გიორგობა და ორი შედევრი

ხელოვნებათმცოდნე ნოდარ პაპუაშვილი მეგობრებს გიორგობას ორიგინალურად ულოცავს – ფეისბუქის გვერდზე აქვეყნებს უბისის მონასტრის ფრესკას და რუბენსის „წმინდა გიორგის წამებას“.
„მართლმადიდებელი ქვეყნებისაგან განსხვავებით, საქართველოში ორჯერ აღინიშნება ,,გიორგობა“: 23 ნოემბერს – ბორბალზე წამების, და 6 მაისს – თავის მოკვეთის, ანუ წმინდანის აღსრულების დღე.
1. უბისას მონასტერში, მე-14 ს-ის ქართული ფრესკული მხატვრობის დიდოსტატის, დამიანეს მიერ შექმნილი ფრესკებიდან, ერთ-ერთი მეტად საინტერესო ნამუშევარია – ,,წმინდა გიორგი დიოკლეტიანეს წინაშე“. სახეები შესანიშნავად არის მოდელირებული, ფუნჯის მოძრაობა – თავისუფალი და უდიდესი ოსტატობით შესრულებული სამოსის ნაკეცები. პალეოლოგოსთა სტილის გავლენის მიუხედავად, დიდ ხატმწერ დამიანეს მიერ უბისას მონასტერში შესრულებული ,,წმ. გიორგი“ და ,,საიდუმლო სერობა“ უაღრესად ქართულია და შესრულების მხრივ – ძალზე საინტერესო.
2. ნიდერლანდური ბაროკოს ერთ-ერთი ფუძემდებლის, პიტერ პაოლო რუბენსის მიერ შექმნილი ,,წმინდა გიორგის წამება“ მრავალფიგურიანი კომპოზიციაა, ექსპრესიული, დიდოსტატურად შექმნილი შუქ-ჩრდილი და დინამიკური სხეულები ნახატს დიდი გამომსახველობას ანიჭებს“, – წერს ნოდარ პაპუაშვილი.