ციხე-კოშკების რეაბილიტაცია, განახლებული საბავშვო ბაღები- 2019 წელს დუშეთში მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა

2019 წელს , ქალაქ დუშეთში და მუნიციპალიტეტში შემავალ ადმინისტრაციულ ერთეულებში საგანმანათლებლო, სამედიცინო, ტურისტული და საგზაო ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერის მიზნით,  სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამა და პროექტი განხორციელდა.

სოფელ ბულაჩაურში განახლებული საბავშვო ბაღი გაიხსნა, რომელიც დუშეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის რიგით მეთვრამეტე ფილიალია. შენობა რეაბილიტირდა თანამედროვე სტანდარტებით, აღიჭურვა შესაბამისი ინვენტარით, მოეწყო საძინებელი, კვების ბლოკი და სველი წერტილები. მისი მოწყობის სამუშაოები დუშეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა. სკოლამდელი აღზრდის ფილიალები გაფართოვდა სოფელ არაგვისპირსა და დაბა ჟინვალშიც, რის შედეგადაც ამჟამად აღნიშნული ფილიალები ორ ჯგუფზეა გათვლილი.

ქალაქ დუშეთსა და დაბა ფასანაურში ჯანდაცვის თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით, სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრები აშენდა, რომელთა ინვენტარით აღჭურვაც 2020 წელს იგეგმება. პროექტი დაფინანსებულია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, მისი საერთო ღირებულება 402 898 ლარს შეადგენს.

2019 წელს სოფელ ციხისძირში მოეწყო ახალი სკვერი, ხოლო რეაბილიტაცია ჩაუტარდა დაბა ჟინვალში არსებულ სკვერს. განხორციელებული სამუშაოების შედეგად სრულად განახლდა ინფრასტრუქტურა და დასასვენებელი სივრცეები გაკეთდა. ციხისძირის პარკში მინი სტადიონი და საბავშვო ატრაქციონებიც მოეწყო. სკვერების სარეაბილიტაციო-კეთილმოწყობის სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა. პროექტების ჯამური ღირებულება 300 000 ლარს აღემატება.

2019 წელს ციხე-სოფელი მუცოს რეაბილიტაციის პროექტმა ევროპული მემკვიდრეობის პრიზი – „ევროპა ნოსტრას“ ჯილდო მოიპოვა, რომელსაც დუშეთის მუნიციპალიტეტში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო 2014 წლიდან ახორციელებს. რეაბილიტაციის შედეგად მკვეთრად გაუმჯობესდა არქიტექტურული ნაგებობების სტრუქტურული სტაბილურობა, რამაც საცხოვრისების ათვისების ხელსაყრელი შესაძლებლობები შექმნა. შენობები ადაპტირებულია თანამედროვე მოთხოვნებთან, რაც ძირითადი ინფრასტრუქტურული პრობლემების – ელექტროენერგიის მიწოდებისა და კომუნიკაციების მოწესრიგებას გულისხმობს. კომპლექსის რეაბილიტაციის შემდგომ, მუცოში გაჩნდა უკუმიგრაციის და ეკონომიკური განვითარების მყარი საფუძვლები. სოფელში მუდმივმაცხოვრებლად უკვე დასახლდა სამი ოჯახი. ეროვნული სააგენტოს მიერ მუცოში ამოქმედდა მუზეუმ-ნაკრძალი;

გრძელდება ჟინვალი-ბარისახო შატილის და როშკა-არხოტის გზის რეაბილიტაცია.  პროექტის გულისხმობს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობას მუცომდე და მიმდებარე სოფლებამდე. დაგეგმილია გუდამაყრის ხეობასთან დამაკავშირებელი გზის მოასფალტება.

დუშეთის მუნიციპალიტეტში, 2019 წელს აშენდა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა ამბულატორიებს სოფლებში – ახიელი, შუაფხო, შატილი, ბარისახო, ბაზალეთი, მჭადიჯვარი, გრემისხევი და ქვეშეთი. პროექტები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ დააფინანსა. შესრულებული სამუშაოების ჯამური ღირებულება დაახლოებით 300 000 ლარს შეადგენს.

სხვა განხორციელებული პროექტების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები