ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი აგრარული ბაზრების წარმომადგენლებს შეხვდა

ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი, დავით ერემეიშვილი ქალაქში მოქმედი აგრარული ბაზრების წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრა, რომელსაც, ასევე,  მერის მოადგილეები – ნინო თვალთვაძე და იუზა უგულავა ესწრებოდნენ, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის მიერ გამართული დისტანციური თათბირის შემდეგ დაიგეგმა და მიზნად ისახავდა აგრარულ ბაზრებში არსებული მდგომარეობის შესწავლას და მათთვის შესაბამისი რეკომენდაციების მიცემას.

დავით ერემეიშვილმა ​აგრარული ბაზრების წარმომადგენლებს ჯანდაცვის სამინისტროსა და სურსათის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციები კიდევ ერთხელ გააცნო. ის, ასევე, დაინტერესდა, აქვთ თუ არა ბაზრებს პროდუქციის მარაგი, ხომ არ არის შეფერხება მომარაგებაში და არის თუ არა დაცული რეკომენდაციები.

როგორც გაირკვა, არსებული რეგულაციების გამო, რომელიც გადაადგილებას ეხება, გარკვეული პრობლემები არსებობს ბოსტნეულის მიწოდებასთან დაკავშირებით. დავით ერემეიშვილმა შესაბამის სამსახურებს დაავალა აღნიშნული პრობლემის მოწესრიგება, რათა შეუფერხებლად მოხდეს ქუთაისთან ახლომდებარე მუნიციპალიტეტებიდან ბაზრების ბოსტნეულით მომარაგება.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ჯანდაცვის ორგანიზაციების და სურსათის ეროვნული სააგენტოს მოთხოვნებს, სანიტარულ-ჰიგიენური პირობების დაცვასთან დაკავშირებით. ყველა ამ მოთხოვნის გათვალისწინებით, ნიკეას ქუჩაზე მდებარე აგრარული ბაზარი სრული დატვირთვით იმუშავებს. შეხვედრაზე ისაუბრეს იმაზეც, რომ რაც შეიძლება მალე უნდა გაიხსნას შხამ-ქიმიკატების მაღაზიები, რადგან ახლა სწორედ ის სეზონია, როცა სოფლის მეურნეობაში ინტენსიური საგაზაფხულო სამუშაოები მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები