EBRD, ენერგეტიკული ქსელის გაძლიერებისა და გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს 90 მლნ ევროს გამოუყოფს

საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის გაფორმდა შეთანხმება, რომელიც, საქართველოს ენერგეტიკული ქსელის გაძლიერებისა და გაუმჯობესების მიზნით, ითვალისწინებს 90 მლნ ევროს ოდენობის ფინანსური რესურსის გამოყოფას. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

დოკუმენტს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონულმა დირექტორმა კავკასიაში, კატარინა ბიორლინ ჰანსენმა მოაწერეს ხელი.

,,პროექტის მიხედვით, დაგეგმილია:

• ლაჯანური-წყალტუბოს 500 კვ 49 კმ-იანი ერთჯაჭვა ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა;

• ნამახვანი-წყალტუბოსა და ნამახვანი-ტვიში-ლაჯანურის ერთჯაჭვა 220 კვ 58 კვ ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობა;

• ლაჯანურის ახალი ჰიდროელექტროსადგურის 220 კვ 5 კმ ერთჯაჭვა ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა;

• ნენსკრა-მესტიის 110 კვ 57 კმ-იანი ორჯაჭვა ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა;

• ნენსკრას 500/220/110 კვ ქვესადგურის მშენებლობა და წყალტუბოს ქვესადგურის გაფართოება;

• კავკასიონის 500 კვ ერთჯაჭვა ეგხ-ის შეჭრისა და ნენსკრას ქვესადგურის ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურთან 220კვ დაკავშირების მშენებლობა.

პროექტს განახორციელებს სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა” და მისი დასრულება დაგეგმილია 2026 წლის ზაფხულში.

„საქართველოს ენერგეტიკული ქსელის გაძლიერების პროექტი” ხელს შეუწყობს ქვეყნის ენერგოსისტემის გაძლიერებას, ენერგოდამოუკიდებლობისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებას”, – ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები