„ყაზბეგის მუნიციპალიტეტი მსოფლიომ ხელის გულზე უნდა ატაროს“ – სახელგანთქმული მთამსვლელის მოსახელე დირექტორის სიამაყე და ტკივილი

„უკვე ნატვრაა სტეფანწმინდის ისტორიული მუზეუმის რეაბილიტაციის დასრულება“…

სტეფანწმინდის ისტორიული მუზეუმის აღდგენა-განახლების დაწყებული პროცესი კორონავირუსმა ისევ შეაჩერა. მაგრამ იმედია, კარანტინის შემდეგ, როცა ცხოვრება ძველებურ რიტმს დაუბრუნდება, ალექსანდრე ყაზბეგის სახლ-მუზეუმის აღდგენა დასრულდება და ყაზბეგის რაიონს კიდევ ერთი განახლებული ლამაზი კულტურის კერა შეემატება.
„კვირა“ კი ამასობაში გაგაცნობთ იმ ადამიანს, რომლის სახელიც უკვე რვა წელია გადაეჯაჭვა ამ მუზეუმს. – სტეფანწმინდის ისტორიული მუზეუმის დირექტორის, პროფესიით გეოლოგის, იაგო კაზალიკაშვილის პერსონა.

– ბატონო იაგო, წლების მანძილზე ალექსანდრე ყაზბეგის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დირექტორი ხართ, რომელიც ალექსანდრე ყაზბეგის მამისეულ ორსართულიან სახლშია განთავსებული. აქვეა კარის ეკლესია და მწერლის საფლავიც… 2018 წელს სახლ-მუზეუმს ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა, მაგრამ მისი აღდგენა-განახლების პროცესი მაინც დაგვიანდა. 
– მუზეუმში 2012 წელს დავიწყე მუშაობა, ძეგლების მონიტორინგის სპეციალისტად, 2015 წლიდან დამნიშნეს მმართველად. მუზეუმის შენობები ძალიან სავალალო მდგომარეობაში იყო, თავისით ინგრეოდა აივანი, დანესტილი და ბათქაშჩამოცვენილი იყო საგამოფენო სივრცეები და საფონდო შენობა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს (რომლის შემადგენლობაშიც შედის მუზეუმი) ყაზბეგის მუნიციპალიტეტის, მსოფლიო ბანკის მეშვეობით გადაწყდა მუზეუმის რეაბილიტაცია-რემონტი.
გაკეთდა პროექტი, როცა მუზეუმი ისევ ფუნქციონირებდა, მუნიციპალურმა განვითარების ფონდმა გამოაცხადა ტენდერი, სადაც აზერბაიჯანულმა კომპანიამ გაიმარჯვა.
დაიწყო სამუშაოები, ჩამოიხსნა ნალესობა, დემონტაჟი გაუკეთდა იატაკს, ამ სამუშაოების დროს გამოიკვეთა, რომ სახლს ჰქონია უამრავი ბუხარი და კედლის ნიშები, აგრეთვე პირველი სართულის იატაკი ფიქლის ყოფილა.
ამის გამოჩენის მერე, გადაწყდა, რომ შენობას დაბრუნებოდა პირვანდელი სახე, ძეგლთა დაცვამ გააჩერებინა კომპანიას სამუშაოები, დაიწყო ახალი პროექტის შემუშავება, შემდეგ ტენდერის გამოცხადება, ამას დასჭირდა ორი წელი, ამ შემოდგომაზე უკვე შემოვიდა ახალი ქართული კომპანია, რომელსაც ძეგლებზე მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს.
სამწუხაროდ, ახლა, ქვეყანაში (მსოფლიოში) შექმნილი მდგომარეობის გამო, რეაბილიტაციის პროცესი ისევ შეჩერდა.
–  ალექსანდრე ყაზბეგის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს კაპიტალური რემონტი უტარდება. ვინ ხელმძღვანელობს ამ პროცესს და კონკრეტულად რა გაკეთდება?
– ალ. ყაზბეგის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს ამჟამად სხვა სახელი ჰქვია – სტეფანწმინდის ისტორიული მუზეუმი, რომელიც შედის საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს შემადგენლობაში.
მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელმძღვანელობით სამუშაოებს აწარმოებს საამშენებლო კომპანია „იკორთა-2007“, გეგმა – გრაფიკის მიხედვით რეაბილიტაციის პროცესი უნდა დასრულდეს 2021 წლის ოქტომბერში. ამ დროის მანძილზე სამუზეუმო ექსპონატები და საფონდე მასალა დაცულია ყაზბეგის მერიის შენობაში, რომელიც მერიამ უსასყიდლოდ დაგვითმო.
ალექსანდრე ყაზბეგის რომელი ნივთებია ამჟამად დარჩენილი სტეფანწმინდის ისტორიულ მუზეუმში? რამდენად სიმართლეა, რომ ზოგი ნივთი დაკარგულია?!
– მუზეუმში დაცულია ალექსანდრე ყაზბეგის ოჯახის მემორიალური ნივთები: ალექსანდრე ყაზბეგის აკვანი, საწერი მაგიდა და სკამი, ხელნაწერების ყუთი, ალექსანდრე ყაზბეგის ხელნაწერები, მაგიდა სარკით, ხის საწოლი.
– ქართული ალპინიზმის აკვანში, სტეფანწმინდაში, ენთუზიაზმის დონეზეა მიტოვებული „მთამსვლელთა მუზეუმი“, ანუ თქვენი, კაზალიკაშვილების სახლი…
– ალპინიზმის მუზეუმი, ალპიური კლუბის დახმარებით გაიხსნა 1983 წელს. პაპაჩემის მიერ აშენებულ სახლში, მუზეუმს მეთვალყურეობას ისევ ჩვენი ოჯახი უწევდა, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, სახელმწიფომ უარი თქვა მის შენახვაზე, რის შემდეგაც მუზეუმის შენარჩუნება ჩვენი ოჯახის დამსახურებით მოხდა.
მუზეუმი კერძოა და ოჯახს ეკუთვნის, იქ არც ბილეთი იყიდება და ოჯახის მწირი შემოსავლის გამო ვერც რეაბილიტაცია უტარდება, დაინტერესებულებს, ვისაც ნახვა უნდა, ვათვალიერებინებთ.
ეს მუზეუმი მნიშვნელოვანია იმით, რომ ამ სახლიდან დაიწყო ქართული (მაშინდელი საბჭოეთის) მასობრივი ალპინიზმი, ამ სახლს სტუმრობდნენ გამოჩენილი ქართველი მოღვაწეები: გიორგი ნიკოლაძე, ალექსანდრე დიდებულიძე, სიმონ, ალექსანდრე, ალექსანდრა ჯაფარიძეები, სოსო ასლანიშვილი, ნიკო კეცხოველი… ამ სახლიდან განხორციელდა პირველი ,,ჩქაროსნული“ ასვლები მწვერვალზე, რომელიც ახლა მსოფლიოში ძალიან პოპულარულია.
– როგორც დიდი მთამსვლელის იაგორ კაზალიკაშვილის შვილიშვილი და მისი მოსახელე, რას გაიხსენებ ბავშვობიდან?
ბავშვობა ყაზბეგში გავატარე, ჩემი მშობლები ძალიან სტუმართმოყვარეები იყვნენ, დღე არ გავიდოდა, სახლში სტუმარი არ გვყოლოდა. სტუმრები ძირითადად მთასთან დაკავშირებული ხალხი იყო, მაშინდელი ცნობილი ადამიანები… მახსოვს ოთარ გიგინეიშვილი, კაკო მარი, ქრისტეფორე ჯაყელი, ლევან მარუაშვილი, ლონგინოზ სუმბაძე…
დენეზა გოზალიშვილს ოჯახის წევრად ვთვლიდით, სწორედ მან გვაზიარა მე და ჩემი თბილისელი თანატოლები ბუნებას, გვასწავლა მთისა და ბარის, კულტურული მემკვიდრეობის სიყვარული. მაშინდელი ბავშვობის მეგობრები ახლაც ვმეგობრობთ.
მახსოვს ალპინიზმის 50 წლის იუბილე (მაშინ უცხოელი პირველად დავინახე), გავიცანი ქართველი და რუსი ლეგენდარული მთამსვლელები, მიხაროდა, რომ დიდი მოწიწებით იხსენებდნენ პაპაჩემის ღვაწლს ალპინიზმის ფუძემდებლობის და გეოგრაფიული საზოგადოებისათვის გაწეულ საქმეებზე, მაშინაც და ახლაც ამაყი ვარ, რომ საქართველოს ულამაზესი მწვერვალების პირველი ქართველი ამსვლელი იყო.
– პროფესიით გეოლოგი ხართ. უამრავ ექსპედიციაში ყოფილხართ…
– პაპაჩემი იაგორა, სანამ პროფესიონალი მთამსვლელი გახდებოდა, მუშაობდა დევდორაკის სპილენძ-პოლიმეტალურ საბადოზე, თავისი ძმა და შვილებიც (ვაჟები) იქ დაჰყავდა. მამაჩემსაც სურდა, რომ გეოლოგი გამხდარიყო, იყო ერთ-ერთი წარმატებული ალპინისტი, სამწუხაროდ, მეორე მსოფლიო ომმა მოუსწრო დამამთავრებელ კურსზე და ომში წავიდა… იქ სასწრაფო წესით ქიმიური ფაკულტეტი დაამთავრებინეს, ომში ერთ-ერთ ბრძოლაში ფეხი დაკარგა… მახსენდება, როგორ სევდიანად გაჰყურებდა მთებს, სიარული რომ ვერ შეეძლო და თავისი რეალიზაცია ვერ მოახდინა ამ პროფესიაში.
ამის შემდეგ მე სხვა გზა არ მრჩებოდა, გეოლოგი რომ არ გავმხდარიყავი, ძალიან უხაროდა ჩემი არჩევანი, მეხმარებოდა კიდეც, ახსოვდა თითქმის ყველა მინერალის ქიმიური შედგენილობა…
რამდენჯერმე ექსპედიცია ყაზბეგშიც მქონდა, კოლეგების დანახვაზე სიხარულით ივსებოდა. პრაქტიკულ გეოლოგიაში მე და მამაჩემს თავისი სტუდენტობის დროს ერთი მასწავლებელი გვყავდა – ლეგენდარული პიროს ავალიშვილი.
გეოლოგია მარტო პროფესია არ არის, როგორც ჩემი მეგობარი გეოლოგი ამბობს, ეს ცხოვრების წესია!
გეოლოგია გასწავლის მეგობრობას, ურთიერთდახმარებას, სულის სისუფთავეს, უანგარობას…
მოკლედ, უმაგრესი სპეციალობაა, სამწუხაროდ, დღევანდელ დროში ასეთი სპეციალობა აღარავის აღარ სჭირდება.
სტუდენტობაც საინტერესოდ გავატარე – ვიყავი აფხაზეთის, სვანეთის, რაჭის, ხევსურეთის ექსპედიციებში, ვმუშაობდი გეოლოგიურ აგეგმვაზე, პოლიმეტალების და ძვირფასი მეტალების ძებნა-ძიებაზე.
– ყაზბეგის რაიონში ჰესების აშენების წინააღმდეგი ხართ. „ჰესები კი არ უნდა აშენდეს, ყაზბეგის ბუნება მსოფლიომ უნდა დაიცვას“ – თქვით თავის დროზე. როგორც გეოლოგს, რა წინადადებები გაქვთ ამ მხრივ რაიონისთვის?
– დიახ, წინააღმდეგი ვიყავი და ახლაც ვარ, ჰესებმა შეიძლება გამოიწვიოს გეოლოგიურად შეუქცევადი პროცესები, როგორც ვიცით, ბუნებაში უხეშად ჩარევა, განსაზღვრულ დროში ძალიან დიდ ზიანს აყენებს ბუნებას, გარდა ამისა, გაიყვანეს მაღალი ძაბვის ხაზები, ხევის ისედაც მწირ და ვიწრო ხეობებში ჩადგეს ანძები, რამაც მთლიანად დააუშნოვა ყაზბეგის ხელთუქმნელი ბუნება.
ხევის ბუნებას მეცნიერები „კავკასიის ანომალიას“ უწოდებენ, იმდენად განსხვავებული ლანდშაფტი, ფლორა და ფაუნა არის, რომ ეს მუნიციპალიტეტი მსოფლიომ ხელის გულზე უნდა ატაროს! – სრული სერიოზულობით ვამბობ!
– ჰობი?
– ისევ და ისევ გეოლოგია და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები.
– ოჯახი…
– მყავს მეუღლე და ერთი შვილი.
– სამომავლოდ?
– უკვე ნატვრაა მუზეუმის რეაბილიტაციის დასრულება და დამთვალიერებლებისთვის თანამედროვე ულტრამუზეუმის ნახვით გამოწვეული კმაყოფილი სახეები.

თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები