„ტყის კოდექსი“ თითქმის ნახევარ საქართველოს ფარავს და მისი მდგრადი განვითარების პრინციპებს აყალიბებს

„ტყის კოდექსის“ შინაარსი და მნიშვნელობა გაცილებით ფართო და დიდია, ვიდრე ის, რაც საზოგადოებამ ბოლო დღეებში მოისმინა. ის ნამდვილად არ არის „კანონი ეკლესიისთვის ტყეების გადაცემის შესახებ“, – აცხადებს СENN-ის სატყეო პროგრამის კოორდინატორი, რეზო გეთიაშვილი და დასძენს, რომ დოკუმენტზე ხანგრძლივი და მონაწილეობრივი მუშაობის პროცესში ქვეყნის განვითარებისა და მისი უსაფრთხოებისთვის საკვანძო გადაწყვეტილებების მიღება მოხერხდა.

გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის შეფასებით, 22 მაისს საქართველოს პარლამენტის მიერ „ტყის კოდექსის“ მიღებას წინ უძღვოდა საჯარო, საზოგადოებრივი, სამეცნიერო და კერძო სექტორებს შორის მიმდინარე შვიდწლიანი დიალოგი. მასში ჩართული იყო ყველა სახელმწიფო უწყება. განხილვებმა მოიცვა თითქმის ყველა მუნიციპალიტეტი. „ყველა ყველაფერზე ვერასოდეს თანხმდება, შეხედულებების სისტემებსაც თავისი ვადა აქვს და გაუმჯობესების დროც სწრაფად დგება, მაგრამ, მთლიანობაში, შემუშავდა დოკუმენტი ქვეყნის ყველაზე მასშტაბური და წინააღმდეგობრივი დარგის თანმიმდევრული რეფორმირებისთვის. კოდექსმა ტყის მართვა უნდა მოიყვანოს შესაბამისობაში ქვეყნის როგორც გარემოსდაცვით, ასევე, ეკონომიკურ, ენერგეტიკულ, სოციალურ პოლიტიკებსა და განვითარების პროგრამებთან. რესურსების რაციონალურმა გამოყენებამ ერთნაირად უნდა უზრუნველყოს როგორც ტყის მრავალმხრივი ღირებულებების დაცვა, ასევე, ქვეყნისთვის სარგებლის მიცემა. ამ კუთხით, კოდექსი თანხვედრაშია იმ გარემოსდაცვით, ეკონომიკურ და ენერგეტიკულ საკანონმდებლო ინიციატივებთან, რომელიც პარალელურად შემუშავდა, მათ შორის, ასოცირების შეთანხმების განხორციელების ფარგლებში.

კოდექსზე მუშაობის დროს მიღწეულ ყველაზე მნიშვნელოვან პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს შორის უნდა გამოიყოს სოციალური ჭრების გაუქმება. შეშის არამდგრადი მეთოდებით დამზადება, რაც 1990-იანი წლებიდან დღემდე რეგიონების გათბობის ძირითადი საშუალება და ტყეების მთავარი ფუნქციაა, ბუნებრივ ლანდშაფტებს უდიდეს ზიანს აყენებს. თითოეული  ზამთრის გადატანა მილიონობით მოჭრილი ხის და ასი ათასობით ჰექტარზე უნიკალური ეკოსისტემების შეუქცევადი დეგრადაციის ფასად გვიჯდება. ახალი რეგულაციებით, შეშა გათბობის ერთ-ერთ საშუალებად დარჩება, მაგრამ დამზადდება ნორმირებულად, რაციონალურად და, რაც მთავარია, სატყეო მეურნეობის კვალიფიციური პერსონალის მიერ. პროცესის ორგანიზება შექმნის მეტ შესაძლებლობას ეკოლოგიური თუ ეკონომიკური მდგრადობისა და, თუნდაცზ შრომის უსაფრთხოებისთვის, რის გამოც დღეს ადამიანები იღუპებიან.

ენერგეტიკული ზეწოლის შემცირების კვალდაკვალ, კოდექსს შემოაქვს ტყეების მრავალფუნქციური მართვა, რომლის ფარგლებშიც, თითოეულ უბანს ენიჭება დაცვითი, დაცული, რეკრეაციული თუ სამეურნეო ტყეების კატეგორია, რაც მისი ბუნებრივი ღირებულებებიდან ან სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორებიდან გამომდინარეობს.

კოდექსი ასევე უშვებს საკუთრებისა და მართვის ფორმების დივერსიფიკაციას, ოღონდ – სიფრთხილის პრინციპით. ეს არის საჭირო პირობების შექმნა იმისთვის, რომ სატყეო დარგში მოვიაზროთ სხვადასხვა მოთამაშეები – სოფელი, მუნიციპალიტეტი, კერძო და ფერმერული მეურნეობა და ეკლესიაც. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ საკუთრების, მართვისა და სარგებლობის ნებისმიერ ფორმას თანაბრად არეგულირებს როგორც ამ კოდექსით, ასევე, მთლიანად, სატყეო კანონმდებლობით გაწერილი წესები, სახელმწიფო კი იტოვებს მართვის რეჟიმების დადგენის, გეგმების შეთანხმებისა და ზედამხედველობისა ფუნქციას.

კოდექსს ტრადიციული სატყეო  მეურნეობაში, რომელიც აქამდე მთლიანად ჭრებზე იყო აგებული, შემოაქვს თანამედროვე ბაზარზე მოთხოვნადი ტყის პროდუქტების, მათ შორის, არამერქნული რესურსების წარმოება. კანონის ფარგლებში ექცევა არაერთი ტრადიციული პროდუქტის კომერციულად დამზადება, რაც აქამდე მხოლოდ პირადი სარგებლობისთვის იყო დასაშვები. ამით ის პასუხობს სიღარიბის შემცირების, ახალი სამუშაო ადგილების შექმნისა და მრავალდარგობრივი ადგილობრივი ეკონომიკის განვითარების საჭიროებებს.

კოდექსი ქმნის კარგ ჩარჩოს, რათა შემდგომში სხვადასხვა პროგრამაში სატყეო საკითხების სწორი ინტეგრირებით მივიღოთ სწრაფი ეკონომიკური ეფექტები. მაგალითად, ეკოტურიზმის მიმართულებით, სატყეო სააგენტოს შეუძლია, გაიმეოროს დაცული ტერიტორიების პრეცედენტი, რომელიც თითქმის ყოველწლიურად აორმაგებდა ტურისტულ ნაკადებსა და შემოსავლებს. ასევე, შეუძლია, ინტეგრირდეს სოფლის განვითარების სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმასთან და მოსახლეობისთვის შექმნას დამატებითი შემოსავლები“.

რაც შეეხება საპატრიარქოსთვის ტყეების გადაცემის საკითხს  – რეზო გეთიაშვილის განმარტებით, „აღნიშული ტყეებისთვისაც სწორედ სახელმწიფომ უნდა დაადგინოს მართვის რეჟიმები, შეითანხმოს გეგმები და განახორციელოს მონიტორინგი. ამ ტყეებზეც ჩვეულებრივ გავრცელდება „ტყის კოდექსის“ ყველა მუხლი. მაგალითად, ვერ შეიზღუდება ფეხით გადაადგილება, აიკრძალება მშენებლობები დროებითი, მსუბუქი ნაგებობების გარდა. ტყეების მართვა ეკლესიისთვის საკმაოდ დიდი ტვირთია, თუმცა, სწორი მართვის შემთხვევაში, რიგ უბნებზე ეკონომიკური სარგებელის მიღებაც იქნება შესაძლებელი, განსაკუთრებით, ტურისტული მომსახურების სხვადასხვა ფორმის განვითარებით“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები