შუახევში მერის ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოს სხდომა გაიმართა
შუახევში, მერის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს ინიციატივით, მორიგი სხდომა გაიმართა.
სხდომა ონლაინრეჟიმში წარიმართა და წევრებთან ერთად სხდომის მუშაობაში შუახევის მერი, ფრიდონ ფუტკარაძე მონაწილეობდა. სხდომაზე საბჭოს წევრებმა რამდენიმე ინიციატივა წარმოადგინეს, მათ შორის: სოფლებში კორონავირუსის პრევენციის მიზნით საინფორმაციო დაფების განთავსება; მოძრავი მაღაზიები, რომლებიც უზრუნველყოფს ადგილობრივების სურსათით მომარაგებას; მოხალისეობრივ საქმიანობაში საბჭოს წევრების ჩართულობა და მათი ონლაინ გადამზადება წითელი ჯვრის მიერ.
როგორც შუახევის მერმა აღნიშნა, პრევენციის მიზნით, მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს სხვადასხვა ღონისძიებები, მათ შორის, ახალგაზრდული კუთხით და გამოთქვა მზაობა, რომ საბჭოს წევრების მიერ დასახელებული იდეები მაქსიმალურად გათვალისწინებული იქნება.
ფრიდონ ფუტკარაძემ მადლობა გადაუხადა საბჭოს წევრ მოხალისეებს, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი კორონავირუსის ბრძოლის საქმეში და უზრუნველყოფენ საინფორმაციო კამპანიებსა და სოციალური კალათების გადაცემას მოსახლეობაში.
ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო შუახევის მერის ინიციატივით შეიქმნა და მისი მიზნებია მუნიციპალიტეტის საქმიანობაში ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდა, ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა, ახალგაზრდების საჭიროებებისა და ინტერესების შესაბამისი პროგრამების დაგეგმვა, სამიზნე ჯგუფების ინფორმირება და ა.შ.