„რამდენიმე დღის ხელფასი დახარჯეს ხსნარების შესაძენად და ასე უხმაუროდ ზრუნავენ თანამოქალაქეებზე“

დღეს გავიგე, რომ თურმე ჩემი ახლობლის ვაჟიშვილი მეგობართან ერთად ღამით გადიან სახლიდან და ჯიქიას ქუჩიდან დელისამდე სადიზენფექციო ხსნარებით წმენდენ ბანკომატებს, საბავშვო მოედნებზე საქანელებსრამდენიმე დღის ხელფასი დახარჯეს ამ ხსნარების შესაძენად და ასე უხმაუროდ ზრუნავენ თანამოქალაქეებზე“, – ანა მიქაუტაძის სტატუსმა ეს ახალგაზრდები მაპოვნინა.
ავთო კერესელიძე  და თორნიკე მღებრიშვილი ჩვეულებრივი თბილისელი სტუდენტები არიან, რომლებიც ყოველ ღამეს გამოდიან თბილისის ქუჩებში და სადეზინფექციო საშუალებებით წმენდენ იმ ადგილებს, სადაც ხშირად უწევს  ადამიანს შეხება. – რუბრიკა „პერსონის“ სტუმარია ავთო კერესელიძე.

სტუდენტი ვარ,  სპორტის უნივერსიტეტში მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტზე ვსწავლობ. ასევე ვმუშაობ და თავისუფალ დროს ვვარჯიშობ.
წელს ვამთავრებ უნივერსიტეტს, ახლა პრაქტიკებს გავდიოდი და კორონავირუსის ეპიდემიაც დაიწყო.
 თქვენი თვალით დანახული პრობლემა?
– ჩემი თვალით დანახული კორონავირუსი ასეთია: ძალიან სწრაფად ვრცელდება და ჯანმრთელობისთვის სახიფათოა. მისი თავიდან ასაცილებლად უმნიშვნელოვანესია ჰიგიენის წესების დაცვა.
როგორ დაიბადა იდეა, რომ სადეზინფექციო ხსნარისგან გაგეწმინდათ თბილისში გარკვეული ადგილები?
– მე და ჩემი მეგობარი ვრიცხავდით ფულს აპარატში და  შიშით ჩავრიცხეთ. არანაირ ინფორმაციას არ ვფლობდით, რომ ვინმე დეზინფექციას უტარებდა და გადავწყვიტეთ,  ჩვენ თავად გაგვეკეთებინა ეს.
ყოველდღე გადიხართ ქუჩებში მეგობართან ერთად? რა არეალს მოიცავს ეს სივრცე?
დიახ, ყოველ ღამე 12 საათზე გავდივართ ქუჩებში, ამ დროს ხალხიც აღარ არის და ცარიელია ქუჩები.
ყველანაირ  აპარატს – ჩასარიცხსა თუ გამოსატანს, ასევე ავტობუსის გაჩერებებს და სკვერებში დასაჯდომ ადგილებს ვასუფთავებთ. ჯიქიას ქუჩიდან ვაჟა-ფშაველაზე, დელისამდე ჩამოვდივართ, ასევე ნუცუბიძეზე და ქავთარაძეზე რაც კი რამეა, ყველაფერს ვწმენდთ. ასევე ძირს დაყრილ ნაგავს პარკებში ვათავსებთ. გზაში, სადაც ნაგავი გვხვდება, ყველაფერს ვასუფთავებთ.
ჩემი მეგობარი თორნიკე მღებრიშვილი ასევე სტუდენტია. ილიას უნივერსტეტის საერთაშორისო ურთიერთობებზე სწავლობს.
ხსნარს თვითონ ყიდლობთ ალბათ
– დიახ, თავიდან ვიყიდეთ და შემდეგ უკვე ჩვენით ვამზადებთ. რამდენიმე უცნობი ადამიანიც დამიკავშირდა და გვაჩუქეს ხსნარები, რისთვისაც დიდი მადლობა მათ.
 თბილისის სხვადსხვა უბანში სტუდენტმოხალისეებს რომ მიებაძათ თქვენთვის, ურიგო არ იქნებოდა…
– ძალიან გაგვიხარდება, თუ შემოგვიერთდებიან და თავიანთ უბნებს ჩაუტარებენ დეზინფექციას.
თქვენი ოჯახი როგორ შეხვდა ამ ინიციატივას?
– დადებითად, რა თქმა უნდა. ოჯახში მხოლოდ მე და დედა ვართ. დედაჩემი პროფესიით პედაგოგია.
ჰობი?
– ვარჯიში, კითხვა და ფაზლების აწყობა.
რას შეცვლიდით თქვენ ირგვლივ?
– ვისურვებდი, რომ ხალხი მეტი სიფრთხილით მოეკიდოს კორონავირუსს, გაუფრთხილდნენ საკუთარ თავსაც და სხვებსაც.
სწავლობთ და მუშაობთ პარალელურად. მომავალში სად ხედავთ თქვენ თავს?
– უნივერსიტეტს რომ დავამთავრებ, პროფესიიდან გამომდინარე, სარეაბილიტაციო ცენტრში რეაბილიტოლოგად ვაპირებ მუშაობას.
თქვენ  მოხალისეობრივ საქმიანობა რამდენ ხანს გააგრძელებთ?
– სადამდეც საჭიროდ ჩავთვლით და ძალა შეგვრჩება…

 

თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები