შალვა პაპუაშვილი: ქალბატონმა კოსმა და მისმა ელჩმა ჰერჩინსკიმ მიმართოს საქართველოს მთავრობას, თუ ვინმეს დაფინანსება უნდათ და თუ ეს იქნება ქართველი ხალხისთვის სასარგებლო პროექტი, მთავრობა რა თქმა უნდა თანხმობას მისცემს
ქალბატონმა კოსმა და მისმა ელჩმა ჰერჩინსკიმ მიმართოს საქართველოს მთავრობას, თუ ვინმეს დაფინანსება უნდათ და თუ ეს იქნება ქართველი ხალხისთვის სასარგებლო პროექტი, მთავრობა, რა თქმა უნდა, თანხმობას მისცემს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირს უნდა საქართველოში ისე დახარჯოს ფული, რომ ამის შესახებ საქართველოს მთავრობამ არ იცოდეს.
„უნდათ [ევროკავშირს] კვლავ რადიკალებში დახარჯონ ფული და თან ისე, რომ იმის პატივიც არ დაგვდონ, რომ ეს ყველაფერი ფარულად აფინანსონ და ქალბატონმა კოსმა რაც განაცხადა, რამე ღირებულებაში ჯდება?! თქვა, რომ ჩვენ ვეძებთ გზებს როგორ ავუაროთ გვერდი კანონებსო. ქალბატონმა კოსმა და მისმა ელჩმა ჰერჩინსკიმ მიმართოს საქართველოს მთავრობას, თუ ვინმეს დაფინანსება უნდათ და თუ ეს იქნება ქართველი ხალხისთვის სასარგებლო პროექტი, მთავრობა, რა თქმა უნდა, თანხმობას მისცემს. ქართველი ხალხის მიერ არჩეული მთავრობა ცდილობს მხოლოდ ერთ რამეს – საქართველოში უცხოური ფული დაიხარჯოს ქართველი ხალხის ინტერესების სასარგებლოდ და არა საწინააღმდეგოდ. ვინც საწინააღმდეგოდ აპირებს ფულის დახარჯვას, ისინი არიან, ვინც ცდილობს [კანონის] გვერდის ავლას.
ევროკავშირს აქვს დაწესებული რუსეთისთვის შეზღუდვები. ჩვენ არ ვართ ევროკავშირის წევრები და არანაირი ვალდებულება არ გვაქვს, მაგრამ ვთქვით, რომ უზრუნველვყოფთ, რომ ევროკავშირის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს გვერდი არავინ აუაროს საქართველოში. ამაზე ერთი ამბავი ხომ ატეხეს, 15 რევიზია ხომ ჩამოგვდის და ვერცერთი ფაქტი ნახეს, რომ საქართველომ გვერდის ავლის შესაძლებლობა მისცა ევროკავშირის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს. ახლა რას გვეუბნება უმაღლესი თანამდებობის პირი, ქალბატონი კოსი, რომ ის აპირებს ქართულ შეზღუდვებს – რომ პირდაპირ არ უნდა დააფინანსო და უნდა მიიღო მთავრობის თანხმობა, ახლა ეძებს გზებს, როგორ აუაროს გვერდი ქართულ რეგულაციებს. ევროკავშირის რეგულაციებს ჩვენ უნდა დავემორჩილოთ და ნაცვლად იმისა, რომ მადლობა გადაგვიხადონ, ჩვენ რეგულაციებს ისინი არ უნდა დაემორჩილონ?!“ – აღნიშნა პაპუაშვილმა.