45 წელია ჭრა-კერვის ცოდნას უზიარებს ქალბატონებს. საპატრიარქოს გვერდში დგომით გახსნა სამებაში ჭრა-კერვის კურსები, უსასყიდლოდ გადასცემს სტიქარებსა და კვართებს ეკლესია-მონასტრებს… მის მიერ დაფუძნებული „ელზას სკოლა“ სწორედ ამ საქმიანობის გაფართოებას ემსახურება.
პატრიარქის კურთხევით დაწყებულმა ამ საქმიანობამ მრავალი რეგიონი უნდა მოიცვას. კორბოულში უკვე გაიხსნა ფილიალიც.
„კორბოული ძალიან მახარებს, წარმატებით შეისწავლეს ჭრა-კერვა ქალბატონებმა და, პატრიარქის სულის პატივსაცემად, სოფელ კორბოულის ტაძრებს დაურიგდათ სააღდგომოდ“. – დიზაინერ ლია კაპანაძე-ტყემალაძის პერსონა.

– სამებაში ჭრა-კერვის კურსების გახსნაში საპატრიარქო გვერდში დაგიდგათ. როგორ დაიბადა ამ საქმის დაწყების იდეა?
– დიდი სურვილი მქონდა, ჩემი 45-წლიანი გამოცდილება გადამეცა ქალბატონებისთვის. პირველ ყოვლისა, კურსები გავხსენი მრავალშვილიანი და სოციალურად დაუცველი ქალბატონებისთვის, რათა უსასყიდლოდ შეესწავლათ კერვა და მოდელირება. ამ კეთილ საქმეში ხელი შემიწყეს: მეუფე სტეფანემ, დეკანოზმა კახაბერ ურუშაძემ, საპატრიარქოს წარმომადგენელმა, ქალბატონმა შორენა თეთრუაშვილმა, მონაზონმა იოანე მამუკა ცუხიშვილმა. დიდი მადლობა მათ ხელშეწყობისა და თანადგომისთვის.
– შემდეგ „ელზას სკოლა“ დააარსეთ, სადაც ქალბატონები უფასოდ შეისწავლიან ჭრა–კერვას და მოდელირებას… როგორც ვიცი, ელზა თქვენი გარდაცვლილი დის სახელი ჰქვია. რა გაკეთდა ამ ერთ წელიწადში?
– პროექტი „ელზას სკოლა“ აწ გარდაცვლილი პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით დაფუძნდა. აქ ქალბატონები უფასოდ შეისწავლიან ჭრა-კერვას და მოდელირებას. პროგრამას დავამატე სასულიერო სამოსლის შეკერვა, რაც ნაყოფიერად შევასრულე ერთი წლის მანძილზე. შევკერეთ 80 ცალი სტიქარის ფორმა, კვართები, ბაღდადები და, შეძლებისდაგვარად, დავარიგეთ ტაძრებში, რაიონებსა და სოფლებში. ეს ელზას სკოლის ქალბატონების ერთობლივი ნამუშევარია.
– კორბოულის ფილიალშიც გახსენით ჭრა-კერვის კურსები…
– რეგიონებიდან გამომეხმაურნენ ქალბატონები, სურვილი ჰქონდათ, რომ იქაც ყოფილიყო ჭრა-კერვის კურსები. პირველი საჩხერეში, ჩემს რაიონში, გავხსენი. „ელზას სკოლის“ ფილიალი გახსნილია სოფელ კორბოულში, სადაც 18 ქალი სწავლობს. სწორედ ამ 18-მა ქალმა შეკერა 18 სტიქარი, და, პატრიარქის სულის პატივსაცემად, სოფელ კორბოულის ტაძრებს დაურიგა სააღდგომოდ.მაისის ბოლოს სამებასა და კორბოულში ჩატარდება ღონისძიება, შეფასდებიან გადამზადებული ქალბატონები, და გადაეცემათ სერტიფიკატები. ჩემი სურვილია, კორბოულელი ქალბატონები დავასაქმო. ელზას ფონდში შემოსული შემოწირულებით ვიყიდეთ 3 საკერავი მანქანა, და უნდა გადავცეთ საჩუქრად კორბოულელ ქალბატონებს. თუ კიდევ მეტი შემოგვივა და კეთილი ნებით ისურვებენ შემოწირულებას, კიდევ შევიძინეთ მანქანებს. მინდა, რომ ქალბატონები დავასაქმოთ კორბოულში.
– უკვე 40 წელზე მეტია, კერავთ. მახსოვს, კორონავირუსის დროს პირბადეებს უფასოდ კერავდით და არიგებდით. ახლაც დიდი საქმე წამოიწყეთ – სტიქარების უფასოდ კერვა. სამომავლო გეგმები?
– გეგმაში მაქვს სექტემბრიდან გაიხსნას ქუთაისში, გორსა და კახეთში. ვიმედოვნებ, სხვა რეგიონებიც გამომეხმაურებიან, რათა მეტ ქალბატონებს, ახალ თაობას შევასწავლო კერვა და გადავცე თაობიდან თაობას. რამდენი პროფესიაც არ უნდა ჰქონდეს ქალბატონს, კერვა და ხელსაქმე ზედმეტი არასოდეს არის. ვიმედოვნებ, ეს პროექტი ნაყოფიერად იმუშავებს.
თამარ შაიშმელაშვილი