კორონავირუსი და სოფლის მეურნეობა – გზამკვლევი აგროსფეროში მთავრობისგან დახმარების მისაღებად (ვიდეო)
კორონავირუსის ეპიდემიის პირობებში, მსოფლიოში ადამიანების ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. არც საქართველო აღმოჩნდა გამონაკლისი და ქვეყანას ახალ რეალობასთან შეგუება და მასთან ადაპტირება მოუწევს. ვირუსმა, რომელიც ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა, საქართველოში ისევე – როგორც მთელს მსოფლიოში, ძალიან ბევრი რამ შეიცვალა – ჩაიკეტა საზღვრები და ჩაიკეტნენ ადამიანები სახლებში. უარყოფითი გავლენების გარდა, ვირუსმა რამდენიმე დადებითი შედეგიც გამოიღო, მაგალითად, ჰაერის დაბინძურების დონე მნიშვნელოვნად შემცირდა. საქართველოში კი ამ პროცესმა სოფლის მეურნეობის წინა პლანზე წამოწევას შეუწყო ხელი. ადამიანები დიდი ქალაქებიდან სოფლებში დაბრუნდნენ, ბევრმა მათგანმა კი მამაპაპისეული მიწების დამუშავებას მიჰყო ხელი. ზოგს საკუთარ მიწაზე წარმოების დასაწყებად შესაბამისი რესურსი არ გააჩნია. ეს სტატია სწორედ ასეთი ადამიანებისთვის იქნება ერთგვარი გზამკვლევი, თუ რა უნდა გავაკეთოთ და როგორ მივიღოთ სახელმწიფოსგან შესაბამისი დახმარება ჩვენი გეგმების რეალიზებისთვის. მაშ, ასე :
ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის გამო, მთავრობამ გადაწყვიტა, ანტიკრიზისული გეგმის მნიშვნელოვანი ნაწილი სოფლის მეურნეობაზე ზრუნვას დაეთმოს. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას განაცხადა.
“მაქსიმალურად ეფექტურად გამოვიყენოთ და ავამუშაოთ ქვეყნის ისეთი ძირითადი რესურსი, როგორიცაა მიწა”, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.
პირველი, რაც უნდა ვიცოდეთ, არის ის, რომ, ახალი რეგულაციების თანახმად, გაიზარდა მიკროგრანტებზე გამოყოფილი თანხების რაოდებობა, რაც იმას გულისხმობს, რომ თუ დაინტერესებულ პირს აქამდე 20 000 ლარის მიღება შეეძლო, ეს თანხა 30 000 ლარამდე გაიზარდა. ჯამურად, ამ მიმართულებით დაფინანსებამ 40 000 000 ლარი შეადგინა.
“რეგიონული კვირა” დაინტერესდა, თუ რა პროცედურებია საჭირო იმისათვის, რომ მოქალაქე სოფლის მეურნეობის აღორძინების პროგრამაში ჩაერთოს. გთავაზობთ, კონკრეტულად რა უნდა გააკეთოს დაინტერესებულმა პირმა, რომ მთავრობის დახმარებით ისარგებლოს.
პირველ ყოვლისა, აუცილებელია, მოქალაქეს მიწის ნაკვეთი დარეგისტრირებული ჰქონდეს 2018 წლის 26 მაისამდე, აღებული ჰქონდეს იჯარით ან მინდობილობით. თუ პირი ამ კრიტერიუმებიდან რომელიმეს აკმაყოფილებს, ქვემოთ ჩამოთვლილი პუნქტები ერთგვარი გზამკვლევი იქნება, თუ რა უნდა გააკეთოს, რომ სახელმწიფოსგან სრული დახმარება მიიღოს.
1. მოქალაქემ უნდა მიმართოს ადგილობრივ თვითმმართველობას, სადაც სპეციალური სამსახურია შექმნილი, რომ თითოეულ დაინტერესებულ პირს დეტალური ინფორმაცია მიეწოდოს პროექტში ჩართვის შესახებ და მოქალაქეს განცხადების დაწერაში დაეხმარონ;
2. ამის შემდეგ, პირი მიდის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ადგილობრივ სააგენტოში განცხადების შესატანად, აქვე გაივლის ტრენინგებს, თუ როგორ მოუაროს მოსავალს და როგორ შეძლოს შემდგომში მისი რეალიზება;
3. ამის პარალელურად, მოქალაქე გადის იურიდიულ პროცედურებს, რომლებშიც, ასევე, ეხმარება ადგილობრივი მერია და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. აღსანიშნავია, რომ, ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის მიხედვით, პროცედურები გამარტივებულია;
4. ამის შემდეგ ხდება გრანტის დამტკიცება, რომელსაც სახელმწიფო 100%-ით აფინანსებს, ასევე, სრულად ფინანსდება ნერგების, საჭირო ინვენტარისა და სარწყავი სისტემის ხარჯები.
ერთადერთი, რასაც სახელმწიფო არ აფინანსებს, მიწის დამუშავებაა. თუმცა აღსანიშნავია, რომ მიწის დამუშავება ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის საკმაოდ შეღავათიან ფასებშია ხელმისაწვდომი.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს გამარტივებული შეთავაზებით ისარგებლა ბაღდათის რაიონის სოფელ დიდველაში მცხოვრებმა თამაზ ჭუმბურიძემ, რომელმაც საკუთარ მიწის ნაკვეთზე მოცვის კულტურა გააშენა.
როგორც მეწარმე “რეგიონულ კვირას“ უყვება, ამ პროექტის საშუალებით დიდი დახმარება მიიღო როგორც საკუთარი ოჯახისთვის, ასევე – იმ დასაქმებული ადგილობრივებისთვის, რომელთათვისაც ეს შემოსასვლის ერთადერთი წყაროა.
„მომცეს ნერგები და დარგვაშიც დამეხმარნენ, ყველაფერი იყო მთავრობის. ეს ჩემთვის იყო ძალიან დიდი დახმარება. სოფლის მეურნეობაში ადამიანს ასე რომ დაეხმარები და, ზოგადად, მთავრობა რომ იქნება ხალხისკენ, ხალხიც იქნება მთავრობისკენ. მადლობელი ვარ ასეთი პროექტისთვის“, – ამბობს თამაზ ჭუმბურიძე.
რაც შეეხება პროცედურებს, რომლებიც დაინტერესებულმა პირებმა უნდა გაიარონ – მეწარმე ამბობს, რომ პროცედურები გამარტივებულია. მან პროექტის შესახებ მუნიციპალიტეტიდან გაიგო, შემდეგ განაცხადი გააკეთა, რის შემდეგაც ფორმალური იურიდიული პროცედურები გაიარა და წარმოებაში ჩაერთო.
„წავიკითხე გამოკრული განცხადება, მივაკითხე გამგებელს და ვთხოვე, აეხსნა, რა უნდა გამეკეთებინა. გავსინჯეთ მიწა და აღმოჩნდა, რომ მოცვის მოსავლისთის იქნებოდა კარგი. ვმუშაობთ, ვაქცევ ყურადღებას დღე და ღამე. დამხმარე ორი- სამი ადამიანი ყოველთვის მყავს. შემდეგში შეიძლება, მოიმატოს ხალხის რაოდენობამ, როცა წარმოება გაიზრდება“, – ამბობს თამაზ ჭუმბურიძე.
მთავრობის მიერ მიღებული ახალი რეგულაციების მიხედვით, თანხის რაოდენობის გაზრდასთან ერთად, მეწარმეეებს წყლის გადასახადიც ჩამოეწერებათ 2012 წლიდან დღემდე და 2020 წლის ჩავთლით.
როგორც ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფლის მეურნეობის, ბუნებრივი რესურსების მართვისა და გარემოს დაცვის განყოფილების უფროსი – დავით მშვილდაძე გვიყვება, მნიშვნელოვანი სიახლეა ისიც, რომ ერთწლიან კულტურებზეც გაიცემა შეღავათიანი სესხები – 5 000 ლარიდან 100 000 ლარამდე, რომლის პროცენტს სახელმწიფო დაფარავს.
„ერთწლიან კულტურებზე ძალიან დიდი შეღავათებია, არის სესხები 5 000-დან 100 000 ლარამდე, რომლის პროცენტს მთლიანად ფარავს სახელმწიფო. ასევე, მნიშვნელოვანია ისიც, რომ 50%-ში სახელმწიფო მეწარმეს უდგება თავდებში, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბანკმა ძალიან ადვილად გასცეს სესხი. დავუშვათ, ფორსმაჟორი ან ცუდი მოსავალი იქნება, სახელმწიფო ფარავს ამ სესხის ნახევარს. ფაქტობრივად, ჩვენს გლეხებს აქვთ უფასო ფული იმისათვის, რომ დათესონ და მოიყვანონ მოსავალი. გაკულტურდეს მიწები, ეს არა მარტო კორონავირუსთანაა დაკავშირებული, არამედ სოფლის მეურნეობა რომ აღორძინდეს, ვინაიდან სოფლის მეურნეობის განვითარების გარეშე ქვეყნის წინსვლა წარმოუდგენელია”, – ამბობს დავით მშვილდაძე.
შეგახსენებთ, სოფლის მეურნეობის აღორძინება, მთავრობის გადაწყვეტილებით, ანტიკრიზისული გეგმის პრიორიტეტულ ნაწილს წარმოადგენს, რომლის მიხედვითაც უკვე არსებულ სახელმწიფო პროგრამებსა და შეღავათებს დაფინანსება დაემატა და პროექტში ჩართვის წესებიც გამარტივდა.