„დაფარფატებენ და სიყვარულს დაატარებენ“ – ელენა სომხიშვილის მაკრამეს ხელნაკეთი თოჯინები, რომლებიც ადამიანებს თავის ისტორიას უყვებიან

დაიბად სიღნაღის რაიონის სოფელ ტიბაანში. დაამთავრ ტიბაანის ხვიჩა ბიძინაშვილის საჯარო სკოლა, შემდეგ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის  დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის ფაკულტეტ.
ამჟამად დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი არაგვისპირის საჯარო სკოლაში. პარალელურად ქსოვს, ხატავს, ძაფებით ქმნი თოჯინებს.
ამბობს, რომ მისთვის პროფესია მხოლოდ სამსახური არ არის – არამედ პასუხისმგებლობა, შთაგონება და დიდი სიყვარული.
ხელოვნება ყოველთვის განსაკუთრებულ ადგილს იკავებდა ჩემს ცხოვრებაში. მიყვარს ხატვა, რადგან ფერებით შემიძლია გადმოვცე ის, რასაც სიტყვებით ვერ ვამბობ. მიყვარს ქსოვა, რომელიც სიმშვიდეს და კონცენტრაციას მანიჭებს. თუმცა, დღეს ჩემი ყველაზე დიდი გატაცება მაკრამეაძაფებით ვქმნი თოჯინებს და სხვადასხვა თემატურ საჩუქრებს, რომლებიც ადამიანებს თავის ისტორიას უყვებიან.
როდესაც ვქმნი, ვგრძნობ, რომ თითოეულ ნამუშევარში ჩემი ნაწილი  ემოცია, ფიქრი და განწყობა გადადის. ეს პროცესი არის თერაპია, სიხარული და საკუთარი თავის გამოხატვის გზა. – ელენა სომხიშვილის პერსონა.

ბავშვობა. მშობლები. მამათქვენმა სოფლის ეკლესია მოხატა. ხატვის სიყვარული ბავშვობიდან დაიწყო… 
–  ბავშვობა ჩემს მშობლიურ მხარეში – ქიზიყში, სოფელ ტიბაანში გავატარე. ეს არის ადგილი, რომელიც დღემდე განსაკუთრებული სითბოთი და სიყვარულით მახსენდება. სწორედ იქ არის ჩემი ბავშვობის ყველაზე ტკბილი მოგონებები.
ხელოვნების სიყვარული ძალიან პატარა ასაკიდან მომყვება და ეს, რა თქმა უნდა, მამაჩემს უკავშირდება. იგი თვითნასწავლი მხატვარია და ჩვენი სოფლის მთავარანგელოზის ეკლესია  მოხატა. მამას მე და ჩემი ძმები ხშირად მივყავდით იქ, გვაჩვენებდა საკუთარ ნამუშევრებს და გვიყვებოდა თითოეული ფრესკის შექმნის ისტორიას.
დიდი ინტერესითა და აღფრთოვანებით ვუყურებდი ამ ნახატებს, მაშინ ჯერ ბოლომდე ვერ ვხვდებოდი, მაგრამ ვგრძნობდი, რომ ეს სივრცე ჩემში რაღაც ძალიან მნიშვნელოვანს აღვიძებდა. დღემდე ეს ეკლესია ჩემთვის არა მხოლოდ რწმენისა და სიმშვიდის ადგილია, არამედ ის არის ადგილი, საიდანაც ხელოვნებისადმი ჩემი სიყვარულის დაიწყო.–  რატომ აირჩიეთ დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის პროფესია?
–  ილიას უნივერსიტეტში სწავლა გავაგრძელე დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მიმართულებით, რაც სრულიად ბუნებრივი არჩევანი იყო ჩემთვის. ბავშვები ყოველთვის განსაკუთრებულად მიყვარდა, მაბედნიერებდა მათი გულწრფელობა, სილაღე და უშუალობა. ბავშვობიდანვე ჩემი საყვარელი თამაში „მასწავლებლობანა“ იყო. ვიკრებდი უბნის ბავშვებს და ვცდილობდი, რაღაცები მესწავლებინა მათთვის. განსაკუთრებით კი ხატვის სწავლება მიყვარდა. ბავშვებისადმი ასეთმა სიყვარულმა თუ განსაზღვრა ჩემი პროფესიული გზა. სტუდენტობის წლებშიც ხელოვნება არასდროს დამიტოვებია.
პარალელურად ვხატავდი, ვქსოვდი, ვქარგავდი. ეს ჩემთვის უბრალოდ ჰობი არ არის, სიმშვიდის, განტვირთვისა და საკუთარი თავის გამოხატვის გზაა.
– ამბობთ, რომ ყველაზე დიდი გატაცება მაკრამეა.  თქვენი გვერდიც გაქვთ  – მაკრამინო • Macramino • gift shop. როდის დაიწყეთ ძაფებით თოჯინების შექმნა?– როგორც უკვე აღვნიშნე, ყოველთვის ვმუშაობდი სხვადასხვა ხელსაქმეზე – ვხატავდი, ვქსოვდი, ვქარგავდი. მაკრამეს თოჯინებამდე რბილ სათამაშოებს ვქმნიდი და მათ რეალიზებასაც ვახდენდი. მოგვიანებით, 2025 წლის ნოემბერში, დავიწყე მაკრამეს თოჯინების შექმნა და ამ პროცესმა იმდენად გამიტაცა, რომ მალევე მივხვდი, ეს არის ის, რაც განსაკუთრებულ სიამოვნებას მანიჭებს. ასე გაჩნდა ჩემი გვერდი – „მაკრამინო • Macramino • gift shop“, რომლითაც  ვცდილობ, ფართო საზოგადოებას გავაცნო ჩემი ნამუშევრები.
ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეული თოჯინა უბრალოდ ნივთი არ იყოს – ის კონკრეტულ ადამიანზე მორგებული, მისი ისტორიის, ემოციებისა და გრძნობების ამსახველი ნამუშევარია. სწორედ ეს პერსონალური ხასიათი აძლევს ჩემს ნამუშევრებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას.
საინტერესო ამბავი…
– თითოეული ნამუშევარი ჩემთვის განსაკუთრებულია, რადგან მათში სიყვარულსა და დადებით ენერგიას ვდებ. თუმცა განსაკუთრებით დამამახსოვრდა ერთი შეკვეთა – მოძღვრის ოჯახისათვის. ერთმა სრულიად უცხო ადამიანმა მომწერა, რომ საჩუქრად სურდა თოჯინების დამზადება. როდესაც ფოტო გამომიგზავნა, აღმოჩნდა, რომ ეს ჩემი თანასოფლელი მოძღვრის ოჯახი იყო, რამაც ძალიან გამახარა. თუმცა იყო გამოწვევა, ოჯახი დიდი იყო, რვა შვილი ჰყავდათ  და ჩარჩოზე მუშაობის ფორმატი არ მაძლევდა საშუალებას, ყველა წევრი დამეტია.
სწორედ მაშინ გამიჩნდა იდეა, თოჯინები დიდი სახატავი ტილოს ფორმატზე გადამეტანა. ამასთან ერთად, ცარიელი სივრცე შევავსე ნახატით. დავხატე ჩვენი კავკასიონი და ეკლესია. ასე ერთ ნამუშევარში ერთმანეთს შეერწყა ხატვა და ხელსაქმე, და საბოლოოდ ძალიან ემოციური და ორიგინალური კომპოზიცია მივიღე. ყველაზე დიდი სიხარული კი ის იყო, რომ ნამუშევარი ოჯახს ძალიან მოეწონა.– არაგვისპირის საჯარო სკოლაში დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი როდის ახერხებთ თოჯინების და სხვადასხვა ნივთების შექმნას?
– მასწავლებლობა ძალიან საპასუხისმგებლო და შრომატევადი საქმეა. ჩემი დროის დიდი ნაწილი ბავშვებს და მათ განვითარებას ეთმობა, რაც ჩემთვის უმნიშვნელოვანესია.  შემოქმედებითი საქმიანობა ხშირად მეორე პლანზე გადადის, თუმცა ყოველთვის ვცდილობ, თავისუფალი დრო მაქსიმალურად გამოვიყენო და ჩემს თოჯინებს დავუთმო.
ჩემი ყოველდღიურობა სავსეა ბავშვების სითბოთი, მათი ცნობისმოყვარეობით და იმ პატარა აღმოჩენებით, რასაც ერთად გავდივართ.
– როგორ მუშაობთ, რა მასალას იყენებთ?
– ჩემი ძირითადი მასალა არის მაკრამეს ძაფი, ხოლო ტექნიკა მაკრამეს ხელოვნება, რაც სრულად ხელით მუშაობას გულისხმობს. ყოველი ნამუშევარი დეტალებზე დიდ ყურადღებას მოითხოვს. ვიყენებ თემატურ პატარა ხის დეტალებს, რომლებიც კონკრეტულ ისტორიას ან ადამიანს შეესაბამება. ასევე, ყოველთვის ვითვალისწინებ მომხმარებლის სურვილებს და ვცდილობ, მაქსიმალურად ზუსტად გადმოვცე მათი იდეა.– შთაგონება თუ გჭირდებათ?
– შთაგონება ხელოვნებაში ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ხშირად პირველი ნაბიჯის გადადგმაც საკმარისია. პროცესში იდეები თავისით მოდის. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ვმუშაობ მომხმარებლის სურვილებზე დაყრდნობით, თითოეულ ნამუშევარში მაინც შემაქვს ჩემი ხედვა და სტილი, რაც მას უნიკალურობას სძენს.
– ორიგინალური ხელნაკეთი საჩუქრები „მაკრამინოსგან“… რომელ საჩუქრებზეა მოთხოვნა?
– ყველაზე დიდი მოთხოვნა ოჯახურ თემაზე შექმნილ თოჯინებზეა. განსაკუთრებით პოპულარულია ჩარჩოში წარმოდგენილი ოჯახები  – თბილი ფერებით, პატარა ინდივიდუალური დეტალებით. ამ ტიპის ნამუშევრები ყველაზე კარგად გადმოსცემს იმ ემოციას, რაც ადამიანებს სურთ, რომ საჩუქარში ჰქონდეს.– გათამაშება „მაკრამინოში“.  რა არის მისი მიზანი?
– ჩემს გვერდზე უკვე მეორე გათამაშებას ვატარებ. მისი მთავარი მიზანია, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიცნოს ჩემი ნამუშევრები და, ამასთან ერთად, პატარა სიხარულიც გავუზიარო მათ. ამჯერად გათამაშება განსაკუთრებული იდეით შევქმენი – მონაწილეებმა კომენტარში უნდა დაწერონ საკუთარი ზოდიაქოს ნიშანი. შემდეგ შემთხვევითობის პრინციპით ავარჩევ ერთ ადამიანს და შევუქმნი მის ზოდიაქოს ნიშანზე მორგებულ თოჯინას, რომელსაც საჩუქრად გადავცემ. გათამაშებაში მონაწილეობა ყველას შეუძლია და წესებიც ძალიან მარტივია.
– გაქვთ საგანგებოდ ოჯახისთვის შექმნილი ნამუშევრები წარწერით: „რწმენა იწყება ოჯახიდან. განსაკუთრებული საჩუქარი საყვარელი ოჯახისთვის“… გვიამბეთ თქვენს ოჯახზეც. როგორ გიდგათ მხარში ოჯახი?
– ოჯახი არის ყველაზე თბილი, უსაფრთხო და სიყვარულით სავსე სივრცე. ადგილი, სადაც იწყება ყველაფერი მნიშვნელოვანი. სწორედ ოჯახში ყალიბდება ის ღირებულებები, რაც შემდეგ ცხოვრებაში გვყვება, და მათ შორის ერთ-ერთი უმთავრესი არის რწმენა. ამიტომაც ჩემთვის ძალიან სიმბოლურია წარწერაა –  „რწმენა იწყება ოჯახიდან“.
