როგორ გაუმკლავდა ახალ გამოწვევას ლაგოდეხელი ფერმერი და რა შეღავათებს სთავაზობს სახელმწიფო გლეხებს (ვიდეო)
მსოფლიოს პირველი გამოწვევის – კორონავირუსის პანდემიის ფონზე, სახელმწიფოების ეკონომიკა უფრო და უფრო მეტად ხდება სოფლის მეურნეობაზე დამოკიდებული. ამ მხრივ არც საქართველოა გამონაკლისი. კორონავირუსმა ჩვენს ქვეყანასაც საკმაოდ დიდი ეკონომიკური ზარალი მიაყენა. მაშინ, როდესაც მოსახლეობის უმეტესობა კარანტინის რეჟიმშია, თითქმის სრულადაა შეჩერებული მცირე ბიზნესი, ტურიზმი კი ფაქტობრივად აღარ არსებობს და ბიუჯეტის დიდი ნაწილი სამედიცინო სექტორისკენ არის მიმართული, ერთადერთი რაც ეკონომიკის შესანარჩუნებლად შეიძლება გაკეთდეს წარმოებისა და აგროსფეროს გაძლიერებაა. სწორედ ამიტომ საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა თითქმის მთლიანად სოფლის მეურნეობის აღორძინებაზეა დამყარებული.
თუ რა პროცედურებია საჭირო იმისათვის, რომ დაინტერესებულმა პირმა, მთავრობის დახმარებით ისარგებლოს – ამის შესახებ “რეგიონულმა კვირამ” უკვე შემოგთავაზათ ვრცელი სტატია.
ასევე, გიამბეთ მათ შესახებაც, ვინც ახლა ჩაება სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ფერხულში და საკუთარი ბიზნესის წარმატებაში მთავრობის პროგრამები დაეხმარათ.
ამჯერად კი მათზე მოგიყვებით, ვისაც არასდროს მიუტოვებია სოფელი და აქტიურად იყო ჩართული სოფლის მეურნეობაში. კოვიდ-19-მა ასეთი ადამიანებიც გარკვეული გამოწვევების წინაშე დააყენა. ერთ-ერთი პირველი პრობლემა კი რაც გლეხს შეექმნა – მიღებული მოსავლის რეალიზებაა.
პროდუქციის სხვადასხვა ბაზარზე გატანასა და მის რეალიზებაში მოქალაქეს ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად, კახეთის თითოეული მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლებაც აქტიურად დაეხმარება.
იმის გასარკვევად, როგორ უნდა ისარგებლოს მთავრობის დახმარებით მოქალაქემ, რომელმაც არ იცის როგორ მოახდინოს მოსავლის რეალიზება “რეგიონული კვირა” ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭიაურში ალექსანდრე ხახიშვილს ესტუმრა.
სასათბურე მეურნეობა წლებია ხახიშვილების ოჯახის მთავარი შემოსავლის წყაროა. ფერმერი „რეგიონულ კვირასთან“ განმარტავს, რომ „უხილავი მტრის“ ქვეყანაში გამოჩენამ გარკვეული სახის პრობლემები შეუქმნა, თუმცა, მისივე განმარტებით, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მაქსიმალურად ცდილობენ, დაწესებული რეგულაციები და შეზღუდვები მათ არ შეეხოთ და კიტრის რეალიზება სრულყოფილად შეძლონ.
„ლაგოდეხი ძირითადად დამოკიდებულია მებაღჩეობა-მებოსტნეობაზე, გარკვეულწილად შეზღუდვები იყო ტრანსპორტირებაზე რომ შეგვეტანა მოსავალი ისეთ დიდ ქალაქებში, როგორებიცაა თბილისი, ქუთაისი და ა.შ. იმიტომ რომ იყო დაკეტილი. ახლა ჩასვლაზე არანაირი პრობლემა აღარ გვაქვს, გაიცემა საშვები მათზე, ვისაც მოსავლის რეალიზება უწევთ”, – ამბობს ალექსანდრე ხახიშვილი.
სოფლის მეურნეობის წინა პლანზე წამოწევის პროგრამის ფარგლებში, ლაგოდეხის მერია ადგილობრივებს პროდუქტის რეალიზებაში აქტიურად ეხმარება. მუნიციპალიტეტი თითქმის ყოველდღიურად გასცემს საშვებს იმ ადამიანებზე, რომელთაც საკუთარი მეურნეობა აქვთ და მათი პროდუქციის გატანა დიდი ქალაქების მოსამარაგებლად არის აუცილებელი.
„გზები ჩაიკეტა მართალია, მაგრამ ამ მხრივ, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიამ ყველაფერი გააკეთა და დღეს უკვე დაახლოებით, 20-მდე საშვი გაიცა. ამ ეტაპზე კაბლის ბაზარი იტევს მოსავალს, თუმცა როცა უხვი მოსავალი იქნება, საჭირო გახდება კიტრის, მაგალითად, თბილისის ბაზრებში გატანა. არის სოფელში რამდენიმე მოსახლე, ვისაც მსუბუქი ავტომობილი ყავს და ის წაიღებს, რა თქმა უნდა, კიტრს კაბლის საბითუმო ბაზარში და მცირე ფასნამატით გაყიდის“, – განმარტა თანანა ხვედელიძემ.
აღსანიშნავია, რომ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ყოველდღიურად 80-100 ტონა კიტრი იკრიფება. თითო მოსახლე სეზონზე დაახლოებით, 20-დან 30 ტონამდე კიტრის მოსავალს იღებს. ამ დროისთვის, კიტრის რეალიზების საბითუმო ფასი 1 ლარიდან 2 ლარამდე მერყეობს.
შეგახსენებთ, იმისათვის, რომ მთავრობის დახმარებით ისარგებლოთ, რამდენიმე პირობის დაკმაყოფილებაა საჭირო.
პირველ ყოვლისა, აუცილებელია, მოქალაქეს მიწის ნაკვეთი დარეგისტრირებული ჰქონდეს 2018 წლის 26 მაისამდე, აღებული ჰქონდეს იჯარით ან მინდობილობით. თუ პირი ამ კრიტერიუმებიდან რომელიმეს აკმაყოფილებს, ქვემოთ ჩამოთვლილი პუნქტები ერთგვარი გზამკვლევი იქნება, თუ რა უნდა გააკეთოს, რომ სახელმწიფოსგან სრული დახმარება მიიღოს.
1. მოქალაქემ უნდა მიმართოს ადგილობრივ თვითმმართველობას, სადაც სპეციალური სამსახურია შექმნილი, რომ თითოეულ დაინტერესებულ პირს დეტალური ინფორმაცია მიეწოდოს პროექტში ჩართვის შესახებ და მოქალაქეს განცხადების დაწერაში დაეხმარონ;
2. ამის შემდეგ, პირი მიდის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ადგილობრივ სააგენტოში განცხადების შესატანად, აქვე გაივლის ტრენინგებს, თუ როგორ მოუაროს მოსავალს და როგორ შეძლოს შემდგომში მისი რეალიზება;
3. ამის პარალელურად, მოქალაქე გადის იურიდიულ პროცედურებს, რომლებშიც, ასევე, ეხმარება ადგილობრივი მერია და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. აღსანიშნავია, რომ, ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის მიხედვით, პროცედურები გამარტივებულია;
4. ამის შემდეგ ხდება გრანტის დამტკიცება, რომელსაც სახელმწიფო 100%-ით აფინანსებს, ასევე, სრულად ფინანსდება ნერგების, საჭირო ინვენტარისა და სარწყავი სისტემის ხარჯები.
ერთადერთი, რასაც სახელმწიფო არ აფინანსებს, მიწის დამუშავებაა. მიწის დამუშავება კი ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის საკმაოდ შეღავათიან ფასებშია ხელმისაწვდომი. თუმცა, აჭარის რეგიონში ტექნიკით მომსახურება უსასყიდლოდ ხორციელდება.
ცნობისთვის, სოფლის მეურნეობის აღორძინება, მთავრობის გადაწყვეტილებით, ანტიკრიზისული გეგმის პრიორიტეტულ ნაწილს წარმოადგენს, რომლის მიხედვითაც უკვე არსებულ სახელმწიფო პროგრამებსა და შეღავათებს დაფინანსება დაემატა და პროექტში ჩართვის წესებიც გამარტივდა.