შალვა პაპუაშვილი – ბრიუსელის გაუქმებულ შეხვედრაზე: რაც შეეხება საბაბს, რომ ვიღაც იყო მიუღებელი, ვინ ეკითხება მეორე მხარეს როგორ დაკომპლექტდება დელეგაცია – სინამდვილეში გაექცნენ დიალოგს

რაც შეეხება საბაბს, რომ ვიღაც იყო დელეგაციიდან მიუღებელი, ვინ ეკითხება მეორე მხარეს როგორ დაკომპლექტდება ქართული დელეგაცია?! სინამდვილეში გაექცნენ დიალოგს. იციან, რომ ცრუ ნარატივებს ვერ შეინარჩუნებენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის მიერ გაუქმებულ შეხვედრასთან დაკავშირებით გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, ბრიუსელს ეშინია დიალოგის, ვინაიდან იცის, რომ ცრუ ნარატივზე აწყობილი კრიტიკა ჩამოეშლება.

„მზად იყო დელეგაცია, რომ მიეღო მონაწილეობა ამ შეხვედრაში, მზად იყო, რომ ყველა ის ცრუ ნარატივი, რომელზეც დღეს ბრიუსელი დგას, ის დეზინფორმაცია, რომელსაც ბრიუსელი ავრცელებს, ყველაზე არგუმენტირებული პასუხი გაეცა. სინამდვილეში გაექცნენ ზუსტად ამ დიალოგს. ვინაიდან იციან, რომ ცრუ ნარატივებს ვერ შეინარჩუნებენ და ერთი მართალი სიტყვა ჩამოამსხვრევდა ამ ცრუ ნარატივებს. ვინც გაურბის დისკუსიას, ის არის სუსტი. ძლიერს არ ეშინია დისკუსიის. ამიტომ არის, რომ ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, ნებისმიერი რადიკალური აზრის მქონე ადამიანთანაც კი დისკუსიისა და მსჯელობისთვის. მსჯელობას გაურბიან სუსტები.

რაც შეეხება საბაბების ძიებას, რომ ვიღაც იყო დელეგაციიდან მიუღებელი, ჯერ ერთი ვინ ეკითხება იმ მეორე მხარეს, როგორ დაკომპლექტდება ქართული დელეგაცია?! მათ თუ სურთ მოისმინონ პასუხები, საქართველოს მთავრობამ დააკომპლექტა დელეგაცია ისე, რომელიც გასცემდა კომპეტენტურ პასუხებს. და მეორე, ვინ გვეუბნება ამას – ბრიუსელი?! სადაც ევროკომისიის კაბინეტებში ზურაბ ადეიშვილი ეჯდათ სულ ცოტა ხნის წინ. მართლმსაჯულების კომისართან ეჯდათ ზურაბ ადეიშვილი, წამების სისტემის შემქმნელთან ისხდნენ. ეს ხალხი გვიწუნებს ჩვენ რამეს დელეგაციაში? ეს ხომ არის ფარისევლობა და „სოვეტიზაცია“ ბრიუსელის?! აბსოლუტურად აცდენილები არიან იმას, რასაც ჰქვია ევროპა და ევროპული ღირებულება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები