თაღლითური გზით დიდი ოდენობის თანხის მითვისების ბრალდებით, “გურია ენერჯის” დირექტორი და რამდენიმე პირი დააკავეს.
ამის შესახებ სუს-ის მიერ გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.
“კერძოდ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტს. ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2022 წლის სექტემბრიდან 2023 წლის იანვრის ჩათვლით, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ნორიო-ლილოს დამაკავშირებელი 3.52 კმ სიგრძის ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების პროცესში, შპს ,,გურია ენერჯის“ 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი მ.ჟ. ტენდერის შესრულების კონტროლსა და ინსპექტირებაზე პასუხისმგებელი პირის პ.რ-ს დახმარებით, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების შედგენა-გამოყენების გზით, მოტყუებით დაეუფლა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კუთვნილ 403 095 ლარს, რითაც სახელმწიფოს მიადგა დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი. ექსპერტიზის დასკვნით, შპს „გურია ენერჯის“ მიერ სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად მიღებული/ჩაბარებული საავტომობილო გზა ექსპლუატაციისთვის უვარგისია. აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 25, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 362-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით. ბრიფინგის დაწყებამდე მედიასაშუალებებს მივაწოდეთ ფოტომასალა, სადაც ასახულია რა შედეგები მოჰყვება მსგავსი დანაშაულების ჩადენას, რაც არ შეიძლება სახელმწიფოს მხრიდან ვინმეს ეპატიოს. შესაბამისად, ხსენებულ და სხვა მსგავსი კატეგორიის საქმეებზე გრძელდება ინტენსიური გამოძიება დანაშაულებში თანამონაწილე სხვა პირთა გამოვლენისა და კორუფციული ფაქტების პრევენციის მიზნით. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ კორუფციასთან ბრძოლას და ამ მიმართულებით დანაშაულებრივი ქმედებების გამოვლინებას მომავალ პერიოდში ექნება შეუქცევადი ხასიათი, რასთან დაკავშირებითაც პერმანენტულად მოვახდენთ საზოგადოების ინფორმირებას“, – განაცხადეს სუს-ში გამართულ ბრიფინგზე.