„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ გამოსახლების დავებზე ზეპირი მოსმენის გარეშე სასამართლოში დანიშნული სხდომების შეჩერებას მოთხოვნით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს რეკომენდაციით მიმართა
ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის დავებზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, საერთო სასამართლოებში დანიშნული სხდომების გადადებისა და საგანგებო მდგომარეობის სრულ გაუქმებამდე, საქმის წარმოების შეჩერების რეკომენდაციით, საქართველოს იუსტიციის უმაღლესს საბჭოს მიმართა.
ორგანიზაციას მიაჩნია, რომ საერთო სასამართლოებმა, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის დავებზე, საქართველოში საგანგებო მდგომარეობის სრულ გაუქმებამდე, უნდა შეაჩერონ საქმისწარმოება, ვინაიდან ზეპირი მოსმენის გარეშე საქმეთა განხილვა და ფორმალური მართლმსჯაულების განხორციელება, ლახავს ყველა იმ ფიზიკური და იურიდიული პირის სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობას, შეჯიბრებითობასა და მტკიცების ტვირთის სამართლიან გადანაწილებას, რომელიც გამომდინარეობს საკუთრების უფლების დაცვისა და მასზედ შედავების შესაძლებლობებიდან. შესაბამისად, საჭიროა იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, ამ მიმართულებით, საერთო სასამართლოებს, დამატებითი რეკომენდაცია მისცეს და უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის დავებზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, საქმისწარმოების პროცესი შეაჩეროს.
ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს იმის შესახებ, რომ არაერთ საქმეში დადგენილია შემდეგი – მოსარჩელემ და მოპასუხემ, წარმოდგენილი სარჩელითა და შესაგებლით სარჩელზე, უარი განაცხადეს საქმის ზეპირი მოსმინის გარეშე განხილვაზე. ამდენად, ნების გონივრული განსჯის მიხედვით, ცალსახად დგინდება, რომ მხარეები სასამართლოსგან მოითხოვენ საქმის ზეპირი მოსმენით განხილვას და აღნიშნული უფლებით, სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობას.
ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს იმის შესახებ, რომ არაერთ საქმეში მხარეებს სასამართლოსთვის საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თანხმობა არ მიუციათ. არაერთ საქმეში სააპელაციო სასამართლოების მხრიდან იკვეთება ზეპირი მოსმენის გარეშე საქმეების განხილვის შემთხვევები, დანიშნული სხდომები, როდესაც მხარეებს არ ჩაბარებიათ და მათთვის უცნობია სააპელაციო საჩივრის და სააპელაციო საჩივარზე შესაგებლის მასალები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი შეეხება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ, აგრეთვე თუ საქმე შეეხება უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვას და საქართველოს საბანკო დაწესებულებების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების − კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტების მიერ დადებული (მათ შორის, ელექტრონული ფორმით დადებული) სესხის (კრედიტის) გაცემის შესახებ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავებს, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია საქმე განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე. საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ წინასწარ უნდა ეცნობოს მხარეებს. ზემოთ აღნიშნული გარემოებების არსებობის შემთხვევაშიც მოსამართლეს უფლება აქვს, საქმე განიხილოს ზეპირი მოსმენით.
ორგანიზაცია ყურადღებას დაუთმობს იმ გარემოებას, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქმე სასამართლომ განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე, წარმოადგენს სასამართლოს უფლებამოსილებას და არა – ვალდებულებას. ეს პირდაპირ კავშირშია სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობასთან და არსებითად არღვევს დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპს. დავის საგანი შეეხება ქონებრივ უფლებებს, იურიდიულ ინტერესს საკუთრებაზე, რომლის გამოთხოვისა და დავის მორიგებით დასრულების მიზნით, შესაძლებელია, მხარეები, ასევე მორიგდნენ, ზეპირი მოსმენის გარეშე საქმის განხილვა, მხარეთა თანხმობის გარეშე კი, სასამართლოს მხრიდან ამ შესაძლებლობის მოსპობას წარმოადგენს.
აღიარებული პრინციპის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
თუ სასამართლო საქმეს ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს, მხარეებს არსებითად დაერღვევა ამ უფლებით სარგებლობის საშუალება. ვინაიდან სასამართლოსადმი მიმართვა არ არის აბსტრაქტული უფლება და სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობა უშუალოდ დაკავშირებულია მხარის მიერ შეჯიბრებითობის პრინციპის განხორციელებასთან, საქართველოს იუსტიციის საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე, უნდა მოხდეს უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის დავებზე საქმისწარმოების პროცესის შეჩერება.
ორგანიზაციას მიაჩნია, რომ სასამართლოს მხრიდან დასაბუთებული არ არის, თუ რა აუცილებელ ლეგიტიმურ მიზანს ემსახურება საქმეზე ზეპირი მოსმენის გარეშე სხდომის მოწვევა. ასეთი გადაწყვეტილება არ გამომდინარეობს საქმის განხილვის საპროცესო ვადების დარღვევის საშიშროებიდან, ხოლო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელების პრინციპი, განსახილველ შემთხვევაში, თუ ის კონფლიქტში მოდის მხარის ფუნდამენტურ საპროცესო უფლებების განხორციელების შეუძლებლობასთან ან დარღვევასთან, ვერ იქნება გაზიარებული. ამ შემთხვევაში, სასამართლო თავად დაარღვევს პროცესის მონაწილე ერთ-ერთი მხარის კონსტიტუციურ უფლებას მაინც. აღნიშნულს თან ემატება დაცვის უფლების სრულფასოვნად განხორციელების შესაძლებლობის ხელმიწვდომლობა, ვინაიდან შექმნილი ვითარების პირობებში, წარმომადგენლების გადაადგილების, მხარეებთან კონტაქტი და მასალებთან წვდომა, შეზღუდულია.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ მიზანშეწონილად მიიჩნევს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მიიღოს რეკომენდაცია და საქართველოში საგანგებო მდგომარეობის სრულად გაუქმებამდე, საერთო სასამართლოების სისტემაში ზეპირი მოსმენის გარეშე, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის დავებზე მოხდეს საქმისწარმოების შეჩერება, რაც ხელს შეუწყობს სასამართლოს მიმართ მხარეთა ნდობის განმტკიცებას და ამაღლებას.
ცნობისთვის: 2020 წლის 13 მარტს მიღებულ იქნა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეკომენდაცია #1 „კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღსაკვეთად სასამართლო სისტემაში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“, რომლის 1-ელი მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საერთო სასამართლოებმა უნდა უზრუნველყონ წარმოებაში არსებულ საქმეთა (გარდა შემჭიდროებულ ვადებში განსახილველი საქმეებისა) განხილვის გადადება საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი საქმეთა განხილვის ვადების გათვალისწინებით და საქმეთა ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა საპროცესო კანონმდბელობით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
„საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 21 მარტის #181 დადგენილებისა და „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 აპრილის #2 ბრძანების პირობებში, საერთო სასამართლოების მხრიდან აქტიურად დაიწყო ისეთი საქმეების განხილვა, რომელიც შეეხება უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის დავებს.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ რეკომენდაცია საქართველოს იუსტიციის უმაღლესს საბჭოს ელექტრონული ფორმით უკვე მიეწოდა.