ვფიქრობ,  თითოეული პატარა წარმატების უკან სწორედ ჩემი ოჯახის მხარდაჭერა დგას. ისინი ყოველთვის გვერდში მიდგანან, იქნება ეს მორალური გამხნევება თუ ყოველდღიურ საქმეებში დახმარება. ჩემი დღეები საკმაოდ დატვირთულია: მასწავლებლობა, შემოქმედება, პირადი ცხოვრება და ამ ყველაფრის შეთავსება მარტივი ნამდვილად არ არის. ასეთ დროს ოჯახის თანადგომა ჩემთვის უდიდესი ძალაა. ისინი არა მხოლოდ მაძლევენ მოტივაციას, არამედ მეხმარებიან, რომ არ დავკარგო ბალანსი და გავაგრძელო ის, რაც მიყვარს.– ჰობი…
– დღეს უკვე შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი ერთ-ერთი ჰობი პატარა საქმიანობადაც ვაქციე – ეს ჩემი ხელნაკეთი მაკრამეს თოჯინებია, თუმცა, ამასთან ერთად, კვლავ ვაგრძელებ ქსოვას და ქარგვას. ეს პროცესები ჩემთვის მედიტაციას ჰგავს, მაწყნარებს და მაძლევს ენერგიას. ასევე დიდი სიამოვნებით ვკითხულობ წიგნებს და განსაკუთრებით მიყვარს ბუნებაში განმარტოება. ჩემი ყოველდღიურობა საკმაოდ დატვირთული და პასუხისმგებლობებით სავსეა, ამიტომ ბუნებასთან კავშირი, სუფთა ჰაერი და სიმშვიდე ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის დრო, როცა ვასვენებ გონებას და ვაგროვებ ახალ ძალას.
– გამოფენები…. სამომავლო გეგმები.
– ჩემი პირველი გამოფენა ჩემს მშობლიურ სოფელში, ბიბლიოთეკაში გაიმართა თემაზე – „გაზაფხული ჩემს სოფელში“. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო, რადგან პატარა ასაკში პირველად გავაზიარე ჩემი ნამუშევრები ფართო აუდიტორიასთან. მოგვიანებით უკვე თბილისში, აბრეშუმის გალერეაში მივიღე მონაწილეობა ჯგუფურ გამოფენაში – „სიჩუმე, რომელიც ბევრს ჰყვება – მხატვრების ენა“.
გამოფენაზე ოთხი ნახატი წარვადგინე. ამ გამოცდილებამ ბევრი რამ მასწავლა და კიდევ უფრო გამიმყარა სურვილი, რომ შემოქმედებით გზაზე გამეგრძელებინა ჩემი საქმიანობა.დღესდღეობით უფრო მეტად მაკრამეს თოჯინებზე ვარ კონცენტრირებული, თუმცა ხატვა კვლავ რჩება ჩემთვის მნიშვნელოვან საქმედ. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, გაგიმხელთ, რომ მაქვს ერთი სურვილი: გავხსნა სახელოვნებო სტუდია ბავშვებისთვის. ეს არ იქნება მხოლოდ თოჯინების დამზადების სივრცე, არამედ მინდა შევქმნა გარემო, სადაც ბავშვები ასაკის მიხედვით მორგებულ პროგრამებში ჩაერთვებიან და სხვადასხვა უნარს განივითარებენ.
ჩემი მიზანია, რომ ეს სტუდია არა მხოლოდ ხელოვნების სწავლების ადგილი, არამედ ბავშვებისთვის შთაგონების და განვითარების გარემო გახდეს. ვფიქრობ, ამ სტუდიით შევძლებ გავაერთიანო ჩემი ორი ყველაზე საყვარელი საქმიანობა – მასწავლებლობა და ხელსაქმე.
მინდა, ჩემი ცოდნითა და გამოცდილებით დავეხმარო ბავშვებს, განივითარონ არა მხოლოდ პრაქტიკული უნარები, როგორიცაა ნატიფი და მსხვილი მოტორიკა, არამედ ისეთი მნიშვნელოვანი თვისებებიც, როგორიცაა კონცენტრაცია, მოთმინება, ფანტაზია და შემოქმედებითი აზროვნება.
ვფიქრობ, დღევანდელ რეალობაში, როდესაც ბავშვები დიდ დროს ეკრანებთან ატარებენ, ძალიან მნიშვნელოვანია შევთავაზოთ მათ ალტერნატივა, სივრცე, სადაც შეძლებენ ხელით მუშაობას, შემოქმედებითად თავის გამოხატვას და დროის ნაყოფიერად გატარებას. ვეცდები, ჩემი სტუდია გახდეს ადგილი, სადაც ბავშვები სიხარულით დაბრუნდებიან, შექმნიან, იოცნებებენ და თანდათან უფრო თავდაჯერებულ და შემოქმედებით პიროვნებებად ჩამოყალიბდებიან.

 

                                                                                                 თამარ შაიშმელაშვილი

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები