ბოლნისის მერმა მოადგილეებთან და მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, ზამურ ჭითანავამ მოადგილეებთან და მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ინფორმაციას ბოლნისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე მუნიციპალიტეტში მიმდინარე მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელეს.

“ზამურ ჭითანავა 10 ივნისის სტიქიას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მოსახლეობისთვის მიყენებული ზიანის შესაფასებლად შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც დეტალურად სწავლობს და აღწერს სტიქიის შედეგებს, რათა ზარალის ოდენობა დროულად განისაზღვროს.

სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მუნიციპალიტეტში ენერგომომარაგების მიმართულებით არსებულ პრობლემებს. მერის განცხადებით, ბოლო პერიოდში ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებული შეფერხებები მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან დისკომფორტს ქმნის. როგორც ზამურ ჭითანავამ აღნიშნა, აღნიშნულ საკითხზე ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიამ რამდენიმე თვის წინ ოფიციალური წერილით მიმართა „ენერგო-პრო ჯორჯიას“ და კომპანიის წარმომადგენლებს მუნიციპალიტეტში არსებული მდგომარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. მიუხედავად ამისა, პრობლემა დღემდე აქტუალურია და მოსახლეობის მხრიდან არაერთი მომართვა ფიქსირდება.

მერის თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის მთავარი მიზანია მუნიციპალიტეტში მცხოვრები თითოეული მოქალაქისთვის ღირსეული საცხოვრებელი გარემოსა და უკეთესი პირობების შექმნა, რისთვისაც მერია აქტიურად განაგრძობს მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირებას”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები