ირაკლი ჩიქოვანი: სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების მიზნით, მოქალაქეებს შეეძლებათ, დილის საათებში გადაადგილდნენ თავიანთ სამუშაოებზე და საღამოს დაბრუნდნენ
იმისათვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს არ შეექმნათ პრობლემა სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების წარმოების თვალსაზრისით, რეგიონის მუნიციპალიტეტებში მათ ექნებათ საშუალება, დილის საათებში გადაადგილდნენ თავიანთ სამუშაოებზე და საღამოს დაბრუნდნენ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.
მისი თქმით, მუნიციპალიტეტში მოქალაქეებს სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების წარმოების მიზნით, შეეძლებათ დილის 06:00 საათიდან 08:00 საათამდე გადაადგილდნენ შესაბამის ადგილებზე და საღამოს 18:00-დან 19:0-მდე დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში.
„ეს გულისხმობს ავტომობილებით გადაადგილებას. აღნიშნული გადაწყვეტილება არის მიღებული საკოორდინაციო საბჭოს მიერ და ამ გადაწყვეტილების უშუალო აღსრულება და ნებართვებით უზრუნველყოფა არის თითოეულ მუნიციპალიტეტზე და რეგიონულ საკოორდინაციო შტაბებზე”, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.