დამწყები ფერმერის წარმატებული ისტორია და რეკომენდაციები მათთვის, ვისაც აგროსფეროში ძალების მოსინჯვა სურს (ვიდეო)

მსოფლიოს დღის წესრიგში ახალმა კორონავირუსმა ძიერეული ცვლილებები შეიტანა. ვირუსმა, რომელიც, ერთი შეხედვით, უწყინარი, ადამიანისთვის ნაკლებად საზიანო ჩანდა, თითქმის მთლიანი ქვეყნის პარალიზება გამოიწვია. ახლა ყველა სახელმწიფო უდიდეს რესურსს ჯანდაცვის სისტემისკენ მიმართავს, რათა გადაარჩინოს ადამიანების სიცოცხლე. თუმცა, მსოფლიოს, ვირუსთან ბრძოლასთან ერთად, სხვა გამოწვევებიც აქვს. იმ ფონზე, როდესაც მოსახლეობის უდიდესი ნაწილი კარანტინის რეჟიმშია, ვეღარ მუშაობს მცირე ბიზნესი და ტურიზმი, ფაქტობრივად, აღარ არსებობს, ეკონომიკური სიძლიერის შენარჩუნება არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე – ვირუსთან ბრძოლა. მსოფლიოსთან ერთად კორონავირუსმა, ცხადია, პრობლემები საქართველოშიც შექმნა. თუმცა, უარყოფით გავლენებთან ერთად, კოვიდ19-მა ერთი კარგი საქმეც “გააკეთა” – ადამიანები მამაპაპისეულ მიწას დაუბრუნდნენ და ბევრმა მათგანმა აგროსფეროშიც მოსინჯა ძალები.
სოფლის მეურნეობით დაინტერესებულ საქართველოს მოქალაქეებს ხელს მთავრობა შეუწყობს. ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის გამო, მმართველმა გუნდმა გადაწყვიტა, ანტიკრიზისული გეგმის მნიშვნელოვანი ნაწილი სოფლის მეურნეობაზე ზრუნვას დაეთმოს. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას განაცხადა.

თუ რა პროცედურებია საჭირო იმისათვის, რომ მოქალაქე სოფლის მეურნეობის აღორძინების პროგრამაში ჩაერთოს, კონკრეტულად რა უნდა გააკეთოს დაინტერესებულმა პირმა, რომ მთავრობის დახმარებით ისარგებლოს – ამის შესახებ უკვე შემოგთავაზეთ ვრცელი სტატია.

სოფლის მეურნეობით დაინტერესებულ მოქალაქეებს, ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად, დაეხმარება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაც. აღნიშნულ საკითხზე აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურად მუშაობს.

იმის გასარკვევად, როგორ უნდა ისარგებლოს მთავრობის დახმარებით მოქალაქემ, რომელიც გადაწყვეტს, სოფლის მეურნეობას მიჰყოს ხელი, “რეგიონული კვირა” მაღალმთიან აჭარაში, სოფელ ჭარნალში ტარიელ ქოქოლაძეს ესტუმრა.

ტარიელ ქოქოლაძემ ორი თვეა, რაც სოფლის მეურნეობას მიჰყო ხელი. კორონავირუსის პანდემიის გამო, ბათუმიდან სოფელ ჭარნალში ოჯახთან ერთად დაბრუნდა და საკარმიდამო ნაკვეთში ბოსტნეული კულტურის მოყვანას შეუდგა. ქოქოლაძე “რეგიონულ კვირას” უყვება, რომ სოფელში ჩასვლისთვის დრო ნაკლებად რჩებოდა. ახლა კი, სახელმწიფოს ხელშეწყობით, მიწის ის ნაკვეთიც დაამუშავა, რასაც აქამდე ყურადღებას ვერ აქცევდა.

,,დიდი ხელშეწყობაა ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან, მე იშვიათად ამოვდიოდი სოფელში და არ ვიცოდი სხვადასხვა ხელშემწყობ პროგრამაზე. ახლა კი ვიცი, რით დამეხმარებიან. სიმართლე გითხრათ, ჩემს მეუღლეს ძალიან მოსწონს აქაურობა. არასოდეს ჰქონია მიწასთან შეხება, არასოდეს დაუმუშავებია, თუმცა ახლა ჩემთან ერთად რგავს ნარგავებს”, – ამბობს ტარიელ ქოქოლაძე.

სოფლის მეურნეობის წინა პლანზე წამოწევის ახალი პროგრამის ფარგლებში, ხელვაჩაურის მერია ადგილობრივ მოსახლეობას რამდენიმე დღეში 60 000 სხვადასხვა სანერგე ჩითილს უსასყიდლოდ გადასცემს. მერიის წარმომადგენელი ჭარნალის ადმინისტრაციულ ერთეულში ,,რეგიონულ კვირასთან” აღნიშნავს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება გლეხებისთვის სხვადასხვა პროგრამის განხორციელებას გეგმავს. ნუგზარ აბაშიძის თქმით, ნებისმიერ გლეხს ხვნა-თესვისთვის ტრაქტორის უფასო მომსახურებით სარგებლობის საშუალება ექნება.
“აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად, მუნიციპალიტეტის მერია სასოფლო-სამეურნეო პირობების გაუმჯობესებაში მაქსიმალურადაა ჩართული.  სამუშაოები სხვადასხვა მიმართულებით აქტიურად მიმდინარეობს. შემდეგ კვირაში ოჯახები უსასყიდლოდ მიიღებენ ჩითილების ნერგებს. სახნავ-სათესად კი შეუძლიათ შესაბამისი ტექნიკა ყოველგვარი საფასურის გარეშე გამოიყენონ. ეს ღონისძიებები ერთჯერადად არ ხდება, სოფელში დარიგდა შესაწამლი აპარატები, ასევე მოსახლეობის მოთხოვნით მანდარინისა და მოცვის ნერგებიც“,- განაცხადა ნუგზარ აბაშიძემ.

შეგახსენებთ, იმისათვის, რომ მთავრობის დახმარებით ისარგებლოთ, რამდენიმე პირობის დაკმაყოფილებაა საჭირო.

პირველ ყოვლისა, აუცილებელია, მოქალაქეს მიწის ნაკვეთი დარეგისტრირებული ჰქონდეს 2018 წლის 26 მაისამდე, აღებული ჰქონდეს იჯარით ან მინდობილობით. თუ პირი ამ კრიტერიუმებიდან რომელიმეს აკმაყოფილებს, ქვემოთ ჩამოთვლილი პუნქტები ერთგვარი გზამკვლევი იქნება, თუ რა უნდა გააკეთოს, რომ სახელმწიფოსგან სრული დახმარება მიიღოს.

1. მოქალაქემ უნდა მიმართოს ადგილობრივ თვითმმართველობას, სადაც სპეციალური სამსახურია შექმნილი, რომ თითოეულ დაინტერესებულ პირს დეტალური ინფორმაცია მიეწოდოს პროექტში ჩართვის შესახებ და მოქალაქეს განცხადების დაწერაში დაეხმარონ;

2. ამის შემდეგ, პირი მიდის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ადგილობრივ სააგენტოში განცხადების შესატანად, აქვე გაივლის ტრენინგებს, თუ როგორ მოუაროს მოსავალს და როგორ შეძლოს შემდგომში მისი რეალიზება;

3. ამის პარალელურად, მოქალაქე გადის იურიდიულ პროცედურებს, რომლებშიც, ასევე, ეხმარება ადგილობრივი მერია და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. აღსანიშნავია, რომ, ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის მიხედვით, პროცედურები გამარტივებულია;

4. ამის შემდეგ ხდება გრანტის დამტკიცება, რომელსაც სახელმწიფო 100%-ით აფინანსებს, ასევე, სრულად ფინანსდება ნერგების, საჭირო ინვენტარისა და სარწყავი სისტემის ხარჯები.

ერთადერთი, რასაც სახელმწიფო არ აფინანსებს, მიწის დამუშავებაა. მიწის დამუშავება კი ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის საკმაოდ შეღავათიან ფასებშია ხელმისაწვდომი. თუმცა, აჭარის რეგიონში ტექნიკით მომსახურება უსასყიდლოდ ხორციელდება.

ცნობისთვის, სოფლის მეურნეობის აღორძინება, მთავრობის გადაწყვეტილებით, ანტიკრიზისული გეგმის პრიორიტეტულ ნაწილს წარმოადგენს, რომლის მიხედვითაც უკვე არსებულ სახელმწიფო პროგრამებსა და შეღავათებს დაფინანსება დაემატა და პროექტში ჩართვის წესებიც გამარტივდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები