციის ნაწილის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე ისაუბრა და აღნიშნული თემის პოლიტიკური მიზნისთვის გამოყენება “უზნეობად” შეაფასა.
„ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი თავის დამოკიდებულებაში უბედურების მიმართ გაცილებით უფრო დახვეწილია, ვიდრე შეიძლება, ჭირისუფალს ეს განცდა ჰქონდეს სხვა საკითხების ან სხვა ადამიანების მიმართ. ეს ოჯახი – დედა, მამა, სხვა ახლობლები, რასაკვირველია, თანადგომას იმსახურებენ. ჯერ მაინც პირველი დღეებია, მაგრამ დრო რომ გავა, შვილის გარდაცვალების დარდის ზიდვა უძნელესი იქნება. სამძიმარი ჩვენი ხასიათია, სამძიმარი გარდაცვლილის ოჯახის მიმართ ჩვენი ნიშანია, რითიც ჩვენ განვსხვავდებით იმ ადამიანებისგან, ვინც დაესია და შაქარაშვილის დედა გალანძღა და დაგმო. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ გამოჩნდა გულწრფელი დამოკიდებულება და არა – თამაში. განსხვავება ჩვენ შორის ეგ არის – მათ შეუძლიათ, შენი ოჯახის წევრი ახალგაზრდა შვილი ან შვილიშვილი დაიჭირონ, შენზე ზეგავლენის მოსახდენად საშინელ დღეში ჩააგდონ, ჩვენ ეს არ შეგვიძლია. ეს მორალური განსხვავებაა ჩვენ შორის.
არის კიდევ ერთი თემა – აშკარად იკვეთება, რომ ვიღაცამ ეს ტექსტი ჩამოაყალიბა და ხალხის გარკვეული რაოდენობა არსებობს, ვისაც შესაძლოა, სჯეროდეს, რომ სამი ვიღაც „ბობოლა” ჩინოვნიკი ზის და რაღაც ისეთი მაკომპრომატირებელი აღმოაჩინეს მათზე, რომ მათ მკვლელობა დაუკვეთეს. აბსურდული განცხადება კეთდება, რომ „ჩვენ არ დავასახელებთ მათ გვარებს მანამდე, სანამ ჩვენ არ მოვალთ და თქვენ ჭირისუფალნო ხელი უნდა შეგვიწყოთ, რომ დესტაბილიზაცია და დაძაბული ატმოსფერო იყოს შენარჩუნებული. ჩვენ მოვალთ და თქვენი შვილის მკვლელობის საქმეს გამოვიძიებთ”. ესეც როგორი უზნეობაა! მე ვერ წარმომიდგენია, რომ მსოფლიოში არსებობდეს ჟურნალისტი, რომელმაც მკვლელობის გარემოება იცის და არ ამბობს იმის გამო, რომ მას ამის უფლება აქვს. და რატომ არ ამბობს? იმიტომ, რომ პოლიტიკური მიზანი ერთი აქვს – ხელისუფლებაში მოვიდნენ ჭირისუფლის დახმარებით და შემდეგ ჭირისუფალს ეშველება და იქნება ნათელი მომავალი. ეს არის თემა, რომელსაც არა მარტო უზნეობა ჰქვია, არამედ გვიჩენს კონკრეტულ ეჭვებს, რომ ამათ არჩევნები არ უნდათ”, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.