მამუკა მდინარაძე – ჩვენ გვაქვს სამი პრიორიტეტი: ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა, ეკონომიკა და და არჩევნები, რომელიც უნდა ჩავატაროთ უსაფრთხოდ

“საქართველომ, ქართული ოცნების ხელისუფლებამ შეძლო ეფექტიანად ემართა ეპიდსიტუაცია არა მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის დროს, არამედ საგანგებო მდგომარეობის შემდეგ. ამისთვის, კარგი გაგებით, ბრწყინვალე იარაღი აღმოჩნდა ის საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც მივიღეთ და რომლის გაგრძლებაზეც ახლა არის საუბარი”, -განაცხადა ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ” კანონში შესატან ცვლილებაზე საუბრისას.

კანონში შეტანილი ცვლილებების მოქმედების ვადა ივლისის 15-მდე იყო. „ თუმცა გარდა იმისა, რომ ამ რეგულაციებით ჩვენ, ერთი მხრივ, შესაბამისი მექანიზმებით ვიცავთ მოქალაქეების ჯანმრთელობას, ასევე ვიცავთ ინტერესს, რომ ეკონომიკას მიადგეს ნაკლები ზიანი. ამ რეგულაციების არსებობის პირობებში, ჩვენ უფრო მეტად გავხსენით ეკონომიკა. რეგულაციები საჭირო არ გახდა. საბედნიეროდ, მართვა და მენეჯმენტი განხორციელდა ისე, რომ პირიქით. ამის მაგალითია ისიც, რომ ჩვენ დღეს გავხსენით ფიტნეს კლუბები და სავარჯიშო დარბაზები. მაგრამ თუ იქნა მეორე ტალღა, ეს შესაძლებელია იყოს სექტემბერში, ოქტომბერში და აქ უკვე დგება მესამე ინტერესის დაცვის საკითხი. მესამე ინტერესი არის ის, რომ ჩვენ არჩევნები უნდა ჩავატაროთ დათქმულ დროს, კონსტიტუციით განსაზღვრულ თვეს, დღეს და რიცხვში”, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ. მისი თქმით, ეს მესამე ინტერესი არის ძალიან მნიშვნელოვანი.

„იყო ათასგვარი სპეკულაციები არჩევნებთან დაკავშირებით, ხან გადმოწევაზე და ხან გადაწევაზე საუბრობდნენ. ამას არავინ აპირებს. ჩვენ უნდა ჩავატაროთ დათქმულ დროს არჩევნები და არ უნდა დაგვჭირდეს არცერთ შემთხვევაში პატარა პრობლემის შექმნის გამო სექსტემბერში ან ოქტომბერში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება. ამიტომ უნდა არსებობდეს რეგულაციები, რომელიც მოგვცემს საშუალებას პატარა აფეთქების თუ ეპიდსიტუაციის დამძიმების სიტუაციაში ამ საკანონმდებლო რეგულაციებმა მისცეს ეფექტიანი მენეჯმენტის საშუალება ხელისუფლებას, როგორც მას დღემდე ვახერხებდით. ეს არის მთავარი მიზეზი”, -აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

როგორც ვიცე-სპიკერს მიაჩნია, ვადის გაგრძელება წლის ბოლომდე არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარების საშუელაბას მოგვცემს.

„ჩვენ გვაქვს უკვე პრაქტიკა, რომ არა თუ ამ სპეკულაციებით გათვალისწინებული საკითხები ისე არ დალაგდა, როგორც ოპონენტები ამბობდნენ, არამედ ხელისუფლებამ მოხსნა გარკვეული შეზღუდვები ამ პერიოდის განმავლობაში. ეს გამომდინარეობს ერთადერთი ფაქტორიდან – ეს არის ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ გაგვირთულდება ეპიდემიოლოგიური სურათი ქვეყანაში და დაგვჭირდება გარკვეული მცირე ჩარევა, რასაც ჰქვია რეგულაცია და რეგულაციები უკვე იქნება ძალაში, ჩვენ არ დაგვჭირდება სექტემბერში ან ოქტომბერში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება. არჩევნების ჩატარებას არ უნდა დაემუქროს არანაირი საფრთხე მხოლოდ იმიტომ, რომ იმ პერიოდისთვის არ გვქონდეს შესაბამისი რეგულაცია. ამით არის ჩვენი არგუმენტაცია გამოწვეული, რომ ეს უნდა იყოს წლის ბოლომდე. ჩვენ გვაქვს სამი პრიორიტეტი: ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა, ეკონომიკა და და არჩევნები, რომელიც უნდა ჩავატაროთ უსაფრთხოდ”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.​

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები