შალვა პაპუაშვილი: ჩვენ ვხედავთ ბრიუსელის „სოვეტიზაციას”

ჩვენ ვხედავთ ბრიუსელის „სოვეტიზაციას“, რაშიც წვლილი შეაქვთ აღმოსავლეთ ევროპის წარმომადგენლებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ ბრიუსელის მხრიდან გახშირებულ კრიტიკასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხად განაცხადა.

მისი თქმით, ბრიუსელი შეჩვეულია საუბარს და შეუჩვეველია კრიტიკას, რაც პაპუაშვილის თქმით, კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ის აცდენილია მთავარ ევროპულ ღირებულებებს.

„რაც შეეხება 21 ნოემბრის საკითხს, ვნახეთ ის, რასაც შეჩვეული ვართ ბრიუსელის მხრიდან. ბრიუსელი შეჩვეულია საუბარს და შეუჩვეველია კრიტიკას, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს თუ რამდენად აცდენილია ის მთავარ ევროპულ ღირებულებებს. ეს არის დირექტივებით საუბარი, მხოლოდ მითითებები, ნული კრიტიკის მოსმენის სურვილი და ნული სურვილი მისცეს სხვას განმარტებების შესაძლებლობა. გარდა ამისა, რა კომენტარებსაც ვისმენდით მეორე ტენდენციაც უნდა დავინახოთ. ეს არის თავხედობა, რომ სხვა ხალხების სახელით ისაუბრონ და ამაზეც რაღაც პერიოდია ენა შეგვაჩვიეს. სხვადასხვა ქვეყნის სხვადასხვა მინისტრები რატომღაც შეეჩვივნენ, რომ ქართველი ხალხის სახელით ისაუბრონ. დღეს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, 17%-იანი ქვეყნის მთავრობა 54%-იანი მხარდაჭერის მქონე საქართველოს მთავრობას გვესაუბრება ქართველი ხალხის სახელით და გვეუბნებიან რა სურს ქართველ ხალხს. რა იცის? ნამყოფია საერთოდ საქართველოში? სწორედ ეს არის ტიპური საბჭოური მოვლენა, როდესაც საბჭოთა მოსკოვი სხვა ხალხების სახელით საუბრობდა. ამიტომ ვამბობთ, რომ ვხედავთ „სოვეტიზაციას“ ბრიუსელის, რაშიც წვლილი შეაქვთ აღმოსავლეთ ევროპის წარმომადგენლებს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ, იმ ევრობიუროკრატების შესახებაც ისაუბრა, რომლებიც საქართველოს ხელისუფლების მიმართ მწვავე კრიტიკით გამოირჩევიან.

„ვხედავთ, საგარეო პოლიტიკა ჩაბარებული აქვს საბჭოთა ესტონეთში საბჭოთა ნომენკლატურის ოჯახში დაბადებულ და გაზრდილ კაია კალასს, ევროპის საკითხები ჩაბარებული აქვს კომუნისტური იუგოსლავიის წარმატებულ სპორტსმენს, ქალბატონ კოსს, რომელზეც არსებობს ბრალდებები, რომ ის თანამშრომლობდა იუგოსლავიის საიდუმლო სამსახურთან, მან რაიმე დამაჯერებელი უარყოფა ვერ წარადგინა“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები