ბავშვობიდან ხატავს. სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარია-აკადემიაში, ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტზე.
ამბობს, რომ მისი ნამუშევრები ემოციური და სიმბოლურია და ხშირად ადამიანის შინაგან განცდებს გადმოსცემს. ხატავს პორტრეტებსა და პეიზაჟებს შეკვეთით, ასევე ქმნის დეკორატიულ რელიეფურ ნამუშევრებს ინტერიერისთვის. მონაწილეობდა ჯგუფურ გამოფენებში, მათ შორის – თბილისის სახვითი ხელოვნების მუზეუმში.
ექვსი წლის განმავლობაში მუშაობდა სამხატვრო სტუდიაში, ფოტორეალიზმის მიმართულებით, სადაც მნიშვნელოვანი ტექნიკური გამოცდილება და პროფესიული ხედვა შეიძინა
„საკუთარ თავს ვხედავ, როგორც დამკვირვებელსა და მაძიებელს, რომლის მიზანია შინაგანი სამყაროს გახსნა და სიმართლესთან მიახლოება. სამომავლოდ ვგეგმავ პერსონალურ გამოფენას. ჩემი შემოქმედება შინაგანი დიალოგია – სივრცე, სადაც შიში, რწმენა და ძიება ერთდროულად თანაარსებობს“. – მხატვრისა და ფოტოგრაფის, დალილა თათრიშვილის პერსონა.

– ბავშვობიდან საინტერესო? პირველი ნახატები…
– ბავშვობიდან ხატვა იყო ის, რაც ყველაზე მეტად მიზიდავდა. ხშირად ვხატავდი ჩემი ფანტაზიით და ვცდილობდი გადმომეცა ის, რასაც ვგრძნობდი და სიტყვებით ვერ ვამბობდი. ჩემი პირველი ნამუშევრები ხშირად სიურეალისტური იყო. მიყვარდა კოსმოსის, მთვარისა და ბუნების თემებზე მუშაობა.
– თბილისის სასულიერო სემინარია-აკადემიის ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტი დაამთავრეთ….
– ამ არჩევანამდე გარკვეულწილად ფინანსურმა მდგომარეობამ მოახდინა გავლენა, რადგან იმ პერიოდში სხვა სასწავლებლების ფინანსურად ხელმისაწვდომობა რთული იყო. ჩემთვის კი მთავარი იყო, ხელოვნებასთან ახლოს ვყოფილიყავი. ამასთან, ყოველთვის მაინტერესებდა სულიერებისა და ხელოვნების კავშირი; თეოლოგია, ჩვენი რელიგიის არსი და სიმბოლიკა. სწორედ ამიტომ, ეს მიმართულება ჩემთვის ბუნებრივი არჩევანიც აღმოჩნდა. აქ ძირითადად თეორიული ცოდნა მივიღე; შევისწავლე თექაზე მუშაობა, ხატწერა და ქარგვა, ხოლო ხატვის ტექნიკურ განვითარებაზე დამოუკიდებლად ვმუშაობდი.
– გვერდზე Dalila’s Art უმეტესად ხატავთ პორტრეტებს, მათ შორის, ხშირად – ბავშვების პორტრეტებს, ნატურმორტებს და პეიზაჟებს... ხატვის პროცესში ბევრი დეტალი იცვლება?
– განსაკუთრებით მიყვარს ბავშვების პორტრეტების ხატვა, რადგან მათში სუფთა ემოცია და გულწრფელობა ჩანს. რაც შეეხება პროცესს, ეს დამოკიდებულია ნამუშევარზე. ფოტორეალიზმის შემთხვევაში ხშირად ზუსტად ვინარჩუნებ დეტალებს, თუმცა სხვა შემთხვევებში მუშაობას ვიწყებ იდეით ან იმპულსით, და შემდეგ ინტუიცია მეხმარება, ვამატებ ახალ დეტალებს, რის შედეგადაც ნამუშევარი თანდათან „ცოცხლდება“. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია თავისუფლება შექმნის დროს.
– ქუთაისის პეიზაჟების სერია დაიწყეთ. უკვე ორი ნამუშევარი შეიქმნა: „გაზაფხული ქუთაისში“ და „ხარება“. როგორ დაიბადა ამ სერიის შექმნის იდეა? კიდევ რის დახატვას აპირებთ?
– ქუთაისის სერია ძალიან პირადი შთაგონებიდან დაიბადა. პირველად რომ ვნახე ღამის ბაგრატი, მისი სილუეტი და ვარსკვლავებით მოჭედილი ცა, დიდხანს მრჩებოდა გონებაში. ქუთაისში გადმოსვლის შემდეგ ეს შთაბეჭდილება კიდევ უფრო გამიღრმავდა და ქალაქი ჩემთვის შთაგონების წყაროდ იქცა. „გაზაფხული ქუთაისში“ და „ხედი ხარების ტაძარზე“ ამ განწყობის გადმოცემის მცდელობაა. სამომავლოდ კი მინდა გავაგრძელო ეს სერია. განსაკუთრებით ღამის ბაგრატისა და ქუთაისის სხვა ხედების დახატვით.
– ფერწერული ტილო „სინათლის ძიებაში“… რა არის თქვენი სათქმელი?
– „სინათლის ძიებაში“ ჩემთვის შინაგანი პროცესის გამოხატვაა. იდეა გაჩნდა იმ პერიოდში, როცა საზოგადოებაში მიმდინარე მოვლენებმა და უსამართლობის განცდამ ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა. თითქოს ადამიანებში შინაგანი სინათლე სანთლით საძებარი გახდა. ნამუშევარი ასახავს ადამიანის მუდმივ ძიებას სინათლის, სიმართლისა და იმ შინაგანი ძალისკენ, რომელიც გვაძლიერებს. მჯერა, რომ თითოეულ ადამიანში არსებობს ეს სინათლე და ჩვენი მიზანია მისი გაღვივება.
– შთაგონება…
– შთაგონებას ვპოულობ ადამიანებში, ბუნებაში, პირად გამოცდილებაში და სულიერ სამყაროში. ზოგჯერ ერთი პატარა დეტალიც კი შეიძლება ახალი იდეის დასაწყისად იქცეს.
– მუშაობდით სამხატვრო სტუდიაში, ფოტორეალიზმის მიმართულებით. გაქვთ გვერდი: Greenოგრაფი მხატვარი და ფოტოგრაფი – და მაინც რომელს ანიჭებთ უპირატესობას?
– მიჭირს რომელიმეს გამორჩევა. ორივე ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული.
– საინტერესო ამბავი შემოქმედებითი ცხოვრებიდან…
– ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი იყო თბილისის სახვითი ხელოვნების მუზეუმში გამოფენა, სადაც ჩემმა ნამუშევარმა დიდი მოწონება დაიმსახურა. ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი გამოცდილება და მოტივაცია იყო.
– ჰობი…
– ჩემი ჰობიც ხელოვნებასთან ახლოსაა. მიყვარს ფოტოგრაფია, დაკვირვება, მოგზაურობა, ლაშქრობა და გარემოს აღქმა. ასევე ვვარჯიშობ დარბაზში და იოგითაც ვარ დაკავებული. ხშირად სწორედ ამ პროცესებში იბადება ახალი იდეები.
– გამოფენები…
– მონაწილეობა მივიღე რამდენიმე ჯგუფურ გამოფენაში. სამომავლოდ კი მინდა პერსონალური გამოფენა-გაყიდვის ორგანიზება და საკუთარი შემოქმედების უფრო ფართო აუდიტორიამდე მიტანა.








თამარ შაიშმელაშვილი