„დარწმუნებული ვარ, იტალია ამასაც გაუძლებს“ – როგორ დახატა ოთარ მეგრელიძემ თეთრ ჩოხაში გამოწყობილი ექიმები

კორონავირუსმა ბევრი რამ შეცვალა ჩვენს ცხოვრებაში. სხვა ფასეულობებზე ჩააფიქრა ადამიანები. განსაკუთრებით ხელოვანებს გაუმძაფრა ფანტაზია და სხვა თვალით შეახედა სამყაროს, ახალი თემებით და ფერებით შთააგონა ისინი.
ცნობილმა მხატვარმა, კალიგრაფმა და ილუსტრატორმა ოთარ მეგრელიძემ ფეისბუქის გვერდზე ახალი ნამუშევარი – „საქართველოს საამაყო ექიმები“ გამოაქვეყნა, ჩვენი დროის გამორჩეული ექიმები თეთრ ჩოხაში არიან გამოწყობილნი: პაატა იმნაძე, ამირან გამყრელიძე და თენგიზ ცერცვაძე.
ჩვენი ინტერვიუც მხატვართან, ბუნებრივია, ამ ფაქტით დაიწყო.

 ბატონო ოთარ, სოციალურ ქსელში გავრცელდა თქვენი ახალი ნამუშევარი: „საქართველოს საამაყო ექიმები“.  როგორ შეიქმნა ეს ნახატი? რას ფიქრობთ კორონოვირუსის გამო შექმნილ ვითარებაზე?

„საქართველოს საამაყო ექიმები“

– მე ჩემი წილი მადლობა გადავუხადე ამ ფორმით ადამიანებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნისთვის რთულ მდგომარეობაში საკუთარ ცოდნას და პროფესიონალიზმს არ იშურებენ.
აქ სამი პიროვნებაა გამოსახული, თუმცა მათი სახით სამედიცინო სფეროს ყველა წარმომადგენელს, ასევე მინდა  მადლობა ვუთხრა ეპიდემიოლოგებს.
კორონავირუსის გამო შექმნილ ვითარებაზე ჯობს, სპეციალისტებმა ისაუბრონ. ერთი რამ კი ცხადია, საქართველო ბევრად ეფექტურად უმკლავდება ამ გამოწვევას, ვიდრე ევროპის წამყვანი ქვეყნები. თუ საზოგადოება გაითვალისწინებს იმ რჩევებს, რასაც დაავადებათა კონტროლის ცენტრი გვაძლევს, იმედი მაქვს, ამ ვირუსს მალე დავამარცხებთ.
–  რა შეიცვალა თქვენში, როგორც ხელოვანში კორონავირუსის გამო შექმნილი ვითარებისა და საგანგებო მდგომარეობის შემოღების შემდეგ? ევროპაში და აზიაშიც უამრავი ადამიანი იღუპებარამდენად გაგიმძაფრდათ შთაგონება?
– რა თქმა უნდა, სამყარო შეიცვალა. ძნელია მშვიდად უყურო, როგორ იღუპებიან ადამიანები. აქ ხელოვანს და სხვა სფეროს წარმომადგენელს ვერ გამოვყოფ, ყველა ერთნაირად განვიცდით, ვღელავთ და ვნერვიულობთ.
– „შოთა რუსთაველი“ – იტალიის პრეზიდენტ სერჯიო მატარელას პირად კოლექციაშია. დღეს იტალიას მძიმე დღეები აქვს. რას ეტყოდით იტალიელ ხალხს?
–  ეს ნახატი საქართველოში ვიზიტის დროს გადასცა საჩუქრად თბილისის მერმა კახა კალაძემ იტალიის პრეზიდენტ სერჯიო მატარელას.
იტალია უდიდესი კულტურის ქვეყანაა და ყველა გზა რომ რომში მიდის, შემთხვევით არ არის ნათქვამი. ამ საოცარ ქვეყანას დღეს დიდი გასაჭირი ადგას. დარწმუნებული ვარ, იტალია ამასაც გაუძლებს და კიდევ არაერთხელ გააოცებს მსოფლიოს თავისი უნიკალურობით. მინდა, იტალიელ ხალხს წარმატება ვუსურვო ამ დიდ ბრძოლაში.
სამხატვრო აკადემია ქსოვილების განხრით დაამთავრეთ. თუმცა აკადემიაში ჩაბარების საინტერესო ისტორია გაქვთ, რომელიც, თავის მხრივ, კალიგრაფიასაც უკავშირდება
– დიახ, სამხატვრო აკადემიაში ქსოვილების დიზაინი დავამთავრე. ჩემი ახალგაზრდობის წლებში საკმაოდ მაღალი კონკურსი იყო აკადემიაში მოსახვედრად. ქართულ წერა იყო ბოლო საგანი, რომელშიც აუცილებლად მჭირდებოდა შეფასება 5, რაც მივიღე კიდეც. მოგვიანებით ლექტორმა, რომელმაც შეფასება დამიწერა, მითხრა, რომ ნაწერში 4 მეკუთვნოდა, თუმცა კალიგრაფიის გამო გადაწყვიტა, უმაღლესი შეფასება მოეცა. ასე აღმოვჩნდი სამხატვრო აკადემიაში.
თითქოსდა პროპორციებდარღვეულია ფორმები, მაგრამ საოცრად სრულყოფილი და თავისთავადი ნამუშევრებია: „ილია ჭავჭავაძე“, „წმინდა აბო ტფილელი“, „ქალი თარით“, „ქალი და მუზა“, „ოთხი მახარებელი“, „წარმართობიდან ქრისტიანობამდე“… როგორ აღწევთ ამ სინატიფეს და ფერების ჰარმონიას?
– ჰარმონია ყველაფერშია, გააჩნია როგორ წარმოაჩენ მას. ჩემი აზრით, ხელოვნება სწორედ ის გზაა, რომლითაც შეგიძლია დაარღვიო ფორმები, გქონდეს გამოსახვის სრული თავისუფლება. ვერ გეტყვით, სრულყოფილია თუ არა ის, რასაც ვქმნი, მე მხოლოდ ვცდილობ ჩემი სათქმელი ვთქვა ისე, როგორც წარმომიდგენია.
ქსოვილის საშუალებით ნახატის გადმოცემის ხერხი უმთავრესია თქვენს შემოქმედებაში. ქსოვილს განსაკუთრებული დატვირთვა ენიჭება. და მაინც, თქვენ როგორ ახსნიდით თქვენეულ ხერხს, რატომ გახდა იგი თითქმის განყოფელი თქვენთვის?
– ქსოვილზე მუშაობამ მაპოვნინა საკუთარი სტილი და ხერხი. ქსოვილის დიზაინი ჩემი სპეციალობაა, თუმცა ფერწერაში მისი გადატანა აღმოჩნდა ჩემი ნახატის გმირების ხასიათის მთავარი განმსაზღვრელი. რადგან ჩემი მთავარი თემა ქართული ხასიათები და ქართული სამოსია, ქსოვილი ორგანულად ესადაგება მას. დღეს ამ ტექნიკას ბევრი მხატვარი იყენებს, თუმცა ერთ-ერთი პირველი ალბათ მე ვიყავი, ვინც ფერწერაში დიდი ადგილი დაუთმო ქსოვილს.
–  როგორ მუშაობთ? რა განსაკუთრებული ფაქტორები მოქმედებს ამ დროს შთაგონებაზე?
– ხშირად თავად ქსოვილის ფერი და ფაქტურა მიბიძგებს თემისკენ. ამიტომ სულ ვეძებ ქსოვილს, უფრო მეორადი ტანსაცმლის მაღაზიებში, ბაზრობებზე… არ ვიცი, შთაგონება ვის როგორ წარმოუდგენია, მაგრამ როგორც ყველა საქმეში, ხელოვნებაშიც სიახლის ძიება არის მთავარი სტიმულატორი.
– „ქართული პორტრეტებისსერიიდან რომელ ნამუშევრებს გამოყოფდით? შექმნის საინტერესო ისტორიაც, ბუნებრივია, რომელიმეს ექნება….
– განსაკუთრებით „მოხუცების“ სერია მიყვარს, მათი თვალები, პოზა, ტანსაცმლის ნაოჭიც კი სხვანაირად ამბობს სათქმელს. უფრო ღრმაა და ალბათ სევდიანიც, განსხვავებით სხვა სერიებისგან, სადაც მეტი სიმსუბუქე და სილაღეა.
–  კალიგრაფიული მხატვრობათქვენი ნამუშევრები მოსკოვის თანამედროვე კალიგრაფიის მუზეუმში ინახება. ასევე დიდი ბრიტანეთის ეროვნული ბიბლიოთეკის მოხატულ ხელნაწერთა ფონდში განთავსდა, ფრანკფურტში, ოფენბახის შრიფტების მუზეუმში ქართული ანბანისადმი მიძღვნილ გამოფენაშიც მონაწილეობდით. გამორჩეულია თქვენიქართული ანბანი“, „ვეფხისტყაოსნისთემატიკაზოგადად, თქვენს მხატვრობაში შერწყმულია თქვენი, როგორც კალიგრაფის ოსტატობაცროგორ უხამებთ ერთმანეთს ამ ყველაფერსფიგურებს, ფერებს, ასოებსალბათ დიდხანს მუშაობთ ერთ ნამუშევარზე… |
-კალიგრაფია გაცილებით მეტ დროს მოითხოვს, გაცილებით შრომატევადია და საპასუხისმგებლო. ფერწერაში შეცდომა არ არსებობს, აქ კი სრული სიზუსტეა საჭირო. ქართული დამწერლობა არის უნიკალური და მისი დაცვა, გაფრთხილება და განვითარება უდიდესი საქმეა. აქ არ არის საუბარი დღეებზე, ან კვირებზე , ჩემს ცხოვრებაში იყო წლები, როდესაც მხოლოდ კალიგრაფიით ვიყავი დაკავებული.
– რომელ ცნობილ ადამიანებთან ინახება თქვენი ნამუშევრები?
– კონგრესმენები, სენატორები, ელჩები, სხვადასხვა ქვეყნის მინისტრები, თუმცა ამ ნიშნით ადამიანების დამახსოვრება არ მგონია სწორი. ყველა, ვინც ჩემს ნამუშევარს სიხარულით ყიდულობს, უყვარს და უფრთხილდება, ჩემთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და თითქმის ყოველი მათგანი მახსოვს. მაგალითად, ჩემი ნახატების ერთ-ერთი
კოლექციონერია ჩემი მეგობარი ანი მდივანი, რომელიც დღეს საქართველოში არ ცხოვრობს, მაგრამ მისი ბინა, როგორც თბილისში, ისე ამერიკაში სავსეა ჩემი ნამუშევრებით.
ასევე, აუცილებლად უნდა გამოვყო „KTW ჯგუფის“ დამფუძნებელი ზურაბ ჩხაიძე, რომელმაც ჩემი ცხოვრების საკმაოდ რთულ პერიოდში, როდესაც ხატვის სურვილიც კი არ მქონდა, დამიძახა, საკმაოდ დიდი შეკვეთა მომცა და ასე მიბიძგა, გამეგრძელებია ხატვა. ყველაზე მეტად რამაც გამაოცა, იყო მისი ღრმა ცოდნა მხატვრობაში და გემოვნება. მე ყოველთვის მადლიერი ვიქნები ამ ადამიანის.
ასე რომ, ცნობილი ადამიანები რამდენად განსაზღვრავენ ხელოვანის ბედს არ ვიცი, მაგრამ აი ასეთი ადამიანები, ნამდვილად არიან ბევრი კარგი საქმის სტიმულატორები.
ჰობი
– მუსიკა, რომელიც არც კი ვიცი ჰობია თუ ესეც პროფესიად იქცა. ყოველთვის, როცა განსაკუთრებულ განწყობაზე ვარ, ვჯდები და ვუკრავ.
გვიამბეთ ოჯახზეთქვენი შვილი ნათია მეგრელიძეც მხატვარია.
– ნათია გრაფიკოსია, დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია და ახლა სწავლობს უცხოეთის ერთ-ერთ უნივერსიტეტში არტ-მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამაზე. ძალიან ნიჭიერი გოგოა, ხატავს, ალბათ, 2 წლიდან, თუმცა უკვე რამდენიმე წელია ჰიპ-ჰოპმა გადასძლია და გამოდის N-ICE -ის ფსევდონიმით.
სამომავლოდ რა გზას აირჩევს, ვნახოთ, ჯერ ისევ ძიებაშია.
ჯილდოები 2017 წელს ქართული ეროვნული კულტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, ქართული სულის სიმბოლური გამოსახულებით და სპეციალური მედლით დაჯილდოვდით
– ეს ჯილდო მართლა ძალიან ძვირფასია ჩემთვის. თუმცა, ზოგადად არანაირი მნიშვნელობა არა აქვს ჯილდოს, მთავარია იყო რეალიზებული და შენი ნამუშევრები ადამიანებს უქმნიდეს კარგ, ნათელ, პოზიტიურ განწყობას.
რას შეცვლიდით თქვენ ირგვლივ?
– ჩემს ცხოვრებაში არაფერს შევცვლიდი, მადლობა უფალს ყველაფრისთვის, ვინც მყავს და რაც მაქვს!
რაზე მუშაობთ? სამომავლო გეგმები
-ამჟამად ვმუშაობ მინიატურებზე. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, იმედია, მშვიდობა იქნება უფლის ნებით.

თამარ შაიშმელაშვილი

 













 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები