კორონავირუსთან ბრძოლის პრევენციის მიზნით, ზუგდიდის აგრარული ბაზარი დაიხურა

უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო, ზუგდიდისა და სენაკის აგრარული ბაზრები დაიკეტა. აღნიშნული გადაწყვეტილება სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის ადმინისტრაციამ საკოორდინაციო საბჭოსთან მოლაპარაკების შედეგად მიიღო.
მოვაჭრეები გადაწყვეტილებას უარყოფითად აფასებენ და ამბობენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ მათთვის მხოლოდ გუშინ გახდა ცნობილი.
,,გუშინ გავიგეთ. არადა, მარაგი გვაქვს საქონლის, რომელიც მალფუჭებადია. ეს ჩვენი შემოსავლის ერთადერთი ძირითადი წყაროა, ყველა წესს ვიცავდით და რეკომენდაციებს ვითვალისწინებდით”, – აცხადებენ მოვაჭრეები.

რაც შეეხება ფოთის აგრარულ ბაზარს – ფოთის ბაზარი დღეს დილიდან მუშაობას აგრძელებს. ობიექტზე გამკაცრებულია სანიტარული ნორმები. ბაზარში შემსვლელი ყველა მოქალაქე შესასვლელ კართან ფულს აძლევს პირს, რომელიც რკინის ფულს ანტისეპტიკურ ხსნარში ამუშავებს, ხოლო ქაღალდის ფულს აუთოებს და მფლობელს ისე უბრუნებს. ბაზრის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, მიმდინარეობს მოქალაქეთა თერმოსკრინინგიც.
,,ოფიციალურად ბაზრის დახურვაზე ჩვენ არაფერი მიგვიღია. დახურვის ბრძანება ყველგან მივიდა  და ჩვენთან – არა. იმედი გვაქვს, რომ არ დავიხურებით. თუ მსგავსი ბრძანება მივიღეთ, იმ დღესვე დაიხურება ბაზარი. ჩვენთან რამდენიმე დღის წინ გუბერნატორი ჩამობრძანდა და გვითხრა, მოგვეფიქრებინა ისეთი რამე, რომ მომხმარებლებს ფულთან არ ჰქონოდა შეხება. ვიფიქრეთ ტერმინელებზე, ბარათებით მომსახურებაზე, მაგრამ ბარათიც ბევრს აქვს, ბევრს კი – არა. ყველა აქ შემომსვლელს ტემპერატურას ვუზომავთ, ხელთათმენების ქონა აუცილებელია. დღეს გამოგვიგზავნიან თბილისიდან ბახილებს. ფული ანტისეპტიკური ხსნარით მუშავდება და შემდეგ უთოვდება, ამის მოფიქრება შევძელით. ამ მეთოდმა გაამართლა. ჩვენ ამას მარტო ვერ გავაკეთებთ, ხელისუფლება. პოლიცია, ყველა ერთობლივად ჩართულია ამ საქმეში”, – განაცხადა ფოთის ბაზრის დირექრორმა, ნოდარ კორსანტიამ.

კორონავირუსთან დაკავშირებით პრევენციული ღონისძიებებისა და არსებული საფრთხის გამო, აგრარული ბაზრები საქართველოს ყველა რეგიონში იკეტება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები