აქვს, თუ არა აზრი გველების დასაფრთხობად გოგირდისა და საბურავების დაწვას – სპეციალისტის განმარტება

“მიმდინარე სეზონზე დედაქალაქში ქვეწარმავლების გავრცელების მხრივ განგაშის საფუძველი არ არსებობს”, – ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას” პრესკლუბში ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველმა, რატი მამუკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, თბილისში იყო შემთხვევები, როცა გველი საცხოვრებელ სახლში ნახეს.

„დღეის მონაცემებით, 2020 წელს დაჭერილი გვყავს 252 ქვეწარმავალი. წინა წლებთან შედარებით, სტატისტიკურად არაა დიდი განსხვავება. ნიშნული პროცენტულად არც დაბლა მიდის, არც – მაღლა. მოსახლეობას არ აქვს განგაშის საფუძველი. წელს თბილისში 2 გიურზა დავიჭირეთ. ერთერთი იყო ლოტკინზე, სარდაფში. ლოტკინი არ არის გიურზას გავრცელების არეალი და, სავარაუდოდ, იქ შემთხვევით მოხვდა. როგორც სახლის მეპატრონემ თქვა, ეს შემთხვევა, სავარაუდოდ, კახეთში მოგზაურობას უკავშირდება. იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა მივედით და უკვე მკვდარი დაგვხდა გიურზა.
თბილისში გორის მსგავსი შემთხვევა არ გვქონია, როცა საწოლში ნახეს გველი. მაგრამ სახლში გველის ნახვის შემთხვევა ბევრი გვქონდა წელსაც. შედიან ისინი სახლში. მათი საყვარელი ტემპერატურაა, დაახლოებით, 18-დან 27 გრადუსამდე. ისინი ცდილობენ, მათთვის კომფორტულ გარემოს შეაფარონ თავი. ეს შიძლება, იყოს სახლის სარდაფი, საკუჭნაო.
მაღალსართულებზე გველის მოხვედრის შანსი არის რემონტის პერიოდში, შეიძლება, სამშენებელო მასალებს აყვეს. ასევე, არის რამდენიმე სახობის გველი, რომელიც კედლებზე დადის. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მეხუთე, მეცხრე, მეთექვსმეტე სართულზე ავა. კორპუსის გარეთა ნაწილს გააჩნია, რა მდგომარეობაშია“, – განაცხადა რატი მამუკაშვილმა.

მანვე განმარტა, როგორ უნდა დავამუშაოთ ტერიტორია ისე, რომ იქ ქვეწარმავლებმა არ დაიბუდონ. მამუკაშვილის თქმით, გოგირდისა და საბურავების დაწვას გველის დასაფრთხობად აზრი არ აქვს.

„გველების დასაფრთხობად ბევრი ხალხური საშუალება არსებობს. გაგონილი გვაქვს გოგირდისა და რეზინის დაწვის შესახებ, რასაც ეფექტი არ აქვს იქედან გამომდინარე, რომ კვამლი მაღლა ადის. იდეაში, გოგირდის კვამლსა და სუნს უნდა ჰქოდნეს გველების დაფრთხობის ეფექტი, მაგრამ ასე არ ხდება.
ყველაზე ეფექტიანია ეზოს შეწამვლა. რამდენიმე წესი არსებობს: საუკეთესოა ის, რომ სანამ წამალს მოასხამთ, ეზო იყოს დალაგებული. არ უნდა იყოს სამშენებლო ნარჩენები, რკინები, ფიცრები, ეზო აუცილებლად უნდა გაითიბოს“, – განმარტა მამუკაშვილმა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები