ბექა ნაცვლიშვილი: ჯანდაცვის კომერციალიზაციის წინააღმდეგ ბრძოლა არის მთავარი, ექთნების ღირსეული შრომის პირობებისა და საყოველთაო ხარისხიანი ჯანდაცვის უზრუნველსაყოფად

ჯანდაცვის კომერციალიზაციის წინააღმდეგ ბრძოლა არის მთავარი ექთნების ღირსეული შრომის პირობებისა და საყოველთაო ხარისხიანი ჯანდაცვის უზრუნველსაყოფად, – ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა წევრმა, ბექა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

ნაცვლიშვილი ექთნებს, სანიტრებს და მედპერსონალს ექთნების საერთაშორისო დღეს ულოცავს.

“დღეს 12 მაისია, ექთნების საერთაშოროსო დღე. ამ დღეს, მსოფლიო თანამეგობრობა კიდევ ერთხელ გამოხატავს მადლიერებას ექთნების, ბებია ქალების და სანიტრების მიმართ, იმ პროფესიების წარმომადგენლების მიმართ, ვინც უხილავი შრომის საფუძველზე, რეალურ კავშირს წარმოადგენს ჯანდაცვის სიტემასა და საზოგადოებას შორის, კლინიკასა და პაციენტს შორის.

2019 წლის 12 აპრილს, საქართველოს პარლამენტში, ჯანდაცვის კომიტეტში ჩემი ინიციატივით დამოუკიდებელმა ფროფკავშირმა „სოლიდარობის ქსელი” წარმოადგინა კვლევის შედეგების ექთნების სამუშაო პირობების შესახებ. კვლევის შედეგების განხილვისას, როგორც ჯანდაცვის კომიტეტმა, ისე ჯანდაცვის სამინისტრომ აღიარეს იმ პრობლემების არსებობა, რომელიც კვლევაში იყო წარმოდგენილი და რომელსაც ექთნები და სანიტრების ყოველდღე აწყდებიან. ექთნების ანაზღაურება რომელიც ხშირად 300-400 ლარს არ აღემატება, უბიძგებს მათ, ერთი სამუშაო დღის განმავლობაში სხვადასხვა კლინიკაში, რამოდენიმე ცვლაში შესვენების გარეშე იმუშაონ. ამასთან ერთად დარღვეულია ყველა სტანდარტი, თითო ექთანს უწევს შეუსაბამოდ ბევრ პაციენტზე ზრუნვა, რაც კიდევ უფრო ამძიმებს მათ შრომის პირობებს. ეს არის იმ პრობლემების მცირე ჩამონათვალი რასაც ექთნები და სანიტრების ყოველდღე აწყდებიან.

ერთი წელი გავიდა მას შემდეგ. არცერთ უწყებას თითი თითზე არ დაუდია ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად.

2020 წელი ექთნების წლად იყო გამოცხადებული. მაგრამ ვერც ერთი სიმბოლური თარიღი ვერ მოჰფენდა ნათელს მათ ფასდაუდებელ შრომას, როგორც ეს პანდემიამ მოახდინა. მათი უხილავი შრომა ყველასთვის ხილული გახდა. მაშინ როცა საზოგადოების დიდი ნაწილი სახლიდან ადევნებს თვალს პანდემიასთან ბრძოლას, ისინი მოვლენათა ეპიცენტრში არაინ ვირუსთან გამაკლავებისთვის ბრძოლაში და ამ ბრძოლის მთავარ საყრდენს წარმოადგენენ.

კარგია. რომ ეს საზოგადოებამ დღეს ტელევიზორიდან მაინც დაინახა და მადლიერებით აღივსო მათ მიმართ. კარგია რომ ტაშითაც გავამხნევეთ ისინი.

მაგრამ მხოლოდ ტაში არ კმარა, ამიერიდან მაინც ყველამ ვიბრძოლოთ მათი ღირსეული ანაზღაურებისთვის შრომის პირობებისთვის. მათი შრომის ღირსეული შრომის პირობებისთვის ბრძოლა, არა მხოლოდ მორალური აქტია, არამედ საკუთარ ხაისხიან ჯანდაცვაზე ზრუნვაც.

დღეს მთელი მსოფლიო ექთნების სიმცირეს უჩივის, მათ შორის საქართველოც. საქართველოში ერთ ექთანს შეუსაბამოდ დიდი რაოდენობის პაციენტზე უწევს ზრუნვა, რაც ნებისმიერი გონივრული სტანდარით დაუშვებელია. ამას ემატება შესვენების დროის სიმცირე და რამოდენიმე ცვლაში გადაბმულად მუშაობისგან გამოწვეული გადაღლილობა. არაფერს ვამბობ მათ მიზერულ ანაზღაურებაზე. შესაბამისად ექთნებისა და ზოგადად სამედიცინო პერსონალის შრომის პირობები პირდაპირ აისახება ჯანდაცვის ხარისხზე.

მაგრამ, პრობლემის სათავეს არა ექთნების სიმცირე, არამედ ქართული კომერციალიზებული ჯანდაცვის სისტემა წარმოადგენს. ჯანდაცვის სექტორის 90 % ზე მეტი პრივატიზებულია. კლინიკებისა და ჰოსპიტალების უმრავლესობა ბიზნეს სუბიექტებს წარმოადგენს, რომელთა უპირველესი მიზანი არა ჯანმრთელობაზე ზრუნვაა, არამედ კომერციული მოგების ზრდა. მოგება კი ხარჯების შემცირების და ხშირად სტანდარტების უგულველყოფისა და ადამიანების შრომის ექსპლუატაციის ხარჯზე მიიღწევა. ჯანდაცვა საჯარო სიკეთეა და არა ბიზნესი. ეს არ არის ფუფუნების საგანი, მაგალითად ძვირიანი მაჯის საათი, რომელსაც იყიდი ან არ იყდი. ხარისხიანი ჯანდაცვა ადამიანის განუყოფელი უფლებაა, მასზე ზრუნვა კი სახელმწიფოს განუყოფელი ვალდებულება, თანაბრად ყველა მოქალაქის მიმართ. ამიტომ კომერციალიზებული ჯანდაცვის სიტემის პირობებში ვერც ჯანდაცვის ხარისხი, ვერც ხელმისაწვდომობა და ვერც ექთნების ღირსეული შრომის პირობები იქნება გარანტირებული.

პანდემიის პირობებშიც კი, ზოგიერთი ექთანი მის კუთვნილ ანაზღაურებას ელოდება, ზოგიერთს საკუთარი უსაფრთხოებისთვის საჭირო აღჭურვილობის გარეშე უწევს პანდემიასთან ბრძოლა.

ამიტომ ჩვენი ექთნების, სანიტრების და მთლიანად მედპერსონალის მიმართ გამოთქმული მადლობა მხოლოდ სიტყვებად რომ არ დარჩეს დღესვე უნდა ვიბრძოლოთ მათი უსაფრთხო და ღირსეული შრომის პირობებისთვის, ღირსეული ანაზღაურებისთვის და რაც მთავარია საელმწიფო კლინკებისა და ჰოსპიტალებისთვის, რაც არის გარანტი, რომ ხარისხიანი ჯანდაცვა იყოს არა ერთეულების ფუფუნება, არამედ იქცეს ყველა ჩვენი მოქალაქის განუყოფელ უფლებად.

ხოლო ექთნებს, სანიტრებს, ექიმებს, მედმუშაკებს მოვუწოდებ რომ შექმნან ძლიერი პროფესიული გაერთიანებები, რათა ვერავინ, ვერც ერთ გარემოებაში, შეძლოს მათი შრომის ექსპლუატაცია,” – აცხადებს ბექა ნაცვლიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები