დენის სალუქვაძე ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმოების ხელმძღვანელებს შეხვდა

ციტრუსის სეზონის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი დენის სალუქვაძე ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმოების ხელმძღვანელებს შეხვდა. ინფორმაციას აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

შეხვედრაზე მხარეებმა ციტრუსის დაბინავების, სეზონის მიმდინარეობის და ექსპორტის საკითხები განიხილეს. შეხვედრისას ასევე საუბარი შეეხო არასტანდარტული მანდარინის გადამუშავებისა და სახელმწიფო მხარდაჭერის მნიშვნელობას.

,,საერთო ძალისხმევით უნდა შევძლოთ, რომ რეალიზაციის გარეშე არ დარჩეს არც ერთი კილოგრამი მანდარინი, სეზონი ინტენსიურ ფაზაში შედის, განსაკუთრებით აქტიურად მიმდინარეობს საორგანიზაციო სამუშაოები. ყველა რესურსი მობილიზებულია, რათა მოსახლეობას ჩაბარების პრობლემა არ შეექმნას. საწარმოები სრულ მზადყოფნაშია, რომ მანდარინის დაბინავების პროცესი რიგების გარეშე ჩაიაროს. 24 ნოემბრიდან ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ორი საწარმო არასტანდარტული მანდარინის ნედლეულის მიღებას დაიწყებს, საექსპორტო მანდარინს 20-ზე მეტი მიმღებ-გადამმუშავებელი საწარმო იღებს, “- განაცხადა მინისტრმა შეხვედრისას.

ნარინჯისფერი რთველის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, აქტიურად ფუნქციონირებს ციტრუსის საკოორდინაციო შტაბი. შტაბის მიზანი ციტრუსის ლოჯისტიკის, რეალიზაციისა და სუბსიდირების პროცესების კოორდინაციაა.

შტაბი მუშაობას პირველ თებერვლამდე გააგრძელებს. ასევე, მოქმედებს ცხელი ხაზი – 1501, სადაც მოქალაქეებს საჭირო ინფორმაციის მიღება შეეძლებათ.

ექსპორტიორებთან შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ, მინისტრის პირველი მოადგილე არჩილ ბერიძე, ქობულეთის და ხელვაჩაურის მერები, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები, სავაჭრო სამრეწველო პალატის ხელმძღვანელი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი და ციტრუსის საკოორდინაციო შტაბის წევრები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები